ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელმა ლუკა ვოლონტემ საქართველოში ვიზიტის შემაჯამებელ ბრიფინგზე ხელისუფლებას „Must Carry“-სა და „Must Ooffer“-ის პრინციპების გახანგრძლივებისკენ მოუწოდა.
როგორც ევროსაბჭოს დელეგაციის ხელმძღვანელმა ლუკა ვოლონტემ განაცხადა, მასმედია საარჩევნო პროცესში გადამწყვეტ როლს ასრულებს, რადგან ის ამომრჩევლისთვის ინფორმაციის ძირითადი მიმწოდებელია.
„დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად აუცილებელი პირობაა, რომ ყველა პარტიას სრულად და თანაბრად მიუწვდებოდეს ხელი მედია-საშუალებებზე. დელეგაცია მიესალმება პლურალიზმზე და მედია ხელმისაწვდომობაზე ზრდას, რაც განპირობებული იყო „Must Carry“-სა და „Mudt Offer“-ის მეშვეობით. ჩვენ ვიცით, რომ ეს მოთხოვნა არჩევნების დღეზე და პოსტ საარჩევნო პერიოდზე არ ვრცელდება. აქედან გამომდინარე, დელეგაცია სთხოვს ხელისუფლებას განიხილოს „Must Carrry“-ს გახანგრძლივების შესაძლებლობა, ვიდრე საარჩევნო პროცესი არ დასრულდება. ამასთან, აღსანიშნავია, რომ საკაბელო მაუწყებლობა ფართოდ არ არის გავრცელებული საქართველოს ყველა რეგიონში, დელეგაცია მოუწოდებს ხელისუფლებას, გამოიყენონ ყველა შესაძლო საშუალება, რათა იმ რეგიონებში, რომლებსაც საკაბელო ტელევიზიები ვერ ფარავს, მედიაზე წვდომა გააუმჯობესონ“, - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ კამპანია „ეს შენ გეხებაში“ შემავალი არასამთავრობო ორგანიზაციები „Must Carry“-ს გაგრძელებას ითხოვენ და ამ მიზნით პარლამენტში საგანგებო სხდომის მოწვევას ითხოვენ, თუმცა პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე საგანგებო სხდომის გამართვას გამორიცხავს და აცხადებს, რომ „Must Carry“-ს საკანონმდებლო დასრულება არ ნიშნავს, რომ საკაბელოებსა და ტელევიზიებს შორის ეს თანამშრომლობა უნდა შეწყდეს და მათ შეუძლიათ ეს სურვილისამებრ გააგრძელონ.