ვანო მერაბიშვილი დასაქმების ერთიანი ელექტრონული ბაზის შედგენის პროცესს გაეცნო

ვანო მერაბიშვილი დასაქმების ერთიანი ელექტრონული ბაზის შედგენის პროცესს გაეცნო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი და დასაქმების საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ტრაპაიძე სოციალური მომსახურების სააგენტოში იმყოფებოდნენ, რომელიც სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვის პროგრამის ფარგლებში დასაქმების ერთიან ელექტრონულ ბაზას ადგენს.

სააგენტოს დირექტორმა, რამაზ სულამანიძემ პრემიერ-მინისტრს და დასაქმების მინისტრს გააცნო პროგრამის მიმდინარეობა და მოცემული მომენტისთვის მიღებული შედეგები. საქართველოში ოჯახების 73%-თან ვიზიტის შედეგად გამოიკვეთა დასაქმების და გადამზადების მსურველთა პრიორიტეტული პროფესიები - ბანკის ოპერატორი, ბუღალტერი, ექთანი და მასწავლებელი. აგრეთვე გამოიკვეთა ის ძირითადი ასაკობრივი ჯგუფი, რომელსაც ყველაზე მეტად უჭირს სამსახურის შოვნა - 36-დან 55 წლამდე.

პრემიერ-მინისტრმა სააგენტოს ქოლცენტრიც დაათვალიერა, რომლის ძირითად ფუნქციასაც წარმოადგენს უკვე ბაზაში განთავსებულ ოჯახებში ზარების განხორციელება და „დასაქმების აგენტების“  საქმიანობის მონიტორინგი. ვანო მერაბიშვილმა ერთ-ერთ ოჯახშიც დარეკა და აგენტების მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხით დაინტერესდა.

სოციალური მომსახურების სააგენტოს საქართველოს მასშტაბით 3000 „დასაქმების აგენტი“ ჰყავს. მათ კარდაკარის პრინციპით 763 000 ოჯახი უნდა მოიარონ და აღწერონოჯახების დასაქმებისა და გადამზადების საჭიროებები. მოგვიანებით შევსებული ანკეტები ოპერატორებს დასაქმების ერთიან ელექტრონულ ბაზაში შეჰყავთ. უკანასკნელი ორი თვის განმავლობაში, „დასაქმების აგენტები“ უკვე ესტუმრნენ 559 000 ოჯახს, რომელთაგანაც 289 000 ოჯახის ანკეტა უკვე დასაქმების ერთიან ელექტრონულ ბაზაში არის განთავსებული. ოქტომბერში, სააგენტოს მიერ აღნიშნული პროგრამის დასრულების შემდეგ, ელექტრონული ბაზა და არქივი სრულად გადაეცემა დასაქმების სამინისტროს შემდგომი რეაგირებისათვის.