ნატოს გენერალური მდივანის ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებით, ნატო რუსეთის სამხედრო წვრთნების ჩატარებას არ ეწინააღმდეგება, თუმცა ის მოსკოვს მაქსიმალური გამჭვირვალობისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ მან „ევრონიუსთან" ინტერვიუში განაცხადა.
მისი განმარტებით, აუცილებელია ალიანსმა რუსეთმა მათ მიაწოდონ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის წვრთნების მიზანი და ასევე, სად და როგორ ჩატარდება.
„ჩვენ რუსეთისგან არანაირი ოფიციალური ინფორმაცია არ მიგვიღია, რაც ძალიან გვაწუხებს", - განაცხადა რასმუსენმა.
„ევრონიუსი" საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ალიანსის გეგმებითაც დაინტერსდა, რაზედაც რასმუსენმა უპასუხა, რომ ნატო დაინტერესებულია, რომ საქართველო ალიანსის წევრი გახდეს.
„ეს, რასაკვირველია, რუსეთს ძალიან აწუხებს. რამდენად შორს წასასვლელად არის ალიანსი იმ გზაზე, რომელსაც რუსეთი საკუთარი ინტერესების ზონად მიიჩნევს?", - აღნიშნავს ის.
ანდერს ფოგ რასმუსენის განმარტებით, ნატო მხარს უჭერს ეუთო-ს ქარტიაში ჩადებულ ძირითად პრინციპს, რომელსაც ევროატლანტიკური სივრცის ქვეყნებმა 1999 წელს მოაწერეს ხელი.
„იქ მკვეთრად განსაზღვრულია ყველა სახელმწიფოს უფლება, დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება ალიანსში გაწევრიანების შესახებ. ვიმედოვნებ, რუსეთში ეს ახსოვთ. ასე, რომ ეს საქართველოს გადასაწყვეტია. მან კი საკუთარი ინტერესი უკვე დააფიქსირა“, - დასძინა მან.