სარეკლამო კომპანიების შპს „ალმა +“ - ის და „აუთდორ.ჯი“ - ის დირექტორის მოადგილებმა, თამარ ნარიმანიძემ და კონსტანტინე ჭავჭანიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პოლიტიკურ სუბიექტებს წინასაარჩევნო პერიოდის დასრულებამდე, პოლიტიკური რეკლამის 35%-იანი ფასდაკლებით განთავსება შესთავზეს.
მათი განცხადებით, დღევანდელი მდგომარეობით, კომპანიებს საკმარისი თავისუფალი სარეკლამო ფართი აქვთ და პოლიტიკურ სუბიექტებს სურვილის შემთხვევაში მომსახურებას შესთავაზებენ.
მათივე განმარტებით, ყველა პოლიტიკური სუბიექტი სარგებლობდა და მომავალშიც ისარგებლებს თანაბარი ტარიფებით.
სარეკლამო კომპანიების წარმომადგენლები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ არც აქამდე და არც ამის შემდეგ, არცერთ პოლიტიკურ ძალას არ ეზღუდება სააგიტაციო მასალის განთავსების შესაძლებლობა.
მათი ცნობით, პოლიტიკური რეკლამის ტარიფები თბილისის ტერიტორიაზე 1კვ.მ ბილბორდზე, იუნიპოლსა და ლაიქბოქსზე 47.2 აშშ დოლარია, დანარჩენ საქართველოს ტერიტორიაზე კი, 35.4 აშშ დოლარი. ფასდაკლების შემთხვევაში კი - თბილისის ტერიტორიაზე მისი ღირებულება 30.68 აშშ დოლარი, ხოლო რეგიონებში 23.1 აშშ დოლარი იქნება.