ხაშურის რაიონულ სასამართლოში გამართულ პროცესზე „ქართული ოცნების“ წევრებს ორთვიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს. დაკავებულები ქარელის მკვიდრნი - მირზა ხაბარელი და თემურ ჩაგელიშვილი არიან. მათ ბრალი ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე მუხლით წაუყენეს, რაც წვრილმანი ხულიგნობისთვის პასუხისგებას ითვალისწინებს. მირზა ხაბარელი ქარელის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის შოთა ხაბარელის ძმისშვილია.როგორც დაკავებულების ადვოკატმა ლაშა გოლუბიანმა განაცხადა, „ქართული ოცნების“ წევრები ქარელის რაიონის სოფელ ბრეთის რწმუნებულთან, მელორ ელიაშვილთან მიწის ნაკვეთების გაფორმების საკითხზე იყვნენ მისულნი, რასაც შელაპარაკება მოჰყვა.
შოთა ხაბარელის განცხადებით, მირზა ხაბარელი ორი თვის წინ პოლიტიკური ზეწოლით სამსახურიდან გაათავისუფლეს, თუმცა შემდეგ აღადგინეს, რადგან თავის შეცდომას მიხვდნენ. მას შემდეგ კი მის მიართ თვალთვალი გრძელდებოდა. „ადამიანი, რომელმაც მირზა პროვოკაციაზე წამოაგო, გამგებელია, რომელმაც ფაქტიურად მეზობლები დააყაჩაღა. ქალბატონი მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილი ყოველგვარი წესების გარეშე იქცეოდა. ჩიტაშვილს აუცილებლად მოუწევს პასუხისგაცემა უკანონო ქმედებებისთვის და ამის პასუხისმგებელი მე ვარ, სულ ცოტა დარჩა, სულ 20 დღე. ეს არის პირადად ჩემი პოლიტიკური ნიშნით დევნა,რადგან მირზა ხაბარელი ჩემი ძმისშვილი გახლავთ, მე უბრალოდ იმუნიტეტი მიცავს, თორემ არ არის გამორიცხული ზეწოლა ჩემზეც განხორციელდეს. ჩვენ ამ უკანონობას არჩევნების გზით აუცილებლად დავასრულებთ და „ნაციონალურ მოძრაობას“ პოლიტიკურ მოუსავლეთში გავისტუმრებთ!“,-განაცხადა შოთა ხაბარელმა.