ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებასთან დაკავშირებით, რამდენიმე შემთხვევაში სამართალდარღვევის ფაქტები გამოვლინდა.
აღნიშნულთან დაკავშირებით ცენტრალური საარჩევნო კომისია განცხადებას ავრცელებს. სადაც რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტს ასახელებს. განცხადებას From.ge უცვლელად გთავაზობთ:
„მიმდინარე წლის 13-16 აგვისტოს სხვადასხვა მედიასაშუალებებში გავრცელდა ინფორმაცია ადმინისტრაციული რესურსის არამიზნობრივად გამოყენების შესახებ. 17 აგვისტოს კი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უწყებათაშორისმა კომისიამ აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით ინფორმაცია ცსკ-ს შემდგომი რეაგირებისთვის მიაწოდა. 13 აგვისტოს გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლებისა და სოციალური განვითარების სამსახურის სპეციალისტის სამუშაო ოთახში გაკრული "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სააგიტაციო მასალებთან დაკავშირებული საქმე საარჩევნო ადმინისტრაციამ დეტალურად შეისწავლა და №12 გურჯაანის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით შემდგარი სამართალდარღვევის ოქმი გურჯაანის რაიონულ სასამართლოში გადაიგზავნა. ზემოაღნიშნული სამსახურის სპეციალისტი სასამართლოს გადაწყვეტილებით 1 000 ლარით დაჯარიმდა. გურჯაანის რაიონულ სასამართლოს ასევე გადაეგზავნა სამართალდარღვევის ოქმი სოფელ ჩალაუბანში 16 აგვისტოს ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის და სპეციალისტების სამუშაო ოთახებში აღმოჩენილ სააგიტაციო მასალებთან დაკავშირებით.
სასამართლოს გადაწყვეტილებით სოფელ ჩალაუბნის რწმუნებული 1 000 ლარით დაჯარიმდა. რუსთავის მერიის სამხედრო სამსახურის ხელმძღვანელის სამუშაო ოთახში განთავსებული ბეჭდვითი სააგიტაციო მასალების ფაქტთან დაკავშირებით, რუსთავის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით შემდგარი სამართალდარღვევის ოქმი რუსთავის საქალაქო სასამართლოში განსახილველად იქნა გადაგზავნილი, თუმცა სასამართლომ რუსთავის #20 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და ადმინისტრაციული სამართალწარმოების შეწყვეტის შესახებ დადგენილება მიიღო.
მიმდინარე წლის 31 აგვისტოს თელავის ადგილობრივმა ინტერნეტ-გამოცემა "კახეთის საინფორმაციო ცენტრმა" გაავრცელა ინფორმაცია (ასევე ფოტო და ვიდეო მასალა) ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან დაკავშირებით, რომლის თანახმად, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები სტიქიით დაზარალებული მოსახლეობისთვის სასურსათო დახმარებას არიგებდნენ. ცსკ-ის იურიდიული დეპარტამენტის წარმომადგენლებმა აღნიშნული დარღვევის ირგვლივ გამოქვეყნებული ინფორმაცია ადგილზე შეისწავლეს, რის საფუძველზეც თელავის №17 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ მიიჩნია, რომ მუნიციპალიტეტის გამგებელის მოადგილე ვაჟა ზუროშვილმა სამსახურეობრივი მდგომარეობა უკანონოდ გამოიყენა, რაც სამსახურეობრივად ან სხვაგვარად დამოკიდებული პირების აგიტაციაში უკანონოდ ჩაბმას გულისხმობს (აღნიშნული სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სტიქიით დაზარალებული მოსახლეობისთვის სურსათის დარიგების პროცესში საარჩევნო სუბიექტის ატრიბუტიკიანი ჩაცმულობის მქონე ახალგაზრდების მონაწილეობაში გამოიხატა). №17
თელავის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ შედგენილი სამართალდარღვევის ოქმი (საარჩევნო კოდექსის 88-ე მუხლის დარღვევა). საქმის მასალები და შუამდგომლობა გადაეგზავნა თელავის სასამართლოს, რომლის გადაწყვეტილებითაც თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე 2 000 ლარით დაჯარიმდა.
2012 წლის სექტემბრის დასაწყისში საინფორმაციო საშუალება "ინფო9"-ს მეშვეობით გავრცელდა ვიდეო-სიუჟეტი სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბისხევის ტერიტორიული ორგანოს ადმინისტრაციულ შენობაში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო შტაბის განთავსების შესახებ. ცსკ-ის იურიდიული დეპარტამენტის წარმომადგენელმა ინფორმაცია სავარაუდო სამართალდარღვევის შესახებ ადგილზე შეისწავლა.
ამასთან, ცსკ-ის წარმომადგენელი და №13 სიღნაღის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ტერიტორიული ორგანოს ადმინისტრაციული შენობის დათვალიერების მიზნით სოფელ ბოდბისხევში იმყოფებოდნენ; შედეგად, მასში საარჩევნო შტაბის არსებობა არ დადასტურდა. საინფორმაციო სააგენტო „ინფო9“-ს მიერ გავრცელებული ვიდეო-სიუჟეტიდანაც ადმინისტრაციულ შენობაში საარჩევნო შტაბის არსებობის რაიმე კვალი და მისი დამადასტურებელი სხვა რაიმე მტკიცებულება ასევე არ ირკვეოდა.
შესაბამისად, საქმის გარემოებების ადგილზე შესწავლისა და გადმოწმების შედეგად, ბოდბისხევის ტერიტორიული ორგანოს ადმინისტრაციულ შენობაში საარჩევნო შტაბის განთავსების გარემოება არ დადასტურდა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საარჩევნო კანონმდებლობით ადმინისტრაციულ შენობაში საარჩევნო შტაბის განთავსება არ იკრძალება, თუკი თანასწორად გამოყენების პრინციპი (შენობაში შესაძლებელია განთავსდეს ორი ან მეტი საარჩევნო სუბიექტის შტაბი მათი წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე) დაცული იქნება.
მიმდინარე წლის 7 სექტემბერს საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და 13 მუნიციპალიტეტის გამგეობების ოფიციალურ ვებ-გვერდებზე განთავსებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადება შემოვიდა.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნულ ვებ-გვერდებზე განთავსდა საარჩევნო სუბიექტის მხარდასაჭერი სააგიტაციო მასალა, რაც საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევას წარმოადგენს. საარჩევნო ადმინისტრაციამ ჩატარებული მოკვლევის შედეგად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენი პირები გამოავლინა. მათ მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები შედგა, რომლებიც კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით, შესაბამის რაიონულ სასამართლოებს დაუყოვნებლივ გადაეგზავნათ.
შესწავლის შედეგად, შესაბამისი ცამეტივე საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ დადგენილ იქნა საქართველოს ორგანული კანონის ",საქართველოს საარჩევნო კოდექსი" 48-ე მუხლის პირველი პუნქტის ",ბ" ქვეპუნქტის დარღვევა და ამავე კოდექსის 88-ე მუხლის შესაბამისად, 13 გამგეობისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლების მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები იქნა შედგენილი. სასამართლოების გადაწყვეტილებებით უკვე დაჯარიმებული არიან მესტიის, დმანისის, სამტრედიის, ახალქალაქის, ზუგდიდის გამეგეობებისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლები, ხოლო დანარჩენ საკითხებზე სასამართლოებს ჯერ არ უმსჯელიათ.
მიმდინარე წლის 10 სექტემბერს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელი სუფსის რწმუნებულის სამუშაო კაბინეტში აკრძალული სააგიტაციო მასალის გამოფენის შესახებ განცხადება შემოვიდა. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ შემდგომი გამოკვლევისა და შესწავლის მიზნით წარმოდგენილი განცხადება რეაგირებისათვის გადაუგზავნა №61 ლანჩხუთის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს.
განცხადების შესწავლის შედეგად, სუფსის რწმუნებულის ელგუჯა ჩხარტიშვილის მხრიდან საქართველოს ორგანული კანონის "საქართველოს საარჩევნო კოდექსი" 46-ე მუხლის მე-2 პუნქტის დარღვევა დადგინდა და მის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგა. ოქმი განსახილველად, ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს გადაეცა.
საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ კორბოულში, ადგილობრივი თვითმართველობის შენობაში, სადაც იმავდროულად განთავსებულია №7 საუბნო საარჩევნო კომისია, გამოკრული იყო "ერთიანი ნაცონალური მოძრაობის" პლაკატები.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს უშიშროების საბჭოსთან არსებულმა უწყებათაშორისმა კომისიამ ცსკ-ს შესაბამისი რეკომენდაცია წარუდგინა. საკითხი №50 საჩხერის საოლქო საარჩევნო კომისიიამ შეისწავლა და დადგინდა, რომ სოფელ კორბოულის რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლმა სოფიო გაფრინდაშვილმა საქართველოს ორგანული კანონის ,"საქართველოს საარჩევნო კოდექსი" 46-ე მუხლის მე-2 პუნქტი დაარღვია, შესაბამისად მის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგა, რომელიც განსახილველად საჩხერის რაიონულ სასამართლოს დაუყოვნებლივ გადაეგზავნა", - ნათქვამია ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებაში.