2008 წელს გერმანია მიიჩნევდა, რომ საქართველოსთან ომის დაწყებით, რუსეთმა „რუბიკონი“ გადალახა და ეს ფაქტი მოსკოვისთვის არასასურველი შედეგების მომტანი გახდებოდა;
კანცლერი ანგელა მერკელი კი ამტკიცებდა, რომ საქართველოზე თავდასხმით რუსეთმა უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში ნაგროვები ნდობა სრულად დაკარგა;
საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი 6-პუნქტიანი შეთანხმების შეუსრულებლობის გამო, რუსეთის პრეზიდენტს, დიმიტრი მედვედევს რუსეთ-ევროკავშირის სავაჭრო შეთანხმებების გაყინვით ემუქრებოდა, - ეს მხოლოდ მცირე ამონარიდები იმ მასალებიდან, რომელიც Wikileaks-მა გამოაქვეყნა - საფრანგეთსა და გერმანიაში აშშ-ის ელჩების მიერ შედგენილი დოკუმენტების სახით.
2008 წლის 12 აგვისტოს გერმანიაში აშშ-ის ელჩის მიერ შედგენილი ტელეგრამიდან ირკვევა, რომ ბერლინი საჯაროდ რუსეთის ქმედებების მძაფრ კრიტიკას ერიდებოდა და ელოდა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრისა და პრეზიდენტის მოსკოვში ვიზიტის შედეგებს. თუმცა, აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელთან საუბრისას გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი აცხადებდა, რომ რუსებმა „რუბიკონი“ გადალახეს და ევროკავშირს შესაბამისი ზომები უნდა მიეღო.
იგი აშშ-ის საელჩოს წამომადგენელს არწმუნებდა, რომ გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის 2008 წლის 15 აგვისტოს, სოჭში, დიმიტრი მედვედევთან დანიშნული შეხვედრა, სწორედ, საქართველოს თემას მიეძღვნებოდა.
2008 წლის 12 სექტემბერს გერმანიაში აშშ-ის საელჩოს მიერ შედგენილ ტელეგრამაში აღნიშნულია, რომ ბერლინი საქართველოს ყველა საშუალების გამოყენებით ეხმარებოდა. გერმანიამ პირობა დადო, რომ საქართველოში ევროკავშირის სადამკვირებლო მისიაში გერმანელი კონტინგენტი მნიშვნელოვანი ნაწილს დაიკავებდა.
ერთ-ერთი ტელეგრამის მიხედვით ირკვევა, რომ გერმანიას ეუთოს ეგიდით „აგვისტოს ომის“ გამომწვევი მიზეზების დამდგენი კომისიის შექმნა სურდა და, მართალია, ინიციატავა საჯაროდ გააჟღერდა, მაგრამ პოლიტიკურ სიტუაციიდან გამომდინარე მის შესაქმნელად გერმანია არაფერს აკეთებდა.
„გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის სტეინმეიერის თქმით, გერმანელი საზოგადოების მნიშვნელოვან სეგმენტს სჯერა, რომ გერმანია საქართველოს მიმართ „ზედმეტად მეგობრულადაც“ კი იქცევა... სწორედ ამიტომ, მისი აზრით, მსგავსმა გამოძიებამ შესაძლოა, რეგიონის დახმარების მცდელობა უშედეგო გახადოს“, - ვკითხულობთ ტელეგრამაში.
2008 წლის 18 აგვისტოს საფრანგეთში აშშ-ის ელჩის მიერ შედგენილი ტელეგრამის მიხედვით, საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი და საგარეო საქმეთა მინისტრი ბერნარ კუშნერი მიიჩნევდნენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში არსებული რთული ვითარება არ მოგვარდებოდა, მთელს პროსტსაბჭოთა სივრცეში ანალოგიური პრობლემები იჩენდა თავს.
21 აგვისტოთი დათარიღებულ დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა კუშნერი „კუთხეში მიიმწყვდია“ და აიძულებდა, რომ 6-პუნქტიან შეთანხმებაში რუსეთის სტატუსი ჩაწერილიყო არა როგორც კონფლიქტის მხარე, არამედ, როგორც შეთანხმების ერთ-ერთი გარანტორი.
ამავე დოკუმენტის მიხედვით, ნიკოლა სარკოზი, 6-პუნქტიანი შეთანხმების შეუსრულებლობის გამო, რუსეთის პრეზიდენტს დიმიტრი მედვედევს რუსეთ-ევროკავშირის სავაჭრო შეთანხმებების გაყინვით ემუქრებოდა, ხოლო, თავის მხრივ, მედვედევი აცხადებდა, რომ სარკოზის მუქარა მოსკოვს არ აშინებდა, რადგან, მისი თქმით, თუ რუსეთს საერთაშორისო იმიჯსა და ეროვნული ინტერესების დაცვას შორის არჩევანის გაკეთება მოუწევდა, კრემლი ამ უკანასკნელს ყველა საშუალების გამოყენებით დაიცავდა.
პარიზში აშშ-ის საელჩოს მიერ „აგვისტოს ომის“ შესახებ შედგენილი თითქმის ყველა დოკუმენტიდან ცხადი ხდება, რომ საფრანგეთი რუსეთის მიერ 6-პუნქტიანი შეთანხმების პირობების შესასრულებლად მოსკოვზე მნიშვნელოვან ზეწოლას ახდენდა.
გარდა ამისა, ფაქტია, რომ ფრანგი, ისევე როგორც გერმანელი დიპლომატები შექმნილ სიტუაციას ზედმიწევნით ზუსტად აანალიზებდნენ და ღიად აცხადებდნენ, რომ საქართველოში დაწყებული ომით, კოსოვოს აღიარებისთვის, მოსკოვი სამაგიეროს უხდიდა არა საქართველოს, არამედ დასავლეთს.