ნატო-ს საუკეთესო წუთები

ნატო-ს საუკეთესო წუთები


2001 წლის 12 სექტემბერს, ალიანსმა პირველად აამოქმედა ურთიერთდაცვის მუხლი


11 სექტემბრის შოკი და საშინელება სამუდამოდ დარჩა ჩვენს მეხსიერებაში. იმ დღეს ვაშინგტონიდან ბრიუსელში თვითმფრინავით ვბრუნდებოდი, როდესაც პილოტმა ეს საშინელი ამბავი გვამცნო და თვითმფრინავი მიაბრუნა. კარგად მახსოვს ის შემზარავი განცდა, რომელიც იმ დროს უამრავ ადამიანს გაუჩნდა მსოფლიოში – მეც შეიძლება ვყოფილიყავი ერთ-ერთ თვითმფრინავში, მეც შეიძლება რომელიმე შენობაში ვყოფილიყავი. ახლა არავინ დაცული არ არის.

11 სეტემბერს ყველა იმ ათი წლის წინანდელ დღეს ვიხსენებდით, როდესაც ტერორისტებმა თვითმფრინავი მასობრივი განადგურების იარაღად გადააქციეს, მაგრამ ისიც უნდა გავიხსენოთ, რაც მეორე დღეს მოხდა. 2001 წლის 12 სექტემბერს ნატო-ს მმართველი ორგანო – ალიანსის საბჭო სპეციალურ სხდომაზე შეიკრიბა. 1949 წელს ნატო-ს შექმნის დღიდან პირველად, საბჭომ ერთხმად დაუჭირა მხარი ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წესდების მეხუთე მუხლის ამოქმედებას, რითაც განაცხადა, რომ 11 სექტემბრის ტერაქტი იყო თავდასხმა არა მხოლოდ აშშ-ზე, არამედ ალიანსის წევრ ყველა სახელმწიფოზე.

ამ ისტორიული შეხვედრიდან რამდენიმე საათში ნატო-ს საჰაერო-რადიოლოკაციური აღმოჩენის სისტემები ამერიკის ცაში პატრულირებისთვის გამზადდა. ისინი ქვეყნის უზარმაზარ საჰაერო სივრცეს მომდევნო ხუთი თვის განმავლობაში აკონტროლებდნენ.

მეხუთე მუხლის ამოქმედება ნატო-სთვის განმსაზღვრელ მომენტად იქცა. ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ამდენი ხნის შემდეგ მას გამოიყენებდა და ევროპას აშშ-ს დაცვის სამსახურში ჩააყენებდა, თუმცა მხოლოდ ამ ერთი ნაბიჯით ნატო-მ იმის დემონსტრირება მოახდინა, რომ მის მისიაში ფუნდამენტური ცვლილებებია. მაშინ ჩვენ ყველამ ვაღიარეთ, რომ ევროპის და შეერთებული შტატების უსაფრთხოება დაკავშირებულია მოვლენებთან, რომლებიც ნატო-ს გავლენის ტრადიციული სფეროს ჩარჩოებს სცდება. ნატო ვიწრო აზროვნებიდან, გლობალურ აზროვნებაზე გადავიდა.


დღევანდელ დღეს ნატო მიმდინარე ექვსი ოპერაციიდან ხუთს – ალიანსის ქვეყნების ტერიტორიის მიღმა აწარმოებს. ნატო-ს ჯარისკაცები ავღანეთის სწორედ იმ ტერიტორიებზე იბრძვიან, სადაც ტერორისტები გეგმავდნენ და წვრთნიდნენ ადამიანებს ამ სასტიკი აქტებისთვის. ალიანსის გემები მონაწილეობენ ანტი-პირატულ მისიაში ინდონეზიის ოკეანეში, ნატო-ს ძალები ამზადებენ ერაყელ ჯარისკაცებს, სტაბილიზაციას უჭერენ მხარს კოსოვოში და ჯერ კიდევ იცავენ ლიბიის მშვიდობიან მოსახლეობას რეჟიმის ნარჩენებისგან, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ახშობდა მათ თავისუფლებას.

11 სექტემბრის შემდეგ უსაფრთხოების პრობლემებზე ადეკვატური რეაგირების მიზნით შარშან ლისაბონის სხდომებზე ნატო-ს წევრი-ქვეყნების ლიდერებმა მიიღეს ორგანიზაციის ახალი სტრატეგიული კონცეფცია. ნატო-მ ხელახლა დაადასტურა ცენტრალიზებული ზომების აუცილებლობა კოლექტიური უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის, ასევე განმარტა რომ ალიანსის ტერიტორიებისთვის დღეს პოტენციურ საფრთხეს არა შეიარაღებული ძალები, არამედ შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების, ინტერნეტის ან თვითმკვლელი-ტერორისტების გამოყენება წარმოადგენს. ალიანსის წარმომადგენლებმა ისიც აღნიშნეს, რომ გლობალური საფრთხეების დროს ნამდვილი უსაფრთხოების უზრუნველყოფა მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ ნატო ითანამშრომლებს რაც შეიძლება ბევრ, როგორც ახლო, ასევე შორეულ პარტნიორ-ქვეყანასთან.

ახალმა სტრატეგიულმა კონცეფციამ სათავე დაუდო მთელ რიგ გადაწყვეტილებებს, დაწყებულს კიბერდაცვის სისტემების შეიარაღებაზე აყვანით და საკუთარ ტერიტორიებზე ანტი-სარაკეტო სისტემების განთავსებით, დამთავრებულს რუსეთთან პარტნიორული ურთიერთობების განმტკიცებითა და კავშირების განმტკიცებით ისეთ ქვეყნებთან, როგორებიცაა ავსტრალია და იაპონია, რომლებიც ღირებულებათა ჩვენს სისტემას იზიარებენ.

მომავალი წლის მაისში ნატო-ს სახელმწიფოთა ლიდერები ჩიკაგოში შეიკრიბებიან, რათა გადახედონ გეგმებს და განაახლონ ისინი, ასევე განიხილონ ის, თუ როგორ შევძლებთ ჩვენი უსაფრთხოების შენარჩუნებას თანამედროვე მძიმე ეკონომიკურ სიტუაციაში.

11 სექტემბრიდან ათი წლის შემდეგ, ნატო კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მძლავრ და წარმატებულ სამხედრო ალიანსად რჩება. ჩვენი ძალა, ჩვენს საერთო შეხედულებებშია, ასევე ცვალებადი საფრთხეების მიმართ ადაპტირების უნარში და ჩვენს რწმენაში, რომ კოლექტიური თავდაცვა აუცილებელია. 2001 წლის 12 სექტემბერს ნატო-მ თავისი სიტყვითა და ქმედებით მკაფიოდ გააგებინა ყველას, რომ ერთზე თავდასხა – ყველაზე თავდასხმას ნიშნავს. სწორედ ამიტომ ნატო, მისი დაარსებიდან 62 წლის შემდეგ, პრეზიდენტ ობამას თქმით ის ალიანსია, რომელიც „მსოფლიოსთან ჩვენი თანამშრომლობისა და გლობალური ურთიერთქმედების ქვაკუთხედია“.

ივო დაალდერი – აშშ-ს წარმომადგენელი ნატო-ში.
foreignpress.ge