მიხეილ სააკაშვილმა უკრაინულ გამოცემა segodnya.ua-ს ინტერვიუ მისცა. პრეზიდენტი ამბობს, რომ 26 მაისის აქციის დაშლის შესახებ ბრძანების გაცემას არ ნანობს. მისი თქმით, მთავრობას სხვა გამოსავალი არ ჰქონდა.
„მიმაჩნია, რომ სწორად მოვიქეცით. პროვოკატორების ჯგუფი, რომელიც საზღვარგარეთიდან ფინანსდება და ელექტორატის მიზერული, 1%-ზე ნაკლები მხარდაჭერა აქვს, გამოდის ქუჩაში და გეუბნება – დამოუკიდებლობის 20 წლისთავის აღნიშვნის უფლებას არ მოგცემთ და მორჩა.
რა უნდა გვექნა? უნდა გამოგვეყენებინა მინიმალური ძალა. მიტინგის დაშლისას არც ერთ პოლიციელს იარაღი არ ჰქონია და მადლობა ღმერთს, რომ ასე იყო. უცნობია, როგორ მოიქცეოდა პოლიცია მას შემდეგ, რაც მომიტინგეები ავტომობილებში ჩასხდნენ და რამდენიმე სამართალდამცავს გადაუარეს. ერთ-ერთი მათგანი დაიღუპა, სხვები საავადმყოფოებში აღმოჩნდნენ“.
მისივე თქმით, ყოველი ასეთი ფაქტის არსებობის შემთხვევაში პოლიცია იძულებულია ჩაერიოს, თუმცა, მათი ყველა ქმედება დოკუმენტირებული და შესწავლილი გვაქვს:
„ყოველ ჯერზე ჩვენი პოლიციელების მომზადების დონე იზრდება. ჩვენ მათ ვასწავლით. ამჯერად ისინი გაცილებით პროფესიონალურად მოქმედებდნენ, ვიდრე 2007 წელს. თუკი მომავალ წელსაც ასეთი რამ იქნება და, ალბათ იქნება, რადგან ეს ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში ხდება, ისინი გაცილებით პროფესიონალურად იმოქმედებენ“.
ჟურნალისტის კითხვას, რას წარმოადგენს დღეს მისთვის ოპოზიციის ლიდერი და „ვარდების რევოლუციის“ დროს მისი ყოფილი თანამებრძოლი ნინო ბურჯანაძე – ქალს, მტერს თუ იმედგაცრუებას, მიხეილ სააკაშვილი პასუხობს, რომ იმედგაცრუებული არ არის. პრეზიდენტის თქმით, ნინო ბურჯანაძე მათ გუნდში ყოფნის დროსაც სუსტი მხარდაჭერით სარგებლობდა:
„მისი, როგორც სხვების, პრობლემა ისაა, რომ ჩვენი ღირებულებები არ დაემთხვა. ბურჯანაძის საქმიანობა დაკავშირებული იყო კომპრომისებთან, იმიტომ რომ ჩვენ „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ ლეგიტიმაცია გვჭირდებოდა. მას საკმარისად ბევრი შანსი ჰქონდა ამ ღირებულებებს შემოერთებოდა, თუმცა, ვერ შეძლო.
ეს ადამიანს ან აქვს, ან – არა. ღირებულებები ძალიან კონკრეტულია – ფული და პირადი კარიერა არაფერს ნიშნავს. პირველ ადგილზეა ქვეყანა – მისი მომავალი და რეფორმები. ვინც ამ ღირებულებას არ უერთდება, ის ფსკერზე რჩება. ეს მიუთითებს, რომ ჩვენ არანაირი კლანი არ გვაქვს და არ ვართ ხელისუფლებაში იმისთვის, რომ გვქონდეს წილები გარკვეულ დაწესებულებებში, ან ერთად ჩავიდინეთ ისეთი რამ, რომ ერთმანეთს ხელი დავაფაროთ“.
მისივე თქმით, ამას ქართველი ამომრჩეველი ხედავს და შესაბამისად რეაგირებს:
„ხალხის სიტყვა ბევრად ბრძნულია, ვიდრე ნებისმიერი ჩვენგანის, კოლექტიურად. მთელს მსოფლიოში და მათ შორის ჩვენთანაც, ბევრ პოლიტიკოსს აქვს ილუზია, რომ ერი შეიძლება მოატყუოს ან გაამასხარაოს და ის ამას გადაყლაპავს.
ჩვენთან ეს არ გამოვა საზოგადოებრივი მენტალიტეტის და განათლების გამო და ძალიან რთულია, ხალხს სწორი კურსიდან გადაახვევინო. თუ არ გაფასებენ, ამის მიზეზი საკუთარ თავში უნდა ეძებო“.
ჟურნალისტი ინტერესდება ცნობილია თუ არა პრეზიდენტისთვის ბადრი ბიწაძის ადგილსამყოფელი, რომელსაც ქართულმა სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
პრეზიდენტი პასუხობს, რომ ამ საკითხზე ცოტას ფიქრობს, რადგან ქვეყანა გაცილებით მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას.
მისივე თქმით, „კორუფციასთან მიმართებაში უცერემონიოდ ვიქცევით
და „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ გასამართლდნენ როგორც წინამორბედი, ასევე მოქმედი მთავრობის მაღალჩინოსნები“:
„მათ შორის იყვნენ მინისტრები, მათი მოადგილეები და ქალაქების მერები. ასევე, პარლამენტის ოთხი დეპუტატი მმართველი პარტიიდან, ჩემი ყოფილი მრჩევლები, ადამიანები, რომლებსაც ვენდობოდი და პატივს ვცემდი. ეს პატარა საქართველოსთვის ძალიან ბევრია. ჩვენ ყველას ერთნაირად მივუდექით – დააკავეს, ე.ი პასუხი უნდა აგოს“.
გარდა ამისა, პრეზიდენტის თქმით, კორუფციაში მხილებულებს თავიანთი ქონების სახელმწიფო ბიუჯეტისთვის „განაწილებაც“ მოუწიათ:
„წინა მთავრობის თითქმის ყველა წარმომადგენელი სახელმწიფო ბიუჯეტში დიდი ფულადი კომპენსაციის გადახდის სანაცვლოდ გათავისუფლდა. მაგალითად, ჩვენ დიდი საპენსიო დავალიანება გვქონდა. ედუარდ შევარდნაძის სიძის დაკავების შემდეგ ჩვენ სამი თვის საპენსიო დავალიანების გასტუმრება შევძელით. რკინიგზის დეპარტამენტის ხელმძღვანელმაც სახელმწიფო ბიუჯეტში ათობით მილიონი გადაიხადა. კონტროლის პალატის თავმჯდომარე აგარაკის გარეშე დარჩა. იქ ახლა უსახლკაროთა და ღარიბთა პანსიონია“.
თუმცა, სააკაშვილის თქმით, ასეთი რბილი ზომები მხოლოდ „ყოფილებთან“ მიმართებაში მიიღეს: „ჩვენი გუნდის კორუმპირებულებს სასჯელის მკაცრი ზომები შეეფარდათ. ბევრი მათგანი დაპატიმრებულია“.
ჟურნალისტმა პრეზიდენტს პირადი ფოტორეპორტიორის, ირაკლი გედენიძის დაკავების ფაქტი შეახსენა და აღნიშნა, რომ რუსეთის სასარგებლოდ მისი ჯაშუშობა არადამაჯერებლად ეჩვენება. სააკაშვილის განცხადებით, ის, რომ საქართველოს წინააღმდეგ მუშაობა მიმდინარეობს, ყველამ იცის: „დღეს ჯაშუშები არ არიან ისინი, ვინც წყალქვეშა ნავებით გადაადგილდება, ან პარაშუტით ხტება“.
კითხვას, იყო თუ არა ირაკლი გედენიძე მისი ახლო მეგობარი, პრეზიდენტი პასუხობს, რომ ყველა თანამშრომელთან კოლეგიალური ურთიერთობა აქვს:
„ჩვენ მათ ძალიან ვენდობით და არ ვუთვალთვალებთ. უბრალოდ, ისე მოხდა, რომ ის რიგითი სამუშაოს დროს კონტრდაზვერვამ დააკავა. ჩვენ კარგი კონტრდაზვერვა გვყავს. ჩვენ ამ სტრუქტურაში შევკრიბეთ ახალგაზრდები და მივიღეთ პატარა, თუმცა, ძალიან ეფექტური სამსახური. ისინი მუშაობენ რისკის ფასად, არასტანდარტული მეთოდებით, მაგრამ მე ვიტყოდი, ეფექტურად“.
„მაგალითად, აკავებენ ფოტორეპორტიორებს“... ამბობს ჟურნალისტი და მიხეილ სააკაშვილი პასუხობს, რომ „ირონია ამ შემთხვევაში უადგილოა“:
„როგორ ფიქრობთ, როგორი ინფორმაცია სჭირდება უცხო ქვეყნის სამსახურს? ძალიან უბრალო – ვინ მიდის და ვინ მოდის. როდესაც მუდმივად გაწვდიან ყოფით მონაცემებს, თავს ინფორმირებულად გრძნობ. თუნდაც, განსაკუთრებული საიდუმლოები არ იცოდე. როდესაც ჩვენი დაზვერვა სადმე მუშაობს, ჩვენც ასეთსავე რუტინულ ინფორმაციას ვაგროვებთ და არა რაღაც სკანდალურ საიდუმლოებს. გაუშიფრავი საიდუმლო მსოფლიოში უკვე აღარ დარჩა“.
საგარეო პრიორიტეტებზე საუბრისას, სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ ადრე თუ გვიან საქართველოც და უკრაინაც ნატოს წევრები გახდებიან: „აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ადრე თუ გვიან საქართველოც და უკრაინაც ჩრდილოატლანტიკური ალინსის წევრები გახდებიან და მე მიმაჩნია, რომ ეს იმაზე გაცილებით ადრე მოხდება, ვიდრე ზოგიერთს წარმოუდგენია“, – აცხადებს პრეზიდენტი და დასძენს, რომ საქართველო ამ გზაზე 2012 წელს მნიშვნელოვან წინსვლას აჩვენებს:
„დაგეგმილია სამიტი ჩიკაგოში, რომელიც იმედს ვიტოვებ, რომ ჯეროვნად შეაფასებს საქართველოს მიღწევებს რეფორმების თვალსაზრისით. პროგრესი კი სახეზეა. ჩემი განწყობა რეალისტურიც არის და იმავდროულად ოპტიმისტურიც. ცხოვრებამ მაჩვენა, რომ უკიდურეს ოპტიმიზმში არ უნდა გადავარდე, მაგრამ რეალურად ძალიან კარგი შანსი არსებობს“, – აცხადებს სააკაშვილი და აღნიშნავს, რომ რა თქმა უნდა ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული მსოფლიო პროცესებზე, რომლებიც ნებისმიერი მიმართულებით შეიძლება განვითარდეს:
„ძალიან ოპტიმისტური სცენარიც მაქვს და ძალიან პესიმისტურიც, მაგრამ მე როგორც ყოველთვის პოზიტივზე ვარ კონცენტრირებული“.