პატიმართა წამების ამსახველ ფაქტებს პრეზიდენტი საგანგებო განცხადებით გამოეხმაურა

პატიმართა წამების ამსახველ ფაქტებს პრეზიდენტი საგანგებო განცხადებით გამოეხმაურა

გლდანის მე-8-ე საპრობილეში პატიმართა წამების ამსახველი ფაქტების შესახებ გავრცელებული ვიდეომასალის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საგანგებო განცხადება გააკეთა. From.ge ამ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„ალბათ, იმ კადრების ხილვის შედეგად, რომელიც ტელევიზიებით ვრცელდება, როგორც ყველა თქვენგანი, მე ვარ ძალიან გაბრაზებული და მართლაც, სულით ხორცამდე შოკირებული.

ის, რაც მოხდა გლდანის ციხეში, არის შემზარავი აქტი მიმართული ადამიანის უფლებებისა და ადამიანის ღირსების წინააღმდეგ.

ყველა, ვინც ამის ორგანიზატორია, ყველა, ვინც ამის განმხორციელებელია, ყველა, ვინც ეს ჩაიდინა და ვინც ეს დაუშვა, უმკაცრეს, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, უმკაცრეს სასჯელს იმსახურებს.

პოლიციას უკვე დაკავებული ჰყავს ამ საშინელებების ჩამდენთა უმრავლესობა და დანარჩენებიც აუცილებლად წარსდგებიან მართლმსაჯულების წინაშე.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ადგენდა კავშირებს დამნაშავეებსა და კარგად ცნობილ კრიმინალურ ავტორიტეტებს შორის.

დღეს მინდა განვუცხადო ამ დანაშაულის ყველა მსხვერპლს, ოჯახის წევრებსა და მთლიანად საზოგადოებას, რომ საქართველოს, რომელსაც ჩვენ ვაშენებთ, რომელსაც მე ვაშენებ ყველასთან ერთად - ეს საქართველო არ მოითმენს არც მსგავს დანაშაულს და არც რაიმე კლიმატს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს რაიმე ამასთან მიახლოებული მოვლენაც კი.

არ მოითმენს სისასტიკეს, არ მოითმენს თავგასულობას, არ მოითმენს იმას, რაც, სამწუხაროდ, ჩვენ ყველამ ვიხილეთ.

მთელი ამ წლების განმავლობაში ჩვენ დანაშაულის, დამნაშავეთა სამყაროს, ორგანიზებული კრიმინალური ჯგუფების წინააღმდეგ იმისთვის არ გვიბრძოლია, რომ ყოველივე ამის შემდეგ, მას შემდეგ, რაც პოლიციაში ყველგან ამოვძირკვეთ წამება, ახლა უკვე პენიტენციურ სისტემაში ან ვინმე ორგანიზებული დანაშაულიდან აფათურებდეს ხელს.

ანდა კიდევ უარესი - თვითონ პენიტენციური სისტემის კრიმინალებად ქცეული თანამშრომლები მონაწილეობდნენ ამგვარი აქტის ჩადენაში ყველა იმ ღონისძიების შემდეგ, რომელიც ჩვენ ბოლო წლებში განვახორციელეთ.

ისინი, ვინც პასუხისმგებლები იყვნენ იმაზე, რომ ეს არ დაეშვათ, განთავისუფლებული იქნებიან თანამდებობებიდან; ხოლო ისინი, ვინც ყოველივე ეს ჩაიდინა - მე გაძლევთ სიტყვას - მრავალ წელს გაატარებენ ციხეში.

ასევე დაისჯებიან ისინი, ვინც მოქრთამა ბადრაგები, ან ვინც რამენაირად შეუწყო ხელი ამ ფაქტის ორგანიზებას, იმის ორგანიზებას, რამაც მიგვიყვანა ყოველივე ამის ჩადენამდე, ამ პრაქტიკის კონკრეტული შემთხვევების გამოვლინებამდე.

მთელი იდეა ახალი საქართველოსი არის უარყოფა და გამიჯვნა ძალადობისგან, ყოველივე იმისგან, რაც წარსულში ხდებოდა, როგორც ორგანიზებული დანაშაულის, ისე ძალადობის მხრივ, დამნაშავეებისა თუ სახელმწიფოს მხრიდან.

ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ, მთლიანად მოვიტოვეთ ყოველივე ეს უკან და ნამდვილად არ მოვითმენ იმის რეციდივებს, რომ რაიმე ფორმით ეს ხელახლა განმეორდეს ახალ საქართველოში, რომელსაც ჩვენ ყველანი ვაშენებთ.

მე დავავალე შესაბამის უწყებებს, იმოქმედონ სწრაფად, დაადგინონ ყველა დამნაშავე, დააკავონ, დააპატიმრონ და პასუხისგებაში მისცენ, უკლებლივ ყველა გამოიყვანოს სააშკარაოზე და მთელი ინფორმაცია სრული სახით წარუდგინონ ჩვენს საზოგადოებას, რომელიც ყოველიმე ამის ნახვის შემდეგ, სამართლიანად ითხოვს სახელმწიფო ორგანოებისგან პასუხს.

პირადად უზრუნველვყოფ იმას, რომ სამართალი განხორციელდეს და პირადად უზრუნველვყოფ იმას, რომ ამ სისტემაში ადამიანის უფლება იყოს დაცული, როგორც კრიმინალებისგან, ისე სისტემის ისეთი თანამშრომლებისგან, რომლებიც თავად მოქმედებენ ისე, როგორც ნამდვილი მაფიის წევრები.

მე ამას გავაკეთებ იმიტომ, რომ საქართველოში, რომელსაც ყველა ერთად ვაშენებთ, ყველა ადამიანს აქვს სამართლიანი, ღირსეული მოპყრობისა და მისი ადამიანური უფლებების ელემენტარული პატივისცემის უფლება, ასევე სახელმწიფოს მხრიდან მისი ადამიანობის მიმართ ძალიან ფაქიზი დამოკიდებულების უფლება.

ჩვენი სახელმწიფოებრიობა ეფუძნება ადამიანობის, ღირსების და ადამიანის უფლებების განუხრელ პატივისცემას და ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ მოვუღებთ ბოლოს ამ ძალადობას!“