რუსეთის საზოგადოებრივი პალატის წევრებმა სერგეი მარკოვმა, მაქსიმ გრიგორევმა და ალექსანდრე სოკოლოვმა ევროსაბჭოს და საერთაშორისო ორგანიზაციებს წერილი გაუგზავნეს და აცნობეს, რომ ქართულმა საარჩევნო კომისიამ მათ უარი განუცხადა საერთაშორისო დამკვირვებლების სახით დარეგისტრირებაზე იმ მიზეზით, რომ ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არის. საზოგადოებრივი პალატის წევრების განცხადებით ზურაბ ხარატიშვილის უარი პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რომელიც საქართველოს კანონმდებლობას ეწინააღმდეგება.
„ეს გადაწყვეტილება, რომელსაც ცესკო-ს თავმჯდომარემ ზურაბ ხარატიშვილმა მოაწერა ხელი, ეფუძნება იმას, რომ რუსეთსა და საქართველსო შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. თუმცა, საქართველოს საარჩევნო კოდექსის 39-ე და მე-40 მუხლების მიხედვით, ეს მიზეზი არ ითვალისწინებს საერთაშორისო დამკვირვებლებისთვის უარის თქმას რეგისტრაციაში გატარებაზე. გარდა ამის, მე-40 მუხლის მე-5 პუნქტში ნათქვამია, რომ ცესკო-ს უფლება არ აქვს უარი უთხრას საერთაშორისო დამკვირვებლებს დარეგისტრირებაზე, თუ განცხადება ყველა წესის დაცვითაა შევსებული“,-ნათქვამია ევროსაბჭოსადმი გაგზავნილ განცხადებაში.
დეპუტატები აცხადებენ, რომ ეს უარი არ არის ღია და გამჭვირვალე დემოკრატიული არჩევნების ჩატარების წინაპირობა.
„ვთვლით, რომ საქართველოს ხელისუფლების ეს ნაბიჯი არა მარტო ეჭვქვეშ აყენებს ქვეყანაში ჩატარებული არჩევენების ლეგიტიმურობას, არამედ კონსტრუქტიულ დიალოგს, ორმხრივ თანამშრომლობასა და კავკასიის აყვავებას უშლის ხელს“,-აცხადებენ საზოგადოებრივი პალატის წევრები.
დეპუტატების განცხადებით, საკმაოდ დიდი ძალაა ჩადებული დასავლეთში საქართველოს იმიჯის შესაქმნელად, ამიტომ მას ცალკეული დამკვირვებლების გულისთვის არც გააფუჭებენ. „რუსი დამკვირვებლების ჩასვლა კი არ უნდათ იმიტომ, რომ ისინი იქ დემოკრატიული პროცესებისადმი გადახვევას დააფიქსირებენ“,-აცხადებს სოკოლოვი.