აფხაზეთიდან დევნილი საზოგადოება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს და მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოს მეორეს მიმართავს.
„ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ 17-18 სექტემბერს კონსტანტინოპოლის საპატრიარქოში გაიმართება შეხვედრა აფხაზეთის ეპარქიის საკითხთან დაკავშირებით, სადაც მიწვეული არიან საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის წევრები. ცნობილია, რომ ზოგიერთი აფხაზი სასულიერო პირი სხვადასხვა ეკლესიის წინაშე აყენებს საქართველოს ეკლესიის იურისდიქციიდან აფხაზეთის ეპარქიის გამოყოფის საკითხს. ჩვენ, აფხაზეთიდან დევნილები, რომელთა შორის არიან აფხაზები, ქართველები, რუსები, ბერძნები, სომხები, ებრაელები, ასევე სხვა ეროვნების წარმომადგენლები, ვსვამთ კითხვას - რატომ არავინ ითვალისწინებს ჩვენს, როგორც აფხაზეთის მართლმადიდებელი ქრისტიანების აზრსა და სურვილს, ვიყოთ ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიაში და საქართველოს სამოციქულო ეკლესიის წიაღში, ეკლესიისა, რომელიც საუკუნეების მანძილზე, ყოველთვის თავგანწირვით იცავდა ქრისტეს ჭეშმარიტ სარწმუნოებას, მტრებით გარშემორტყმულ საქართველოს მთელს ტერიტორიაზე“, -ნათქვამია მიმართვაში.
მიმართვაში აღნიშნულია, რომ სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე 11 წლის განმავლობაში ბრძანდებოდა ცხუმ-აფხაზეთის მღვდელმთავარი და იგი ყოველთვის დიდი სიყვარულით არის გამსჭვალული აფხაზი ხალხის მიმართ. მიმართვაში საუბარია იმ სასულიერო პირებზე, რომლებსაც სურთ აფხაზეთის ეპარქია ჩამოსცილდეს საქართველოს ეკლესიის იურისდიქციას.
„ეს სასულიერო პირები, ბოლო დროს, მხარდასაჭერად მიმართავენ ხან მოსკოვის, ხან კონსტანტინოპოლის საპატრიარქოებს, ხან კიდევ სხვა ეკლესიებს. მოგახსენებთ, რომ ეს ადამიანები წარმოადგენენ აფხაზეთის მოსახლეობის მცირერიცხოვან ჯგუფს, ხოლო მათი ინტერესები ვიწრო ნაციონალისტური და პირადი ამბიციების დაკმაყოფილებას ემსახურება“, - ნათქვამია მიმართვაში.
მიმართვის ავტორები ასევე აღნიშნავენ, რომ აფხაზი ეროვნების სასულიერო პირების ლოცვა-კურთხევით, აფხაზეთში მიმდინარეობს უძველესი ქართული ტაძრების დამახინჯება, მათი არქიტექტურული იერსახის შეცვლა, X-XI საუკუნეების ქართული ფრესკებისა და ქართული წარწერების განადგურება.
„მსოფლიო პატრიარქის მიერ მათთან სერიოზული დიალოგის წარმოებაც კი მხოლოდ წაახალისებს ქრისტიანულ კანონიკურ და ზნეობრივ ნორმებთან შეუთავსებელი მსგავსი ქმედებების კიდევ უფრო მეტი ინტენსიურობით გაგრძელებას აფხაზეთში“, - აცხადებენ მიმართვის ავტორები.
მიმართვის ტექსტი სოხუმის უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრაზე შემუშავდა. მიმართვის ავტორები საქართველოს ეკლესიის იურისდიქციიდან აფხაზეთის ეპარქიის გამოყოფის საკითხის დასმას დაუშვებლად მიიჩნევენ.
სოხუმის უნივერსიტეტში დღეს აფხაზეთის მთავრობის, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრები, სოხუმის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, დევნილები და აფხაზები შეიკრიბნენ. შეხვედრაზე ბოლო წლებში სეპარატისტული აფხაზეთის ეკლესიის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიიდან გამოყოფის სურვილი და მცდელობის ფაქტები დაგმეს. შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ აფხაზეთის საკათალიკოსო და საეპისკოპოსო ყოველთვის მართლმადიდებელი ეკლესიის დაქვემდებარებაში იყო და დამოუკიდებლად არ არსებობდა.