საქართველო საარჩევნო ციებ-ცხელების ზღრუბლზე იმყოფება. მომავალი წლის შემოდგომაზე საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. ბოლო საკონსტიტუციო ცვლილებებიდან გამომდინარე კენჭისყრის შედეგებს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება.
წამყვანი პოლიტიკური ძალები წინასაარჩევნო ბრძოლაში შესასვლელად ემზადებიან. ხელისუფლებამ კამპანია დაიწყო და მას „ნაციონალური არხებით“ მაქსიმალურად აპიარებს. ოპოზიციურ ფრონტზე კი ჩვეული დაქსაქსულობა და გაურკვევლობაა.
ოპოზიციური „ექვსიანის“ ერთი ნაწილი კვლავ საარჩევნო გზის ერთგულია და სწორედ ამ მეთოდით აპირებს „ნაციონალური“ მოძრაობისთვის „კუთვნილი ადგილის“ მიჩენას. მეორე ნაწილი კი კვლავ საპროტესტო „მარშებზე“ საუბრობს და „გზებს ულოცავს“ მათ ვინც „კაცნახევრით პარლამენტში თავის წარმოჩენას აპირებს“.
წამყვანი ოპოზიციური „ექვსიანის“ მომავალ გეგებზე რესპუბლიკური პარტიის ლიდერის, დავით უსუფაშვილის მოსაზრებებით დავიწყოთ. მისი თქმით, „ექვსიანს“ ხელისუფლებასთან პაექრობა არ შეუწყვეტია:
„ექვსი პოლიტიკური ძალა არ იწყებს რაიმე სუფთა ფურცლიდან მოქმედებას. ჩვენგან მოსალოდნელი ნაბიჯების ნაწილი ლოგიკური გაგრძელებაა აქამდე, ჩვენ მიერ განხორციელებული ქმედებებისა და გადაწყვეტილებების“.
როგორც დავით უსუფაშვილი ამბობს, იქმნება ეფექტი, რომ ხელისუფლება დადის და რაღაცეებს აკეთებს. ამაში კი, დიდი წვლილი ნაციონალურ ტელეარხებს მიუძღვის, რადგან რეგიონებში ინფორმაციული ვაკუუმია და ის, რასაც ოპოზიცია აკეთებს არ ჩანს:
„ამ მედია-ვითარებაში, ჩვენი სტრატეგია ეფუძნება პირდაპირ კონტაქტს ამომრჩეველთან. პოლიტიკოსთა ნაწილი ამბობს, რომ არჩევნებს აზრი არ აქვს. ეს ყველაფერი ხელისუფლების წისქვილზე ასხამს წყალს. საერთო ძალისხმევით უნდა შევძლოთ ამომრჩევლის მობილიზება. ამის რესურსი აუცილებლად იქნება, თუკი ყველა პოლიტიკური ორგანიზაცია შეეცდება სამართლიან არჩევნებზე სწორებას“.
რესპუბლიკური პარტიის ლიდერის თქმით, ოპოზიციური „ექვსიანის“ პროგრამა მაქსიმუმია არჩევნებში 50%+1 მანდატის მოპოვება და შესაბამისად, ხელისუფლების შეცვლა.
თავის მხრივ, პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი, თეა წულუკიანი გაერთიანების პოლიტიკურ პერსპექტივებზე შემდეგ განცხადებას აკეთებს:
„ძალიან დიდი რისკია, რომ მომავალ არჩევნებზეც ხელისუფლება დარჩეს მოგებული. ამის ალბათობა მაღალია. თუ რატომ, პასუხი მარტივია. ისინი არიან პროფესიონალები, ორგანიზებულები და იციან ბრძოლა.
ჩვენ რასაც მათ ვსაყვედურობთ, არის ის, რომ არიან ქართველთმოძულეები. დაკარგეს ტერიტორიები და დაჩოქილ მდგომარეობაში ჩააყენეს ქართველი. ამიტომ არ მოგვწონს ჩვენ ისინი, თორემ ჩვენს წინააღმდეგ ბრძოლაში, ისინი პროფესიონალები არიან“.
წულუკიანმა მომავალ არჩევნებში ხელისუფლების გამარჯვების თავიდან ასაცილებლად, სამი ძირითადი ფაქტორი დაასახელა:
1) ოპოზიცია დაემსგავსოს ზრდასრულ ადამიანს და შეწყვიტოს საკუთარ წიაღში მტრის ხატის ძიება;
2) ექვსიანს გარეთ მყოფმა ოპოზიციურმა პარტიებმა გაათვითცნობიერონ, რომ ბრძოლის ველი გადის არჩევნებზე;
3) ოპოზიციურმა სპექტრმა, რომელშიც არ ვგულისხმობ ნაციონალების სატელიტ პარტიებს, გაათვითცნობიერონ, რომ ხელისუფლებასთან ბრძოლისთვის მხოლოდ „ბაირაღების“ ფრიალი საკმარისი არ არის და აუცილებელია კომპეტენტური ოპონირება.
„ეს საშუალებას მოგვცემს, რომ მომავალ არჩევნებში ხელისუფლება არ აღმოჩნდეს წინასწარ მოგებულის მდგომარეობაში“, – აღნიშნავს წულუკიანი.
რაც შეეხება „ბაირაღების ფრიალს“ „ექვსიანის“ კიდევ ერთი სუბიექტი „ეროვნული ფორუმი“ 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს ხელისუფლების პოლიტიკის წინააღმდეგ „ქართველთა მარშის“ მოწყობას აპირებს.
გაერთიანების ერთ–ერთი ლიდერი გუბაზ სანიკიძე აცხადებს, რომ ფორუმმა ეს გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღო და ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას შეუძლია საპროტესტო მარშს შუერთდეს. აღსანიშნავია, რომ ამ მოწოდებას ერთ–ერთი პირველი ნინო ბურჯანაძის „სახალხო კრება“ დადებითად გამოეხმაურა.
ამასთან, სანიკიძის განცხადებით, „ფორუმელებს“ 2011 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის „ექვსიანის“ ბლოკად ჩამოყალიბება სწორ პოზიციად არ მიაჩნიათ. მისი თქმით, „ექვსიანის“ ფორმატში მათ გამოაცხადეს თანამშრომლობა მხოლოდ საარჩევნო გარემოს შეცვლასთან დაკავშირებით და დაიგეგმა ფორმატის გაფართოება პოლიტიკური, სამოქალაქო და არსამთავრობო სპექტრის ჩართულობით:
„ამიტომ არ არის ბლოკზე საუბარი; თუ „ექვსიანი“ გარკვეულ ბლოკს წინასწარ ჩამოაყალიბებს, მაშინ სხვა რატომ დაგველაპარაკება ჩვენ. თუ ვინმესთან ბრძოლას აპირებს, ეს ბრძოლა სხვებთან ერთადაც ერთად უნდა დაგეგმო“.
სანიკიძის განცხადებით, ბლოკები არ იქმნება არჩევნებამდე 14 თვით ადრე, რადგან ბლოკს სჭირდება ძალიან ბევრი პროგრამული შეთანხმება ქვეყნის მოწყობაზე, საშინაო პოლიტიკაზე თუ საგარეო ორიენტაციაზე:
„ყველამ უნდა გამოსცადოს ერთმანეთი ბრძოლაში; ჯერ ისიც არ გვაქვს გადაწყვეტილი, მივიღებთ თუ არა არჩევნებში მონაწილეობას. „ექვსიანში“ არიან სუბიექტები, რომლებსაც რადიკალური მოსაზრებები აქვთ და ამის გარკვევა თუ დავიწყეთ, მინიმუმ 6 თვე დაგვჭირდება, მატარებელი კი ჩაივლის“.
მისივე თქმით, „ექვსიანმა“ ჯერ ის საქმე უნდა მიიყვანოს ბოლომდე, რასაც საარჩევნო გარემოსთვის ბრძოლა ჰქვია, რადგან საქართველოს აუცილებლად სჭირდება დემოკრატიული არჩევნები და მრავალპარტიული ხელისუფლება:
„ფორუმი“ არ არის დაინტერესებული პარლამენტში მანდატების მოპოვებით. ჩვენთვის მთავარია „ნაციონალური მოძრაობის“ ბატონობა დასრულდეს ამ ქვეყანაში; ვინც ამას დაეთანხმება, იმასთან ერთად ვიქნებით, ვინც არ დაეთანხმება და ვისი ინტერესია კაცნახევარით იყოს წარმოდგენილი პარლამენტში, გზებიც დამილოცნია“.