პატრიარქმა სიონის ტაძარში საეკლესიო ახალი წლისა და ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით  პარაკლისი ჩაატარა

პატრიარქმა სიონის ტაძარში საეკლესიო ახალი წლისა და ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით პარაკლისი ჩაატარა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ  სიონის ტაძარში პარაკლისი  საეკლესიო ახალი წლისა და  ახალი სასწავლო წლის და დაწყებასთან დაკავშირებით ჩაატარა.

როგორც ქადაგებისას უწმინდესმა განაცხადა, გამოკითხვების მიხედვით, ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს შორის საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და მის პატრიარქს ყველაზე მეტად ენდობიან.

პარაკლისის დაწყებამდე უწმინდესმა ტაძარში შეკრებილ სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სტუდენტებს, მრევლს მიმართა.

როგორც პატრიარქმა ბრძანა, ღვთის წყალობაა, რომ დღეს ჩვენ გვაქვს სასულიერო სემინარია, აკადემია, უნივერსიტეტი და 40 სკოლა-გიმნაზია, ეს კი წინა წლებსა და საუკუნეებში წარმოუდგენელი იყო.

საქართველოს პატრიარქი მიიჩნევს, რომ ეს არის ღვთის წყალობა საქართველოზე.

უწმინდესმა, ასევე, აღნიშნა, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია განსაკუთრებულია.

„გუშინ ვიყავი ამერიკის ელჩის რეზიდენციაში,  სადაც მითხრეს, რომ ტარდება გამოკითხვები და ამ გამოკითხვებით ყველაზე მეტად პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და მის პატრიარქს ენდობიან. ამ მხრივ საქართველო პირველ ადგილზეა. ეს ნიშნავს ღვთის მადლსა და წყალობას ჩვენზე. ეს მადლი უნდა შევინარჩუნოთ, როგორც ძვირფასი საუნჯე“, - ბრძანა ილია მეორემ.

პატრიარქმა მოუწოდა ახალგაზრდებს, აიღონ პასუხისმგებლობა მომავალზე, უნდა იფიქრონ, რისი გაღება შეუძლიათ საკუთარი მხრიდან, რა არის მათი შეწირულობა მეცნიერებაში, საქმეში, ლოცვაში.

უწმინდესმა გაიხსენა მოსკოვის სასულიერო სემინარიასა და აკადემიაში სწავლების წლები და მოუწოდა სემინარიისა და აკადემიის სტუდენტებს, მიიღონ სიბრძნე, განათლება, უყვარდეთ წიგნები, რადგან წიგნს ცოდნის მიღების თვალსაზრისით ვერანაირი თანამედროვე ტექნოლოგიები ვერ შეედრება.