ახალგაზრდა მწვანეების აქცია - „მომეცი არჩევანი“

ახალგაზრდა მწვანეების აქცია - „მომეცი არჩევანი“

დღეს 17:00 საათზე  ვაკის პარკში, საქართველოს ახალგაზრდა მწვანეების აქცია გაიმართება სახელწოდებით, „მომეცი არჩევანი“. აქცია უცნობი ჯარისკაცის საფლავთან გაიმართება , რომელიც სავალდებულო სამხედრო სამსახურისა და პრეზიდენტის ახალი ინიციატივის წინააღმდეგ იქნება მიმართული.

როგორც ორგანიზაციააში განმარტავენ, ქართული სახელმწიფო ქვეყანაში მცხოვრებ მამრობითი სქესის სრულწლოვან მოქალაქეებს, მათი სურვილის მიუხედავად, უბიძგებს სავალდებულო ჯარში მსახურობისკენ, რაც ცალსახად არღვევს ზემოთ ნახსენებ პრინციპებს.

„საქართველოს ახალგაზრდა მწვანეები ვეწინააღმდეგებით სავალდებულო სამხედრო სამსახურს იმიტომ, რომ 18-დან 27 წლამდე მამაკაცების დიდი ნაწილი (განურჩევლად მათი შეხედულებებისა და პრინციპებისა) იძულებულია ერთი სასწავლო პროგრამის დასრულების შემდეგ კვლავ სწავლა განაგრძოს, რათა „სამშობლოს მიერ კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება“ თავიდან აირიდოს. სწავლის ალტერნატივა კი მხოლოდ ჯარია და არა მუშაობა, თვით-განათლება, მოგზაურობა ან მსოფლმხედველობისა და ცნობიერების რაიმე სხვა გზით გაფართოება“, - ნათქვამია განაცხადებაში.

გარდა ამისა, მწვანეები  პრეზიდენტის ინიციატივასაც ეწინააღმდეგებიან სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოხდის შემთხვევაში საბაკალავრო განათლების სრული დაფინანსების შესახებ და აღნიშნავენ, რომ ეს უკიდურესად ზრდის გენდერულ და სოციალურ უთანასწორობას.

„საქართველოს ახალგაზრდა მწვანეები ვთვლით, რომ განათლება უნდა იყოს ყველასთვის თანაბრად ხელმისაწვდომი და ქვეყანაში მცხოვრებთ უნდა მიეცეთ თავისუფალი არჩევანის უფლება, რათა მათ დაგეგმონ საკუთარი ცხოვრება ისე, როგორც სურთ“, - აცხადებენ ისინი.