გიორგი თარგამაძე: პატიმართა უფლებების დამრღვევი პირები სამაგალითოდ უნდა დაისაჯონ

გიორგი თარგამაძე: პატიმართა უფლებების დამრღვევი პირები სამაგალითოდ უნდა დაისაჯონ

„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის გიორგი თარგამაძის განცხადებით, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმართა მიმართ  არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე პასუხისმგებლობა  „ნაციონალურ მოძრაობას“ ეკისრება.

თარგამაძის განცხადებით, გლდანის მე-8 საპყრობილეში მომხდარი ფაქტები პატიმრების უფლებების უხეში დარღვევის კუთხით,  პირველი შემთხვევა არაა, რასაც ასევე,  ნათლად სახალხო დამცველის დასკვნაც ასახავს.

თარგამაძე მიიჩნევს, რომ პატიმართა უფლებების დამრღვევი პირები სამაგალითოდ უნდა დაისაჯონ. ასევე,  დაუყოვნებლივ უნდა აღიძრას მათი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი.

თარგამაძის განცხადებით, „ქრისტიან-დემოკრატები“  საქართველოს პარლამენტში ოთხი წლის განმავლობაში განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებდენ პატიმართა უფლებების დარღვევის შემზარავ ფაქტებზე და არაერთხელ დააყენეს სასჯელაღსრულების მინისტრის იმპიჩმენტის საკითხი.

„კალმახელიძისთვის მინისტრის სკამის შენარჩუნების გამო,  „ნაციონალურმა მოძრაობამ“   თავად აიღო პოლიტიკური პასუხისმგელობა იმ კრიმინალზე, რაც დღეს ციხეებში ხდება. მართალია, ორი კვირა დარჩა არჩევნებამდე და კალმახელიძეს მაინც მოუწევს მინისტრის თანამდებობის დატოვება, თუმცა, წესით აღნიშნული ფაქტიდან გამომდინარე, იგი თავად უნდა მიხვდეს და დაუყოვნებლივ დატოვის თანამდებობა“, - განაცხადა  თარგამაძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა გუშინ გლდანის მე-8 საპყრობილეს უსაფრთხოების განყოფილების უფროსი,  განყოფილების კონტროლიორი და განყოფილების ინსპექტორი დააკავეს.

შსს-ს განცხადებით, დადგინდა, რომ ისინი, მათი გავლენის ქვეშ მყოფ რამდენიმე პირთან ერთად, წინასწარ შემუშავებული დანაშაულებრივი გეგმის შესაბამისად, პატიმრებს არაადამიანურად ეპყრობოდნენ და ამ პროცესს ვიდეოფირზე იღებდნენ.

შსს-მ აღნიშნულთან დაკავშირებით ვიდეომასალა გაავრცელა. კადრები გავრცელდა ასევე, ტელეკომპანია „მაესტროსა“ და „მე-9 არხის“ ეთერშიც,  სადაც პატიმრების წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებია ასახული.

ამასთან,  უნდა აღინიშნოს,  რომ სასჯელაღსრულების მინისტრმა ხათუნა კამლახელიძემ თანამდებობიდან გათავისულების მოთხოვნით,  პრემიერ-მინისტრს უკვე მიმართა. თანამდებობიდან უკვე გათავისუფლებულია სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსი დავით ჭაკუა.