"ახალი მემარჯვენეების" ერთ-ერთმა ლიდერმა და ოზურგეთში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ლევან კალანდაძე ოზურგეთის რაიონის სოფელ დვაბზუში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრა უალკოჰოლო სასმელი "ბახმაროს" ყოფილ საწარმოს ტერიტორიაზე გაიმართა, სადაც განაცხადა, რომ ეს ქარხანა არის ნათელი ნიმუში და მაგალითი, იმისა თუ რას წარმოადგენს დღევანდელი ხელისუფლების დასაქმების და ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის პოლიტიკა.
„ქარხანას, რომელიც პრეზიდენტმა სააკაშვილმა ამ რამდენიმე წლის წინ ზარ-ზეიმით გახსნა, ერთი დღეც არ უმუშავია და ამხელა საწარმოო პოტენციალი და ათეულობით ადამიანის დასაქმების შესაძლებლობა დღეს ერთი პროცენტითაც არ არის გამოყენებული. წარსულში ძალზედ პოპულარული ლიმონათი "ბახმაროს" დამამზადებელ ქარხანაში 200-მდე კაცი იყო დასაქმებული და დღეს კი, ეს პრაქტიკულად გამართული საწარმო სრულიად უფუნქციოდ დგას" - განაცხადა ლევან კალანდაძემ.
უალკოჰოლო სასმელი "ბახმაროს" ყოფილ საწარმოში ახალი კერამიკული საწარმო რამდენიმე წლის წინ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილმა პირადად გახსნა და ადგილობრივ მოსახლეობას 50 ახალი სამუშაო ადგილის შექმნა მიულოცა. საწარმოს კერამიკული პროდუქცია უნდა ეწარმოებინა, რომელიც ექსპორტზე გავიდოდა.
"ეს არის იმ ფორმალური და ზედაპირული პოლიტიკის შედეგი, რასაც ხელისუფლება ვითომდა ადამიანების დასაქმების პროგრამების სახით, როგორც წესი არჩევნების წინ სთავაზობს საზოგადოებას - საზეიმოდ იჭრება ლენტები, იდგმება შოუები, არის ბევრი ტაში და "მადლობა მიშას". მთავრდება არჩევნები და ხელისუფლება როგორც წარსულში, ისევ ივიწყებს დანაპირებს - საწარმოო ფართები ისევ უფუნქციოდ და ისევ დაუტვირთავი რჩება, ადამიანები კი, კვლავ დასაქმების მოლოდინში არიან" - აღნიშნა ლევან კალანდაძემ.
მისივე განმარტებით, რაიონებში და სოფლებში უამრავი სხვადასხვა პროფილის საწარმო მუშაობდა და ამის პოტენციალი და შესაძლებლობა დღესაც არის. კალანდაძის თქმით, პრობლემა ის არის, რომ ხელისუფლება რეგიონებში და სოფლებში მცირე საწარმოების შექმნას და ამოქმედებას ხელს არ უწყობს.
„ხელისუფლების ერთადერთი საზრუნავი არის მსხვილი მონოპოლისტური ბიზნეს ჯგუფების ლობირება და მათი ინტერესების გატარება, რაც პირდაპირ არის დაკავშირებული "ნაციონალური მოძრაობის" პარტიული ხაზინის შევსებასა და ხელისუფლების მაღალჩინოსნების ოჯახებისთვის მაღალი შემოსავლების მიღებასთან“, - დასძინა მან.