ხელისუფლება კეზერაშვილისთვის ახალ შეღავათებს აწესებს

ხელისუფლება კეზერაშვილისთვის ახალ შეღავათებს აწესებს

ხელისუფლება კეზერაშვილისთვის ახალი შეღავათების დაწესებას გეგმავს. ამისთვის კი, ერთის მხრივ - ბიუჯეტში გადასახადს უნახევრებს და, მეორეს მხრივ - არეალის გაფართოების საშუალებას აძლევს. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ კანონპროექტის განამარტებით ბარათში პირდაპირ არის ნათქვამი, რომ ეს გადაწყვეტილება კომპანიის მოგების გასაზრდელად არის მიღებული.

 

კანონპროექტი, რომელიც „ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონშო ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლების - ზვიად კუკავას, მიხეილ ცქიტიშვილისა და დავით ნადაშვილის სახელით არის ინიცირებული.

 

კანონპროექტის ერთი ნაწილი ითვალისწინებს ლატარიის ორგანიზატორისთვის ბიუჯეტში გადასახდელი თანხის შემცირებსა.

 

კანონის მოქმედი რედაქციით, საქართველოში ლატარიის ორგანიზებასა და ჩატარებას ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ ჩატარებულ ტენდერში გამარჯვებული პირი. ტენდერში გამარჯვებულად კი განისაზღვრება ის პირი, რომელიც დააკმაყოფილებს ტენდერის პირობებს და სახელმწიფო ბიუჯეტში ყოველწლიურად გადაიხდის ლატარიის ჩატარებისას რეალიზებული ბილეთების ჯამური ღირებულების მაქსიმალურ ოდენობას, მაგრამ არანაკლებ რეალიზებული ბილეთების ჯამური ღირებულების 20 პროცენტისა, რომელიც მთლიანად ჩაირიცხება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

ამ კანონპროექტის თანახმად კი, ტენდერში გამარჯვებულ პირი სახელმწიფო ბიუჯეტში ლატარიის ჩატარებისას არანაკლებ რეალიზებული ბილეთების ჯამური ღირებულების 20 პროცენტის ნაცვლად, 10 პროცენტს გადაიხდის.

 

როდესაც გადასახდი მცირდება კონკრეტული კომპანიისთვის, ადვილი მისახვედრია, რომ ეს უშუალოდ ამ კომპანიის ინტერესების გამო ხდება. თუკი ქართულ რეალობას გავითვალისწინებთ, რომ მთელ სათამაშო ბიზნესს კეზერაშვილი აკონტროლებს, ცხადი ხდება, რომ ეს მისთვის კეთდება. მაგრამ მეორე საკითხია, რამდენად ჯდება ეს ყველაფერი კანონიერების ფარგლებში.

 

ამაზე პასუხი, ცხადია, ხელისუფლებამ უნდა გასცეს, მაგრამ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ „ამით ბიუჯეტს არანაირი ზარალი არ მიადგება“ და სხვა განმარტებებს მხოლოდ კანონპროექტის განხილვისას გააკეთებენ.

 

კანონპროექტის განმარტებით ბარათში კი ნათქვამია, რომ „გასული პერიოდის განმავლობაში საქართველოს სახელმწიფო გახდა ლატარეის ორგანიზატორი კომპანიის მფლობელი, შესაბამისად, სახელმწიფოს მიერ მიღებული შემოსავალი აისახება კომპანიის მიერ გადასახდელ დივიდენდებში. აქედან გამომდინარე, დღის წესრიგში დადგა სახელმწიფო ბიუჯეტში მისამართი გადასახდელის შემცირება 10 პროცენტამდე. აღნიშნული გააუმჯობესებს ორგანიზატორი კომპანიის ფინანსურ ლიკვიდურობას და ხელს შეუწყობს ლატარიის ორგანიზებიდან მისაღები შემოსავლების ზრდას“.

რაც შეეხება მეორე ცვლილებას, ამით „ლატარიის კომპანიას“ საქმიანობის არეალის გაფართოების შესაძლებლობა ეძლევა.

 

კანონის მოქმედი რედაქციით, შესაბამის ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას, ლატარიის ორგანიზებასა და ჩატარებაზე უფლების მესამე პირისთვის დელეგირება ეკრძალება. პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტით კი, ეს აკრძალვა უქმდება.

 

კანონპროექტის განმარტებით ბარათში ამ ცვლილებასთან დაკავშირებითაც პირდაპირ არის ნათქვამი, რომ კომპანიას არეალის გაფართოების საშუალება უნდა მიეცეს.

 

„არსებული კანონით შეზღუდულია ლატარეის ორგანიზებაზე მესამე პირზე უფლებების დელეგირება, რაც ზღუდავს ლატარეის ორგანიზატორის საქმიანობის არეალს, ამცირებს შესაძლო მოგებას და ხელს უშლის სხვა კომპანიების მიერ პრომო-აქციების ორგანიზებას. აქედან გამომდინარე წარმოდგენილი კანონპროექტი აუქმებს შესაბამის მუხლებს“, – ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

 

ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის“ თავმჯდომარე გია ცაგარეიშვილი აცხადებს, რომ გადაწყვეტილებების ერთი კომპანიის სასარგებლოდ მიღება არანაირად არ ჯდება სამართლიანობის პრინციპებში.  

 

„მე ამ დარგის სპეციალისტი ნამდვილად არ ვარ და არც ამ ბიზნესის გულშემატკივარი ვარ, მაგრამ ბოლო დროს იმდენი ისეთი რაღაც მიიღეს, რაც აზარტული თამაშების ბიზნესში დასაქმებულებისთვის დამატებითი წნეხი შეიძლება გახდეს, რომ უკვე ხელისუფლების გარკვეულ ინტერესებზე მიანიშნებს და ეს ინტერესები არა მგონია, რომ სამართლიანობის ჩარჩოებში ჯდებოდეს.

 

«მე არ ვამბობ, რომ ეს ქვეყნისთვის სასიცოცხლო ბიზნესია და მის განვითარებას უცილებლად ხელი უნდა შეეწყოს. მაგრამ, არც ის შეიძლება, რომ ერთი ადამიანისთვის დანარჩენებს ყელში უჭერდნენ. ისედაც ხომ მთელი ეს ბიზნესი კეზერაშვილს აქვს ხელში ჩაგდებული და მთლიანად იგი აკონტროლებს ამ სფეროს. ახლა კი, როგორც ჩანს, უნდათ, რომ კიდევ დამატებითი შეღავათები დაუწესონ, თითქოს აქამდე მას ეს შეღავათები აკლდა. შეგახსენებთ მთელ რიგ იმ გადაწყვეტილებებს, რაც ამ კომპანიის ფუნქციონირებისთვის ხელშესაწყობად გაკეთდა და არ ვიცი, ამას სამართლიანობასთან რა კავშირი შეიძლება ჰქონდეს“, - აცხადებს გია ცაგარეიშვილი.

 

შეგახესენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ცვლილება შევიდა კანონმდებლობაში, რომელიც

ლატარიებისა და სხვა აზარტული თამაშობების მოწყობისთვის ნებართვის აღებას ეხება. ცვლილებამდე ამ თამაშების მოწყობისთვის ნებართვის ასაღებად უნდა მიემართათ ფინანსთა სამინისტროსთვის და წარედგინათ სათანადო დოკუმენტაცია. ფინანსთა სამინისტროსთან არსებული მომსახურების სააგენტო კი განიხილავდა ამ საბუთებს და გასცემდა ან არ გასცემდა ნებართვას. ნებართვის გაცემის შემდეგ კი პირი ვალდებული იყო, გადაეხადა 10 ათასი ლარი აღნიშნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისთვის.  ცვლილების თანახმად კი, ამ თანხის გადახდა წინასწარ გახდა საჭირო.

 

მანამდე კი, ისევ მთავრობის ინიციატივით მიღებული იქნა კანონი, რომლის თანახმად ლატარიასთან დაკავშირებული საკითხების განხილვისა და შესაბამისი სარეკომენდაციო გადაწყვეტილების მიღების მიზნით, ფინანსთა სამინისტროში სპეციალური საბჭო შეიქმნა. მთავარი კი ამ საბჭოს დაკომპლექტების წესია. „ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონის თანახმად, საბჭოს ფინანსთა მინისტრი ქმნის და ის მთავრობის ნაცვლად განიხილავს და შეათანხმებს თამაშობის ზოგად წესს, წამახალისებელი გათამაშების მოწყობის შემთხვევაში. ამასთან, საბჭოს მიეცა უფლება, განიხილოს ყველა ის საკითხი, რაც მომავალშიც დაკავშირებული იქნება ლატარიასთან. 

 

გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში ლატარიის ორგანიზებასა და ჩატარებას ახორციელებს კანონით გათვალისწინებულ ტენდერში გამარჯვებული ერთი ორგანიზაცია, მიზანშეწონილად ჩაითვალა, რომ საბჭო, რომელიც განიხილავს ლატარიებთან დაკავშირებულ საკითხებს, კიდევ უფრო წარმომადგენლობითი იყოს. ფინანსთა მინისტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, საბჭოს შემადგენლობაში სამთავრობო სტუქტურების წარმომადგენლების გარდა, შესაძლებელი იქნება შევიდნენ „სხვა პირებიც“. ეს „სხვა პირები“ დაკონკრეტებული არ არის და ამის გამო ოპოზიციამ მთავრობის ამ ინიციატივის გაჟღერებისთანავე გამოთქვა ეჭვი, რომ ამ საბჭოში კეზერაშვილის ოფიციალურად შეყვანა უნდოდათ, ვინაიდან სწორედ მის მფლობელობაში ითვლება ეროვნული ლატარიის კომპანია.

 

გარდა ამისა, უკვე გადაწყვეტილია, რომ დედაქალაქში სათამაშო აპარატებსა და ტოტალიზატორტების აპარატებზე მოსაკრებლის მაქსიმალური ზღვარი დაწესდა. თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით, თითოეულ სათამაშო აპარატზე მოსაკრებელი თბილისში, კვარტალში 3 000 ლარი იქნება ნაცვლად 850 ლარისა, ხოლო ტოტალიზატორის, ბინგოს, ლოტოს თითოეულ სალაროზე - კვარტალში 7 500 ლარი, ნაცვლად 2300 ლარისა.  საკრებულოს გადაწყვეტილება პარლამენტის გადაწყვეტილებიდან გამომდინარეობს, რომელმაც საშემოდგომო სესიაზე სათამაშო ბიზნესზე მოსაკრებლის განაკვეთის ზედა ზღვარი გაზარდა. კერძოდ, სათამაშო აპარატებზე კვარტალში მოსაკრებელის ზედა ზღვარი 1500 ლარიდან 3 000 ათას ლარამდე გაიზარდა, ხოლო  ტოტალიზატორის, ბინგოს, ლოტოს თითოეულ სალაროზე მოსაკრებელი კვარტალში 3 750 ლარიდან, 7 500 ლარამდე გაიზარდა. კანონმდებლობით, თითოეულ სათამაშო აპარატზე - კვარტალში 1 500 ლარიდან 3 000 ლარამდე უნდა იყოს მოსაკრებელი, ტოტალიზატორის, ბინგოს, ლოტოს თითოეულ სალაროზე - კვარტალში 3 750 ლარიდან 7 500 ლარის ჩათვლით. 

 

შემდეგ კი, ამას დაემატა შსმ-ის გადაწყვეტილება, რომლის თანახმად 2011 წლის 15 იანვრიდან აზარტული თამაშობების მომწყობებისთვის დამატებითი რეგულაციები დაწესდა. კერძოდ, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობის ორგანიზატორი ვალდებული გახდა, იქონიოს იმგვარი ტექნიკური უზრუნველყოფის საშუალებები, რომლებიც უზრუნველყოფენ ჩაწერილი ინფორმაციის გადატანას ინფორმაციის ელექტრონულ მატარებელზე გამოსახულების ხარისხის დანაკარგის გარეშე. 

 

ამას გარდა, თუ აქამდე კამერის ჩაწერის ხარისხში ვიდეოგარჩევადობა 640 X 480 პიქსელი უნდა ყოფილიყო, ახლა  ჩანაწერის გარჩევადობა არანაკლებ 3 მეგაპიქსელი (2048X1536A) უნდა იყოს, ხოლო  დღე-ღამის რეჟიმში განხორციელებული ჩანაწერი უნდა იძლეოდეს ადამიანის (ობიექტის) ზუსტი იდენტიფიცირების საშუალებას. ასევე, ვიდეოთვალთვალის აპარატურას კი სერტიფიკატი უნდა ჰქონდეს. აზარტული თამაშის ადგილის გარე პერიმეტრზე უნდა დამონტაჟდეს არანაკლებ 2 ვიდეომეთვალყურეობის სისტემა - იმ ადგილებზე, სადაც ეს შეუძლებელია - ერთი ვიდეომეთვალყურეობის სისტემა. ხოლო სათადარიგო გასასვლელების არსებობის შემთხვევაში, თითო ვიდეომეთვალყურეობის სისტემა თითო გასასვლელზე. 

 

ასევე, ვიდეომეთვალყურეობის სისტემა უკვე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განსაზღვრულ ადგილას და შერჩეული განლაგებით უნდა დამონტაჟდეს. ხოლო დისტანციური მონიტორინგის განხორციელების მიზნით, მოთხოვნის შემთხვევაში, აზარტული და მომგებიანი თამაშობის ორგანიზატორი ვალდებული იქნება უზრუნველყოს გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეომეთვალყურეობის სისტემის გლობალურ ქსელთან მუდმივი წვდომა.

 

მაშინ მთავრობამ მერაბიშვილის ამ გადაწყვეტილებას უსაფრთხოების დაცვის აუცილებლობით ახსნა, თუმცა ოპოზიციისთვის ეს არგუმენტი მიუღებელი აღმოჩნდა და აცხადებდნენ, რომ ამით სათამაშო ბიზნესში დასაქმებულთა მდგომარეობა დაამძიმეს, რადგან ამ აპარატურის დამონტაჟება, შესაძლოა, იმდენად ძვირი და აღმოჩნდეს, რომ იძულებული გახდეს, სულაც დახურონ. ამით კი, მათი თქმით, კეზერაშვილს გარკვეულწილად კონკურენტები ჩამოაშორეს.