ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია საარჩევნო სუბიექტებს მოუწოდებს ნუ დასვამენ კითხვის ქვეშ არჩევნებსა და მის შედეგს მანამ სანამ არჩევნები ჯერ არც კი ჩატარებულა.
დღეს პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე დელეგაციის ხელმძღვანელმა ლუკა ვოლონტემ განაცხადა, რომ საარჩევნო პერიოდში უმნიშვნელოვანესია საზოგადოების ნდობა პროცესისადმი.
,,ყველა პარტიამ და სახელმწიფო დაწესებულებამ თავი უნდა შეიკავოს ნებისმიერი ისეთი ნაბიჯის გადადგმისგან, რომელმაც შეიძლება ძირი გამოუთხაროს ამ ნდობას და ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ კიდევ უფრო გაამყარონ საზოგადოების ნდობა საარჩევნო პროცესის მიმართ. ასევე, ვთხოვთ და მოვუწოდებთ არჩევნებში მონაწილე ყველა საარჩევნო სუბიექტს, რომ ნუ დასვამენ კითხვის ქვეშ არჩევნებსა და მის შედეგს მანამ სანამ არჩევნები ჯერ არც კი ჩატარებულა’’ – აღნიშნა ლუკა ვოლონტემ.
ჟურნალისტების კითხვებზე პასუხის გაცემისგან დელეგაციის წევრებმა უარი განაცხადეს, რის გამოც დელეგაციის ხელმძღვანელმა ბოდიში მოიხადა.
ლუკა ვოლონტეს განმარტებით, ამჯერად დელეგაცია მხოლოდ ოფიციალური განცხადებით შემოიფარგლება, რადგან შესაძლოა რომელიმე პოლიტიკურმა სუბიექტმა, დელეგაციის განცხადებები, საკუთარი პოლიტიკური არგუმენტების გასამყარებლად გამოიყენოს.
1 ოქტომბერს, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია გაფართოებული შემადგენლობით, 30 კაცის შემადგენლობით ჩამოვა.