"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" "მაესტროსა" და "მე-9 არხის" მიერ გავრცელებულ პატიმრების შეურაცხყოფის ამსახველ ვიდეომასალაზე ხელისუფლების მხრიდან ადეკვატურ რეაგირებას მოითხოვს . ამ საკითხთან დაკავშირებით ორგანიზაციამ განცხადება გაავრცელა.
„ტელეკომპანია მე-9 არხმა გაავრცელა გლდანის მე-8 საპყრობილეში პატიმართა წამების ახალი, უმძიმესი კადრები. "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" გმობს და უკიდურეს აღშფოთებას გამოთქვამს ამ შოკისმომგვრელი ფაქტების მიმართ და მოითხოვს დაუყოვნებლივ და ადეკვატურ რეაგირებას ხელისუფლების მხრიდან", - ნათქვამია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" განცხადებაში.
სასჯელაღსრულების გლდანის #8 დაწესებულებაში პატიმრების მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტების ამსახველი კადრები გუშინ გავრცელდა. საგანგებო განცხადება პირველად შსს-მ გააკეთა. სამინისტროს ინფორმაციით, პატიმართა მიმართ დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობის ფაქტების ორგანიზებაში "ქართული ოცნების" დედოფლისწყაროს მაჟორიტარობის კანდიდატის მამა, თამაზ თამაზაშვილი ფიგურირებს.
გუშინვე, პატიმრების წამების, ასევე ფიზიკური და მორალური შეურაცხყოფის ამსახველი უმძიმესი კადრები "მაესტრომ" და "მე-9 არხმა" გაავრცელეს. აღნიშნული კადრების ეთერში გასვლის შემდგომ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა უწყების სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე დავით ჭაკუა თანამდებობიდან გაათავისუფლა.