ნაციონალური მოძრაობის ზოგიერთი კოორდინატორი მოსახლეობის დაშინების ძველ მეთოდს მიმართავს. მეთოდი უშუალოდ არჩევნების დღეს, საარჩევნო ბიულეტენებს შეეხება.
ამ დღეებში ხმები გაავრცელეს თითქოს საარჩევნო ბიულეტენს საიდენტიფიკაციო ნომერი აქვს მინიჭებული და ვინ ვის აძლევს ხმას, ამის გაგება მარტივად არის შესაძლებელი.
კერძოდ, ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანას ასეთი „ტრიუკით“ ცდილობენ, მათ ეუბნებიან, რომ თითოეულ ბიულეტენს ნომერი აქვს მინიჭებული და როდესაც ამომრჩეველი ბიულეტენს იღებს, მას იდენტიფიცირებულ ბიულეტენს აძლევენ.
თუ ამომრჩეველი შეცდომაში შევიდა, მით უფრო თუ დაშინდა, მაშინ წავა და ხმას ნაციონალებს მისცემს. ეს სწორედ ამაზეა გათვლილი, რომ ზოგიერთი დააშინონ, ზოგიერთი მოატყუონ და გააბრიყვონ.
არადა, ყველამ იცის, რომ ბიულეტენებს არანაირი ნომერი არა აქვს მინიჭებული და არც ერთი ამომრჩევლის იდენტიფიცირება არ არის შესაძლებელი. უფრო მეტიც, ხმის მიცემის ფარულობის დაცვა ყველა ქვეყანაში კანონით არის გარანტირებული.
თანაც, როგორც არ უნდა ეცადონ მოსახლეობის ნაწილის მოტყუებას, რომ ყველა ბიულეტენს ნომერი აქვს მინიჭებული, ეს ინფორმირებულ ამომრჩეველს შეცდომაში ვეღარ შეიყვანს.
გარდა, ამისა, ამ არჩევნების დროს ასევე აქტუალური იქნება ე.წ. სომხური კარუსელი.
რაში მდგომარეობს ე.წ. სომხური კარუსელის არსი?
ამომრჩეველს, რომელიც წინასწარ არის შერჩეული, გამზადებულ, შემოხაზულ საარჩევნო ბიულეტენს აძლევენ. ძნელი გამოსაცნობი არ არის, რომ წინასწარ შემოხაზული პარტია – ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა. როდესაც ამომრჩეველი წინასწარ შემოხაზული ბიულეტენით საარჩევნო უბანზე შედის, ახალ ბიულეტენს იღებს, კაბინაში შედის ვითომ ხმის მისაცემად, სინამდვილეში კი ცარიელ ბიულეტენს ჯიბეში იდებს და გარეთ გამოაქვს, წინასწარ შემოხატულ 5–ნომრიან ბიულეტენს კი საარჩევნო ყუთში აგდებს. ამის შემდეგ, ნაციონალური მოძრაობის კოორდინატორები ამომრჩევლის მიერ გარეთ გამოტანილ ცარიელ ბიულეტენში 5 ნომერს საგულდაგულოდ შემოხაზავენ და შემდეგ ამომრჩეველს გადასცემენ. ამგვარად, წინასწარ, ხუთიან შემოხაზული ბიულეტენები წრეში ტრიალებს.
ე.წ. სომხური კარუსელის გამოყენების ფაქტზე ოპოზიცია წინა არჩევნების დროსაც საუბრობდა, თუმცა მმართველი პარტია მაშინ ამ ყველაფერს ოპოზიციის ფანტაზიას უწოდებდა.
დაშინებულ ან შეცდომაში შეყვანილ ამომრჩეველს კი შეუძლია ან წინასწარ 5–იან შემოხაზული ბიულეტენი საარჩევნო ყუთში ჩააგდოს, ან ბიულეტენი გააბათილოს და 5–ის გარდა კიდევ რამდენიმე პარტია შემოხაზოს. იმ შემთხვევაში თუ 5–ის გარდა, ანუ ნაციონალური მოძრაობის გარდა სხვა პარტიებიც იქნება ბიულეტენში შემოხაზული, მაშინ ასეთი ბიულეტენი ბათილად ჩაითვლება და ხმა არც ერთი პარტიის სასარგებლოდ არ ჩაითვლება.
ამდენად, საარჩევნო კაბინაში შესულ ამომრჩეველს (რომელსაც არც დანომრილ ბიულეტენს აძლევენ და არც დანიშნულს) სრული იმპროვიზაციის უნარი აქვს – ხმას იმ კანდიდატს ან პარტიას მისცემს, რომელსაც მისაღებად ჩათვლის.