14, 15 და 16 სექტემბერს მთელს მსოფლიოში ტარდება - „დავასუფთავოთ მსოფლიო“ (Clean Up the World).
ტრადიცია 1992 წელს დაფუძნდა გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) ინიციატივით და ადგილობრივი გარემოს გაუმჯობესების მიზნით აერთიანებს ქვეყნების ხელისუფლებისა და ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებს, საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, სასწავლო დაწესებულებებს და ცალკეულ პირებს ფართომასშტაბიანი დასუფთავების აქციებისა და შესაბამისი პროგრამების განხორციელებისათვის. კამპანია იმართება ყოველ სექტემბერს და მასში 130-მდე ქვეყანა მონაწილეობს. წლევანდელი დევიზია: „ჩვენი ქვეყანა... ჩვენი პლანეტა... ჩვენი პასუხისმგებლობა".
საქართველოში უკვე მესამედ ტარდება ფართომასშტაბიანი აქცია ,,დავასუფთავოთ საქართველო“, რომელიც ხორციელდება საერთაშორისო კამპანიის ,,დავასუფთავოთ მსოფლიო“ (Clean Up the World) ფარგლებში. აქციას ,,დავასუფთავოთ საქართველო“ ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი – ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა დედამიწის მეგობრები / საქართველო და მდგრადი განვითარების კავშირი ,,ეკოხედვა”, გარემოსდაცვის სამინისტრო, შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (Sida) ფინანსური უზრუნველყოფით.
დასუფთავების აქცია გაიმართება 2012 წლის 14 სექტემბერს, პარასკევს დილის 10:00 საათიდან მარნეულის მუნიციპალიტეტში და მასში მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი თვითმმართველობის და სამოქალაქო საზოგადოების წევრები, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები და სკოლის მოსწავლეები.
საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში 12 და 13 სექტემბერს მოხალისეები დაარიგებენ ორენოვან საინფორმაციო ფურცლებს (ქართულ და აზერბაიჯანულ ენებზე), რომლებიც მოუწოდებს მარნეულის მოსახლეობას აქტიურად ჩაერთონ დასუფთავების აქციაში და კიდევ ერთხელ შეახსენებს მათ, რომ „ჩვენი ქვეყანა... ჩვენი პლანეტა... ჩვენი პასუხისმგებლობაა"! ამავე კამპანიის ფარგლებში 13 სექტემბერს, 19:00 საათზე, მარნეულის ადგილობრივი ტელევიზია ღია ეთერს დაუთმობს ისეთ მწვავე პრობლემას, როგორიც გახლავთ ნარჩენების მენეჯმენტი. თემაზე ისაუბრებენ ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადობის, კერძო სექტორისა და თვითმმართველობის წარმოამდგენლები.
კამპანიის დასასრულს, 17 სექტემბერს 11:00 საათზე, გაიმართება შემაჯამებელი შეხვედრა.