პატიმართა წამების გამო სხვადასხვა ქალაქში დაწყებული აქციები დღეს განახლდება

პატიმართა წამების გამო სხვადასხვა ქალაქში დაწყებული აქციები დღეს განახლდება

პატიმართა წამების ვიდეოკადრების გავრცელების შემდეგ სხვადასხვა ქალაქში დაწყებული საპროტესტო აქციები, დღეს განახლდება.

სავარაუდოდ აქცია თბილისში, ფილარმონიასთან 12.00 საათზე დაიწყება. აქციები, დაახლოებით, ამავე დროისთვის დაიწყება ქუთაისში, ფოთში, რუსთავში, ზუგდიდში, ბათუმსა და სხვა ქალაქებშიც.

როგორც თბილისის აქციის ორგანიზატორებმა განაცხადეს, იმ შემთხვევაში, თუ 12.00 საათამდე სასჯელაღსრულებისა და შინაგან საქმეთა მინისტრები თანამდებობებს არ დატოვებენ, ისინი პერმანენტულ საპროტესტო აქციებს გამართავენ. მათივე თქმით, მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში აქცია სასჯელაღსრულების სამინისტროსთან გადაინაცვლებს.

საპროტესტო აქციები თბილისსა და სხვა ქალაქებში გუშინ, სასჯელაღსრულების გლდანის #8-ე დაწესებულებაში პატიმრების მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ დაიწყო. თავდაპირველად საგანგებო განცხადება შსს-მ გააკეთა. სამინისტროს ინფორმაციით, პატიმართა მიმართ დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობის ფაქტების ორგანიზებაში „ქართული ოცნების" დედოფლისწყაროს მაჟორიტარობის კანდიდატის მამა, თამაზ თამაზაშვილი ფიგურირებს.

პატიმრების წამების, ასევე ფიზიკური და მორალური შეურაცხყოფის ამსახველი უმძიმესი კადრები "მაესტრომ" და "მე-9 არხმა" გაავრცელეს. აღნიშნული კადრების ეთერში გასვლის შემდგომ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა უწყების სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე დავით ჭაკუა თანამდებობიდან გაათავისუფლა.

რაც შეეხება საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილმა გვიან ღამით საგანგებო განცხადება გააკეთა. მიხეილ სააკაშვილის თქმით, კადრების ხილვის შედეგად ძალიან გაბრაზებული და სულით ხორცამდე შოკირებულია.