კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ჯონდი ბაღათურიასთან მას მართლაც ჰქონდა მოლაპარაკებები და აღნიშნა, რომ თანამშრომლობის გაგრძელებაზე თვითონ ბაღათურიამ თქვა უარი. ამის შესახებ ივანიშვილმა დღეს თიანეთში , მოსახლეობასთან შეხვედრისას ოპოზიციურ პარტიებზე საუბრისას განაცხადა.
კოალიციის ლიდერის განმარტებით, მან ჯონდი ბაღათურიას შესთავაზა არჩევნებში კოალიციის სიით წარდგენილიყო, თუმცა მისგან უარი მიიღო და იქვე აღნიშნა, რომ „ამბობენ ბაღათურიამ კარგი ვაჭრობა იცისო“.
„არ ვიცი ჯონდი ბაღათურიას პარტიის სახელიც. ჯონდი ბაღათურია თითქოს ოპოზიციაში იყო. მე მას შევთავაზე ადგილი, როგორც შევთავაზე ნორმალურ პარტიებს – "სოციალ-დემოკრატებსა" და "მწვანეთა პარტიას". ის თანახმა იყო ყველაფერზე, ძალიანაც მოსწონდა. ორჯერ მე პირადად შევხვდი. უეცრად ახტა და გადახტა ეს კაცი და უარი თქვა. მასზე ამბობენ, რომ კარგი ვაჭრობა იცისო", - აღნიშნა ივანიშვილმა.
დღესვე მან კახა კუკავას შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ ჯონდი ბაღათურიას პარტიის მსგავსად კახა კუკავას პარტიის სახელიც არ იცის.