ბოლო პერიოდში ხელისუფლება დეპუტატ არჩილ გეგენავას აღარ წყალობს. ყოველ შემთხვევაში, უკვე დოკუმენტურად დასტურდება, რომ მას სახელმწიფო ტენდერებში აღარ აგებინებენ.
ეს დოკუმენტები რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, თინათინ ხიდაშელმა წარმოადგინა, სადაც ოფიციალურად დასტურდება სახელმწიფო ტენდერებიდან დეპუტატ არჩილ გეგენავას კომპანიების დისკვალიფიკაცია.
ხიდაშელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით, 25 მაისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ არჩილ გეგენავას კომპანია “მეგაფუდის” დისკვალიფიკაცია მოახდინა. მსგავსი შინაარსის წერილები შინაგან საქმეთა სამინისტრომ გეგენავას კომპანიებს გაუგზავნა ასევე - 18 მაისს, 13 ივნისს და 1 აგვისტოს.
“რესპუბლიკური პარტია მრავალი თვის მანძილზე საზოგადოებას აცნობდა დოკუმენტაციას ხელისუფლების მიერ საკვები პროდუქტების ბაზარზე სრული მონოპოლიის დამყარების შესახებ. ასევე, სახელმწიფო ტენდერებში უალტერნატივო გამარჯვებისა და კორუფციული გარიგების თაობაზე კონკრეტულ ფაქტებს. დღეს უკვე ნათელია, რომ არჩილ გეგენავას კომპანიები დისკვალიფიცირებულია ტენდერებიდან. რამდენიმე სახელმწიფო უწყებამ გაუუქმა უკვე მოგებული ტენდერები და გეგენავას საკუთრებაში მყოფ არც ერთ მსხვილ კომპანიას, ახალ ტენდერებში მონაწილეობა არ მიუღია” - აღნიშნა ხიდაშელმა.
რესპუბლიკური პარტია მიმართავს საქართველოს ხელისუფლებას, საზოგადოებას აუხსნას საკვები პროდუქტების მიწოდების სფეროში რადიკალურად შეცვლილი პოლიტიკის მიზეზები.
“ეს საკითხი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ყოველი ოჯახისთვის. არჩილ გეგენავას კვების პროდუქტების იმპორტიორი და დისტრიბუტორი ბიზნესერთეული ქვეყანაში სრული მონოპოლისტი იყო და ბაზარზე კვების პროდუქტების ფასები სწორედ მასზე იყო დამოკიდებული, შესაბამისად, მნიშვნელოვანია საზოგადოება ფლობდეს ზუსტ ინფორმაციას, რა გავლენას მოახდენს სამომხმარებლო კალათაზე არჩილ გეგენავას კომპანიების ჩანაცვლება”, - აღნიშნა ხიდაშელმა.
მისივე ინფორმაციით, არჩილ გეგენავას კომპანიები, სახელმწიფო უწყებების გარდა, ამარაგებდნენ სხვადასხვა მსხვილ სავაჭრო ქსელებს. გეგენავას მფლობელობაშია კომპანია “მეგაფუდი”, “ფუდსერვისი”, “სუფთა სამყარო”, დაცვის სამსახური “თორნი”, ასევე, ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანია “ვაკე” და კომპანია “კოლხი”.
საინტერესო ის არის, რომ ხიდაშელის განცხადებით, მას აქვს ინფორმაცია ბაზარზე ახალი მონოპოლისტის შესახებ, რომელიც ჩაანაცვლებს არჩილ გეგენავას კომპანიებს. თუმცა, იგი ამ ინფორმაციას ჯერჯერობით არ ახმოვანებს და აცხადებს, რომ საზოგადოებას ამ ინფორმაციას უახლოეს მომავალში მიაწვდის.
პრესაჯი.ტვ-ს ინფორმაციით, გეგენავას კომპანიების სახელმწიფო ტენდერებიდან დისკვალიფიკაცია რურუას და გეგენავას დაპირისპირებას უკავშირდება. ეს დაპირისპირება საფუძველს იმ დროიდან იღებს, როდესაც რურუები ვერის საძმოს ლიდერობდნენ, გეგენავა კი მთაწმინდის საძმოს წევრად ითვლებოდა.
რის გამო დაიწყო მაშინ მათი დაპირისპირება, ძნელი სათქმელია, მაგრამ ყველამ კარგად იცის, რომ მაშინ უბნური დაჯგუფებები ერთმანეთს მხოლოდ გავლენების გადანაწილების გამო უპირისპირდებოდნენ. სავარაუდოდ, ეს უნდა ყოფილიყო მათი დაპირისპირების საფუძველიც.
მაგრამ შემდეგ, როდესაც გეგენავა პარლამენტში მოიყვანეს, ნაციონალებმა რურუას და გეგენავას შერიგება მოახერხეს. თუმცა, მათი ხელახალი დაპირისპირება იმ ფაქტს გამოუწვევია, რომ გეგენავას ახლო მეგობარს, ვინმე მიქელაძეს, რურუას ახლო მეგობართან, ვინმე ყანჩაველთან, რომელიც ვერის საძმოში „ყანჩას“ მეტსახელით მოიხსენიება, დაპირისპირება მოსვლია ძველი ამბების გამო.
რა ფორმებით მოახერხეს მათ ერთმანეთთან საქმის გარჩევა, ძნელი სათქმელია, მაგრამ იმასაც ამბობენ, რომ მათ დავაში უკვე რურუა და გეგენავა ჩარეულან. საბოლოოდ კი გეგენავას მეგობარი მიქელაძე საქართველოდან გაიქცა და გეგენავას კი ის წილები დაათმობინეს, რაც აქამდე მის სახელთან ასოცირდებოდა.
ცხადია, ამ თემაზე ხელისუფლებიდან კომენტარს არავინ აკეთებს. მაგრამ საინტერესო ის არის, რომ გეგენავას მიერ 2011 წელს შევსებულ დეკლარაციაში წერია, რომ მან თავისი წილების დიდი ნაწილი სწორედ ბოლო პერიოდში გაყიდა.
გეგენავას ქონების დეკლარაციიდან ირკვევა, რომ 2010 წელს მან 90 940 ლარად შპს „ჯორჯიან ნაცს“-ის წილი გაყიდა, 26 500 ლარად - შპს „ალ-საბას“ წილი, 348 700 ლარად კი - „თელიანი ველის“. ამასთან, „ჯორჯიან ნაცს“-ის დივიდენდიდან არჩილ გეგენავამ 56 772 ლარის, ხოლო საბანკო ანგარიშებზე დარიცხული სარგებლიდან კი 13 437 ლარის ოდენობის შემოსავალი ჰქონდა. სხვა კომპანიებიდან, სადაც დეპუტატი პარტნიორია, დეკლარაციის მიხედვით, შემოსავალი არ ჰქონია.
ეს არის ის, რაც დეკლარაციებში წერია და, როგორც ჩანს, მასში ბევრი რამ არ მოხვედრილა ან, ჯერ არ მოხვედრილა.
ხიდაშელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები კი გარკვეულწილად სწორედ იმას ადასტურებს, რომ ხელისუფლება გეგენავას აღარ სწყალობს. მაგრამ არის თუ არა ეს კონკრეტულად რურუას და მისი სამეგობროს ბრალი, ამას, ალბათ, დრო აჩვენებს.
რაც შეეხება იმას, თუ ვისით ჩაანაცვლებს ხელისუფლება გეგენავას, როგორც ხიდაშელი აცხადებს, ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას უახლოეს პერიოდში წარმოადგენს. პრესაჯი.ტვ-ს მიაწოდეს ინფორმაცია, თითქოს გეგენავას გიორგი გოგუაძით ჩაანაცვლებენ, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ თავად გოგუაძე ერთხელ უკვე იყო შერისხული ხელისუფლების მხრიდან და ეს ყველაფერი მას ძალიან ძვირი დაუჯდა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ აღნიშნული ინფორმაცია დადასტურდეს.