ალასანია დადასტურებას ითხოვს

ალასანია დადასტურებას ითხოვს

ხელისუფლების სიტყვას კარგა ხანია გროშის ფასი აქვს. ფიქრობენ ერთს, ამბობენ მეორეს, აკეთებენ მესამეს. ნათელი დასტურია თუნდაც ამ ზაფხულში ერთმანეთის მიყოლებით გადადგმული ანტიხალხური ნაბიჯები. ამის გამოა, რომ მთავრობის მიმართ ნდობის ხარისხი ნულს ქვემოთაა. 

უმაღლეს ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ნათელი მიზნები იქნა დასახული – მოკლე ხანში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, პენსიის ას დოლარამდე გაზრდა, ადამიანის უფლებების უზრუნველყოფა, ხელისუფლების დანაწილება, სასამართლოს სრული დამოუკიდებლობა და ა.შ. მკითხველმა განსაჯოს, აქედან რა შესრულდა.

ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივისგან ასე შორს არასოდეს ვყოფილვართ. რუსული ტანკები დედაქალაქიდან რამდენიმე ათეულ კილომეტრში დგანან და „რამე რომ იყოს“ ამისთვის ქუთაისში გავრბივართ. პენსიამ „ნაციონალების“ ორი სრული ვადის თავზე ას ლარს კი მიაღწია, მაგრამ ცხოვრება, გადასახადები ისე გაძვირდა, სჯობს აღარ გავაგრძელოთ...

ქვეყნის მოქალაქები სახელმწიფო აპარატთან მიმართებაში სრულიად დაუცველები არიან. სხვაზე რა უნდა ვთქვათ, როდესაც საქართველოში ოფიციალურად ორასზე მეტი ადვოკატი–უფლებადამცველი არის დაჭერილი. სასამართლო თავის დანიშნულებას ვერ ასრულებს და ლამაზ ფასადებს მიღმა უკანონობა სუფევს.

მოვლენებს თავიანთი ჭეშმარიტი სახელები არ ერქმევა. ხელისუფლება გამუდმებით საუბრობს  რუსულ საფრთხეზე, რეალურად კი ქვეყნის ეკონომიკურ სადავეებს ნაწილ-ნაწილ ოკუპანტებს გადასცემს. პრინციპი – ყველაფერი იყიდება სინდისის გარდა, კვლავ ძალაშია. თუმცა პრაქტიკა ადასტურებს, რომ კრემლთან ფარულ თუ ღია ეკონომიკურ გარიგებებთან სინდისი არაფერ შუაშია.

ბოლო ხანს უკვე აქტიურად დაიწყეს საუბრები სტრატეგიული ობიექტების გასხვისებაზე. არსებული გამოცდილების გათვალისწინებით, ძნელი არ უნდა იყოს იმის მიხვედრა თუ ვინ იქნება მყიდველი. პოლიტიკურმა ოპოზიციამ ამაზე დიდი ხმაური ატეხა. მთავრობამ კეთილი ინება და განმარტების გაკეთებას შეეცადა.    

კერძოდ, ნიკა გილაური ირწმუნება, რომ სახელმწიფო კომპანიების აქციების საკონტროლო პაკეტების გასხვისებას არ აპირებს. ოპოზიციის ერთ–ერთი ლიდერი ირაკლი ალასანია კი პრემიერ–მინისტრის განცხადების ოფიციალურად დადასტურებას ითხოვს.  

„საქართველო სახელმწიფო კომპანიების აქციების საკონტროლო პაკეტების გასხვისებას არ აპირებს“, - ამის შესახებ გილაურმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, სახელმწიფო კომპანიების აქციების საერთაშორისო ბირჟებზე განთავსებასთან დაკავშირებით ბოლო დროს ბევრი კითხვა დაისვა.

პრემიერის განმარტებით, საქართველო მთავრობის მიზანია, საერთაშორისო ბირჟებზე განთავსდეს მინორიტარული პაკეტები, ანუ 20-25-30%. პრემიერის განცხადებით, საერთაშორისო ბირჟებზე განთავსებული აქციების რაოდენობა 49%-ზე მეტი არც ერთ შემთხვევაში არ იქნება:

„სახელმწიფოს საკუთრებაში დარჩება აქციების 51% ან მეტი, შესაბამისად საქართველოს დარჩება კომპანიების მენეჯმენტისა და მთავარი გადაწყვეტილების მიღების საშუალება.

ჩვენი მიზანია ამ ტრანზაქციებით საქართველოში შემოვიდეს დამატებით ასობით მილიონი დოლარის ინვესტიცია. თუ ყველა ტრანზაქცია უახლოეს თვეების განმავლობაში შესრულდება, ქვეყანაში ნახევარ მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიცია შემოვა, რაც შექმნის დამატებით სამუშაო ადგილებს და მოგვცემს საშუალებას, დამატებითი პროექტები განვახორციელოთ“.

მისივე თქმით, საუბარია დამატებით ეკონომიკურ ზრდაზე, აქციების მსოფლიო ბირჟებზე განთავსება კი პრემიერის განცხადებით არის ჩვეულებრივი ტრანზაქცია, გზა რომელიც თითქმის ყველა განვითარებულმა და განვითარებადმა ქვეყანამ გაიარა:

„თითქმის ყველა ქვეყნის სტრატეგიული აქტივების მინორიტარული პაკეტები განთავსებულია საერთაშორისო ბირჟებზე, ჩვენ ვადევნებთ თვალყურს ბირჟებზე არსებულ მდგომარეობას. ახლა სახარბიელო მდგომარეობა არ არის, შესაბამისად თარიღებს არ ვაცხადებთ და როცა იქნება საუკეთესო მომენტი, ამ პაკეტებს საერთაშორისო ბირჯებზე მაშინ განვათავსებთ“.

პრემიერის განმარტებით საქართველოს მთავრობას ამ გადაწყვეტილების მიღებაში საუკეთესო საერთაშორისო საინვესტიციო ბანკები ეხმარებიან, რომლებიც სახელმწიფოს ჰყავს დაქირავებული. გარდა ამისა გილაურის თქმით, საქართველოს თვითონაც ძალიან კარგი გამოცდილება აქვს ფასიანი ქაღალდების გამოშვებაში:

„საერთაშორისო ექსპერტების აზრით, მსოფლიო ბირჟებზე წლევანდელი წლის ერთ-ერთი საუკეთესო ტრანზაქცია ლონდონის ბირჟაზე ევროობლიგაციების განთავსება იყო, ასე რომ ჩვენ ზუსტად ვიცით რას ვაკეთებთ და დარწმუნებული ვართ, უახლოეს თვეებში დამატებით ასობით მილიონ დოლარს შემოვიტანთ ჩვენ ქვეყანაში“.

„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია, სახელმწიფო კომპანიების აქციების საკონტროლო პაკეტების გასხვისებასთან დაკავშირებით, პრემიერ გილაურის განცხადების ოფიციალურად დადასტურებას ითხოვს:

„საქართველოს პრემიერმა, ჩემი წერილის საპასუხოდ, დღეს მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ სტრატეგიული ობიექტების საკონტროლო პაკეტები არ გაიყიდება, თუმცა, გილაურის განცხადება ჯერ დოკუმენტურად დადასტურებული არ არის“.

მისივე თქმით, შესაბამისად, „თავისუფალი დემოკრატები“ გააგრძელებენ ამ საკითხის მონიტორინგს, რათა საქართველოს მოქალაქეებისა და ქვეყნის ეკონომიკის ინტერესები ბოლომდე დაცული იყოს.

სტრატეგიული ობიექტების გასხვისებასთან დაკავშირებით, ირაკლი ალასანიამ ნიკა გილაურს 14 აგვისტოს ღია წერილით მიმართა. ალასანიას აინტერესებდა, რატომ აპირებს ხელისუფლება გაყიდოს ისეთი ობიექტები, როგორიც არის საქართველოს რკინიგზა, გაზსადენი, ელექტროსისტემა ან თუნდაც გაიტანოს მათი აქციების ნაწილი სხვადასხვა ბირჟებზე, როცა მდგომარეობა ამ ბირჟებზე კრიზისულია.

„თავისუფალი დემოკრატები“ ამ პროცესის გასაჯაროებას ითხოვდნენ.