საქართველოს სახალხო დამცველი მთავარი პროკურორისგან ტელეკომპანია „მაესტორსა“ და „მეცხრე არხის“ მიერ გავრცელებულ ვიდეოჩანაწერებში ასახულ ფაქტებში მონაწილე ყველა ბრალდებული პირის დროულად იდენტიფიცირებისა და სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით ეფექტური ღონისძიებების გაატარებას მოითხოვს.
ამის შესახებ სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხაადებაშია ნათქვამი, სადაც აღნიშნულია, რომ გავრცელებული კადრებში მოცემული ფაქტები დამთრგუნველი და აღმაშფოთებელია და ადასტურებს სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომელთა მიერ კონკრეტული დანაშაულთა ჩადენას. ამიტომ ყველა პასუხისმგებელი პირის მიმართ სისხლის სამართლის საქმის დაწყებას ითხოვს და აღნიშნულია, რომ აუცილებელია გამოძიების დასრულებამდე სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩერდეს ყველა იმ მოხელეს, რომელიც დანაშაულის ჩადენის მომენტისათვის მუშაობდა #8 დაწესებულებაში.
განცხადებას From.ge უცვლელად გთავაზობთ:
„2012 წლის 18 სექტემბერს ტელეკომპანია მაესტროს ეთერით, გადაცემა „სუბიექტურ აზრში“ გავრცელდა ვიდეოჩანაწერი, რომელზეც ასახულია სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომელთა მიერ პატიმართა ცემის ფაქტები. ვიდეოჩანაწერზე სავარაუდოდ ასახულია გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმართა მიღებისა და განაწილების პროცესი, რა დროსაც სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომლები ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ პატიმრებს.
ამავე დღეს, ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ ეთერში საინფორმაციო გამოშვებაში „ახალი 9“ გავრცელდა ვიდეოჩანაწერი, სადაც ასახულია სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმართა მიმართ სექსუალური ძალადობის ფაქტები.
ასევე გავრცელდა მორიგი ვიდეო ჩანაწერი, სადაც პატიმრების მიმართ არაადამიანური და ღირსების შემლახავი ფაქტებია ასახული. ჩანაწერში ნათლად ჩანს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომელი, რომელიც უშალოდ მონაწილეობს პატიმრის მიმართ უკანონო მოპყრობაში. აღნიშნული პირი სავარაუდოდ არის ვინმე ოლეგი, რომელიც როგორც უფლებადამრღვევი მოხსენიებულია სახალხო დამცველის 2010 წლის საპარლამენტო ანგარიშში, სადაც მოვუწოდებდით შესაბამის უწყებებს რეაგირება მოეხდინათ ჩვენს ხელთ არსებულ ინფორმაციაზე.
გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულება ყოველთვის გამოირჩეოდა პატიმართა უფლებების უგულებელყოფისა და დარღვევის სიმრავლით. ჩვენ არაერთ ანგარიშში მივუთითებდით ამ დაწესებულებაში პატიმართა მიმართ არაადამიანური მოპყრობისა და ღირსების შემლახავი ფაქტების შესახებ, თუმცა სამწუხაროდ ყველა ასეთი ფაქტი ძირითადად სათანადო რეაგირების გარეშე რჩებოდა საგამოძიებო ორგანოებისა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის პასუხისმგებელი პირების მიერ, რაც მსგავსი დანაშაულის წახალისების სტიმულად იქცა.
მივიჩნევ, რომ გავრცელებული კადრებში მოცემული ფაქტები დამთრგუნველი და აღმაშფოთებელია და ადასტურებს სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომელთა მიერ კონკრეტული დანაშაულთა ჩადენას. აღსანიშნავია, ის გარემოებაც, რომ დაწესებულების ხელმძღვანელ პირთა თანხმობის (მათ შორის მდუმარე თანხმობის) გარეშე მსგავსი ქმედების ჩადენა შეუძლებელია. შესაბამისად მივიჩნევთ, რომ გამოძიებისას უნდა დადგეს დაწესებულების ხელმძღვანელ პირთა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხიც, მდუმარე თანხმობით ჩადენილ სამართალდარღვევას გამო.
გამომდინარე ზემოთქმულიდან, მივმართავ საქართველოს მთავარ პროკურორს, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება აღნიშნულ ფაქტზე და დროულად გატარდეს ეფექტური ღონისძიებები ბრალდებულთა იდენტიფიცირებისა და სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით. ამავდროულად მივიჩნევ, რომ აუცილებელია გამოძიების დასრულებამდე სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩერდეს ყველა იმ მოხელეს, რომელიც დანაშაულის ჩადენის მომენტისათვის მუშაობდა #8 დაწესებულებაში და დღესაც აგრძელებს სასჯელაღსრულების სისტემაში საქმიანობას“, - ნათქვამია განცხადებაში.