პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი შალვა შავგულიძე, ტაბიძის, ალ.აბაშელის ქუჩის და ჭაჭავაძის გამზირზე მცხოვრებ ამომრჩეველს შეხვდა.
შავგულიძის საარჩევნო შტაბის ინფორმაციით, მიუხედავად სოციალური პრობლემებისა, მთავარი საკითხი, რაც ამ ქუჩების ამომრჩეველს აწუხებს, არჩევნების შედეგების მოსალოდნელი გაყალბება და ხმების დაცვის მექანიზმია. ამ ქუჩებზე ბევრია ბინებზე მიწერილი უცხო პირები, რასაც მოსახლეობა აქტიურად აპროტესტებს.
„საარჩევნო ბლოკი „ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნება“ ინტენსიურად მუშაობს ამომრჩეველთა სიების დაზუსტებაზე. ახლა ვიწყებთ პროგრამა „კარ და კარ“-ის დასკვნით ეტაპს, რომელიც საბოლოოდ დააზუსტებს რეალური ამომრჩევლის სიას. მერწმუნეთ, გაყალბებული სიაც ვერ დაეხმარება ხელისუფლებას გამარჯვებაში, თუ თქვენ იქნებით აქტიურნი და მიხვალთ საარჩევნო უბნებზე. თითოეული შინ დარჩენილი ამომრჩევლის ხმას, ხელისუფლება თავის სასარგებლოდ მიითვისებს, ამიტომ უნდა გამოვიჩინოთ მოქალაქეობრივი სიმამაცე და დავანახოთ ამ ხელისუფლებას, თუ რამდენად ბევრნი ვართ მათზე“, - მიმართა ამომრჩეველს შალვა შავგულიძემ.
საარჩევნო ბლოკის „ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნება“ გამარჯვების შემთხვევაში, ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი შალვა შავგულიძე, ამომრჩეველს ყველა პრობლემის სამართლებრივი გზით მოგვარებას დაპირდა.