არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ საარჩევნო ადმინისტრაციებისა და სხვადასხვა ორგანიზაციებისადმი მიმართვას ავრცელებენ.
მიმართვაში კონკრეტული განცხადებები და წინადადებებია წარმოდგენილი.
მიმართვის თანახმად, საპარლამენტო არჩევნების დღეს, 2012 წლის 1 ოქტომბერს, არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის”, რომელსაც არჩევნებზე დამკვირვებლის სტატუსი გააჩნია, საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-8 მუხლის 25-ე პუნქტის საფუძველზე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე არსებულ ყველა საარჩევნო უბანში არჩევნების მიმდინარეობის პროცესის ფოტოვიდეოგადაღებას განახორციელებს.
არასამთავრობოში აცხადებენ, რომ ეს ხელს შეუწყობს არჩევნების გამჭვირვალობას, მოგვცემს ყველა დარღვევის დაფიქსირებისა და საჭიროების შემთხვევაში, დარღვევების გასაჩივრებისას შესაბამისი მტკიცებულებების შექმნის შესაძლებლობას.
„ობიექტური არჩევნების ჩატარებისათვის ხელშეწყობის მიზნით ჩვენი ორგანიზაციის ოფისში შეიქმნება დარღვევების დაფიქსირების შტაბი, სადაც არჩევნების მიმდინარეობის დღეს ყოველ 2 საათში გაიმართებს ბრიფინგი და საქართველოს ყველა საარჩევნო უბნიდან წარმოდგენილი იქნება ფოტო და ვიდეომასალები.
ჩვენ უკვე მივმართეთ ცესკოს და საოლქო საარჩევნო კომისიებს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და მოვითხოვეთ მათგან ამ საქმიანობაში ხელის შეწყობა და საარჩევნო უბნებზე უწყვეტი დენის წყაროს უზრუნველყოფა.
ამჯერად მივმართავთ ყველა იურიდიულ და ფიზიკურ პირს, თვითეულ მოქალაქეს, ბეჭდვითი და ელექტრონული მედიის ყველა საშუალებას (გაზეთებს, ტელევიზიებს, რადიოებს, ჟურნალებს, ინტერნეტტელევიზიებს, ინტერნეტგაზეთებს, სააგენტოებს), რათა მათ თავიანთი რესურსები გააერთიანონ არჩევნების მიმდინარეობის პროცესის ფოტოვიდეოგადაღების საქმეში, ერთად შევქმნათ დარღვევების ერთიანი ბაზა და არჩევნების დღეს ერთად მოვახდინოთ ამ დარღვევების შესახებ მოპოვებული და დაფიქსირებული მასალების წარდგენა საზოგადოების წინაშე“, - ნათქვამია მიმართვაში.
არასამთავრობო ორგანიზაცია ამ საკითხით დაინტერესებულ ყველა აქტიურ მოქალაქეს, ვისაც აქვთ სურვილი და შესაძლებლობა, როგორც ადამიანური, ისე ტექნიკური რესურსების გაერთიანებისკენ მოუწიდებს.
„რათა არჩევნების დღეს, 1 ოქტომბერს ჩვენ, მოქალაქეებმა, უზრუნველვყოთ გამჭვირვალე და გაუყალბებელი არჩევნების ჩატარება, დავიცვათ ჩვენი ხმები და ვამხილოთ ყველა დარღვევა და გაყალბება“, - ნათქვამია მიმართვაში.