"სვანებს მიწები დაუკანონდებათ“, - ამის შესახებ ქვეყნის პირველმა პირმა მესტიაში სვანეთის მუზეუმის გახსნის შემდეგ მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ერთ სულ მაცხოვრებელზე საკმაოდ დიდი თანხა დაიხარჯა, არც ერთი მხარე არ დაჩაგრულა საქართველოში ისე, როგორც სვანეთი.
პრეზიდენტის განცხადებით, ის თავს მოვალედ გრძნობდა სვანების წინაშე, სწორედ ამიტომ გაკეთდა ამდენი რამე და მათ პირობა მისცა, რომ კიდევ ბევრ რამეს გააკეთებს.
„მე მინდა, ვუთხრა სრულიად საქართველოს, სვანეთი ისე შორს არ არის, როგორც თქვენ გგონიათ. ყველაზე უფრო დარბაისელი, ყველაზე უფრო გამტანი და წესიერი ხალხი სწორედ აქ, სვანეთში ცხოვრობენ, იმიტომ, რომ ძალიან მშრომელი ხალხი ხართ. ეს არის ისტორიული საქართველოს გვირგვინი. ბევრი დამცინოდა, როცა აქ რაღაცეების კეთება დავიწყეთ, ჯერ უნდა დაგვემყარებინა წესრიგი, არავის დევნა თვითმიზანი არ ყოფილა და ეს გავაკეთეთ, მერე გავაკეთეთ გზა და აეროპორტი. წელს დავიწყებთ უშგულისკენ მიმავალი გზის მშენებლობას", - განაცხადა პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ ეს ახალი გვირაბის მშენებლობას უკავშირდება.
სააკაშვილის განმარტებით, ამ გვირაბით, ზემო და ქვემო სვანეთი ერთმანეთს პირდაპირ გვირაბით დაუკავშირდება. მისი თქმით გვირაბის მშენებლობა 15 წელიწადში დასრულდება.
„მე ვიცი, რომ აქ არის საუკუნეობრივი ტრადიცია, რომელი სათიბი ვისია, რომელი საძოვარი ვისია და ხშირად ეს ქაღალდზეც კი არ არის დაწერილი სადმე. მე გავეცი განკარგულება, ერთი კვირის წინ შეიქმნა კომისია და ყველაფერი უნდა დაკანონდეს. მე ვფიქრობ, რომ ყველას უნდა ჰქონდეს თავისი მიწა და ამ მიწის საბუთი", - აღნიშნა პრეზიდენტმა.