ექსპერტი რამაზ საყვარელიძე თვლის, რომ მიხეილ სააკაშვილის განცხადებამ, რომელიც მან გუშინ ტელეეთერით ციხეებში პატიმართა წამებისა და გაუპატიურების კადრების გავრცელების შემდეგ გააკეთა, პრეზიდენტმა ამ ნაბიჯით იქ დარჩენილი პატიმრები შურისძიებისგან იხსნა და ეს უკვე კარგია.
„პრეზიდენტმა ამ ნაბიჯით იქ დარჩენილი პატიმრები შურისძიებისგან იხსნა და ეს უკვე კარგია. ზედამხედველების შეცვლით ცხადია, რომ ციხეებში აქამდე არსებული სიტუაცია არ გაგრძელდება, თუმცა ძნელია იმის დათანხმებაც, რომ გლობალურად ამ მხრივ, საქართველოში მდგომარეობა შეიცვლება. პრეზიდენტს თავის გამოსვლაში ისიც კი არ უხსენებია, აკმაყოფილებს თუ არა ის კალმახელიძის მოთხოვნას გადადგომის შესახებ და მოხდება თუ არა გარკვეულ ადამიანთა პასუხისგება, არ უხსენებია თუნდაც ის, რაც ბოკერიამ განაცხადა - რომ დამნაშავენი ვართ, რომ აქამდე ციხეებში არსებულ მდგომარეობას ყურადღება არ მივაქციეთ. ეს სიტყვები იმ ბოკერიასგან გაისმა, რომელმაც ცეცხლით და მახვილით აიღო გლდანის ეკლესია . არადა, ჩვენ ვიცით, რა მდგომარეობა იყო საქართველოს პენიტენციალურ სისტემაში,ამაზე საუბარი დიდი ხანია მიმდინარეობს. ეს უყურადღებობა კი უკვე დანაშაულია, ეს დანაშაულია არა მარტო კალმახელიძის დონეზე, არამედ მთელი ვერტიკალის, პრეზიდენტიდან დაწყებული. პრეზიდენტის საუბარში ეს სინანული არ ყოფილა და მე სიმართლე გითხრათ გამიკვირდა და გული დამწყდა“,-აცხადებს საყვარელიძე.
ექსპერტის განცხადებით, სადიზმი არ არის დღეს საქართველოს ციხეებში არსებული პრობლემების კვანძი, მთელი გერმანია სადისტი არ იყო, ისინი იმ სისტემამ გახადა სადისტები, რომელიც ნაცისტურ გერმანიაში 30-იან წლებში შეიქმნა.
„რაც შეეხება გამოძიების ჩატარებას, პრეზიდენტის პირველივე ფრაზები უნდობლობას იწვევს. ისევ გაისმა შეთქმულების თეორია, ისევ გაისმა ის, რომ ვიღაცამ გამოიყენა მათი სადიზმი და აქცენტი სადიზმზე გადავიდა. მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, სადიზმი არ არის ამ პრობლემის კვანძი, ამდენი სადისტი არ არსებობს, თუ მათ სისტემა არ უწყობს ხელს, რომ გახდნენ სადისტები. მთელი გერმანია სადისტი არ იყო, იმ სისტემამ, რომელიც ნაცისტურ გერმანიაში 30-იან წლებში შეიქმნა, გახადა ისინი ნაცისტები. სამწუხაროდ, დღეს ისევ ორ მნიშვნელოვან განსხვავებას ვხედავთ- ძალისმიერ სტრუქტურებში სადიზმს და პარტიის მცდელობას აიცდინოს პასუხისმგებლობა“,-აღნიშნავს საყვარელიძე.
რაც შეეხება იმას, იყო თუ არა გუშინ ტელევიზიების მიერ გახმაურებული კადრები, რომლებიც ციხეებში პატიმართა წამებისა და გაუპატიურების ფაქტებს ასახავდა დარტყმა „ნაციონალური მოძრაობისთვის“, მაშინ როდესაც არჩევნებამდე 11 დღე რჩება, ექსპერტი აცხადებს, რომ იყო. „ყველა პროცესი შეჩერდა საქართველოში. ხემ ხედავთ, ლაზიკაშიც კი არ წავიდა პრეზიდენტი“,-აცხადებს რამაზ საყვარელიძე.