საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მესტიაში სვანეთის მუზეუმი გახსნა. ამ ეტაპზე სვანეთის მუზეუმის რეაბილიტაციის პირველი ეტაპია დასრულებული, რომლის ფარგლებშიც თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მუდმივი ექსპოზიციის 6 დარბაზი და დროებითი საგამოფენო სივრცე მოეწყო.
პრეზიდენტმა ადგილობრივ მოსახლეობას სიტყვითაც მიმართა და სვანურად მიესალმა. მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ სვანეთში ყველა ოჯახი უნდა გამოვიდეს გაჭირვებიდან. მისი თქმით, საქართველოს მთავრობას არსად დაუხარჯავს იმდენი ფული ერთ სულ მოსახლეზე, რამდენიც სვანეთში.
„ახლა ერთმა ამერიკელმა ფოტოგრაფმა მესტიაში რამდენიმე წლის წინ გადაღებული ფოტოები მაჩვენა, მაშინაც ძალიან ლამაზი ხალხი იყო აქ, მაგრამ აქაურობა დანგრეული და გავერანებული იყო. მაშინაც ჰქონდა ხალხს ოპტიმიზმი, მაგრამ მაინც მოუხდათ აქედან წასვლა და გაქცევა სხვა ქვეყნებში ლუკმა-პურის საშოვნელად. ჩვენ ყველანი ვართ მომსწრე სვანეთში სვანების დაბრუნების და ამ კუთხის განვითარების. დღეს ჩვენ გავხსენით მესტიის მუზეუმი. წინა წლებში აქ რომ მოვდიოდი, ყოველთვის გული მიკვდებოდა, როცა ვხედავდი თუ როგორ დღეში იყო ჩვენი ხატები, როგორ მდგომარეობაში იყვნენ მუზეუმის თანამშრომლები და მაინც მოიტანეს მუზეუმი აქამდე. როცა ჩვენ ამ ყველაფრის აღორძინება გადავწყვიტეთ, ბევრი გვიშლიდა ხელს, მაგრამ ეს ჩემი ახირება კი არ არის, მე მართლა მინდა, რომ ეს ყველაზე მაგარი ადგილი იყოს. ყველა სვანის ოჯახში უნდა შევიდეს სიმდიდრე და დოვლათი“, - განაცხადა სააკაშვილმა.