პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, კოალიცია მოსახლეობას არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე არჩევნების გაყალბებისგან დამცავ სისტემას წარუდგენს. ამის შესახებ კოალიციის ლიდერმა დღეს თიანეთში მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.
ივანიშვილმა შეკრებილ საზოგადოებას არჩევნებზე მისვლისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა და აღნიშნა, რომ არჩევნებზე ყველა ხმას თავისი ფასი ექნება.
„საქართველოს უახლეს ისტორიაში არასდროს არ ყოფილა, რომ ასეთი ძლიერი ოპოზიცია ყოფილიყოს და დაპირისპირებოდეს ხელისუფლებას. ჩვენ დღეს ჭეშმარიტად ძლიერი ოპოზიცია შევქმენით. ჩვენ დღეს ყველაზე დიდი შანსი გვაქვს გამარჯვების, მთელი საქართველო ცვლილებებს ელოდება და ჩვენი ხალხი აუცილებლად დამსახურებულ ხელისუფლებას მიიღებს.
ჩვენ ისეთ სახალხო ხელისუფლებას მოვიყვანთ, რომ ევროპასაც კი გავაოცებთ. ჩვენი კოალიციის ყველა წევრი გამზადებულია იმისთვის, რომ თქვენს სამსახურში ჩადგეს“, - განაცხადა ივანიშვილმა.
ივანიშვილის თქმით, არჩევნებთან დაკავშირებით ხელისუფლება ნიჰილიზმს თესავს.
„ახლა ახალ ჭორებს ავრცელებენ, რომ ხალხს არჩევნებზე მოსვლის ინტერესი დაუკარგონ, მაინც გავაყალბებთ არჩევნებსო. არჩევნებამდე ცოტა დრო რომ დარჩება, ჩვენ გაჩვენებთ ჩვენს სისტემას, ისეთი კარგი სისტემა გვაქვს მოფიქრებული, კომპლექსური, რომ ვერაფერს მოიპარავენ, იცოდეთ ყველა ხმას დავიცავთ“, - განაცხადა ივანიშვილმა.