გარდაბნის რაიონში საარჩევნო ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნების“ დეპუტატობის კანდიდატმა, მამუკა არეშიძემ დღეს სოფელ თაზაქენდთან მდებარე მარგანეცის გადამამუშავებელ საწარმოსთან საპროტესტო აქცია გამართა. მამუკა არეშიძის საარჩევნო შტაბის წევრებთან ერთად, აქციაში მონაწილეობა მიიღეს საარჩევნო ბლოკის გარდაბნის რაიონული ორგანიზაციის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა, ეკოლოგიის დარგის ექსპერტებმა და თაზაქენდის მაცხოვრებლებმა.
აქციის მონაწილეებმა გააპროტესტეს ის ფაქტი, რომ ხსენებული საწარმოდან გაფრქვეული მავნე ნივთიერებები პრობლემებს უქმნის ადგილობრივ მოსახლეობას: დიდი საფრთხე ექმნება როგორც სოფლის მოსახლეობის, ისე საწარმოში დასაქმებული მუშების ჯანმრთელობას, ზიანდება მოწეული პროდუქცია, მთელ სოფელში იგრძნობა აუტანელი სუნი, რაც სერიოზულ დისკომფორტს უქმნის ადგილობრივებს. საწარმო, რომელიც თაზაქენდთან 250-300 მეტრის დაშორებით მდებარეობს, გადაამუშავებს ჭიათურიდან და თურქეთიდან შემოტანილ მარგანეცსა და კოქსს. მიიღებენ სუფთა მანგანუმს, ფეროსილიკომანგანუმს და წარმოების ნარჩენ პროდუქტს, რაც სამშენებლო მასალის დასამზადებლად გამოიყენება.
მამუკა არეშიძის განცხადებით, საარჩევნო ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნების“ უმთავრესი პრიორიტეტი მოსახლეობის კეთიდღეობა და უსაფრთხოებაა. შესაბამისად, ეს პოლიტიკური ძალა, მისი ყოველი წარმომადგენელი ყველაფერს გააკეთებს დასახული მიზნის მისაღწევად.
მამუკა არეშიძე, ეკოლოგიის დარგის ექსპერტებთან და ადგილობრივ მაცხოვრებლებთან ერთად, შეხვდა ხსენებული საწარმოს მფლობელ, შპს „ნიკა 2004“-ის ხელმძღვანელს, გიორგი ლეჟავას. მამუკა არეშიძემ განაცხადა, რომ უნდა მოხდეს მავნე ნივთიერებების გაფილტვრა, რათა მოსახლეობა დაცული იყოს. შეხვედრისას შეთანხმდნენ, რომ რამდენიმე დღეში სპეციალური ქიმიური ლაბორატორიიდან მოიწვევენ ექსპერტებს, რომლებიც ადგილობრივი მაცხოვრებლების თანდასწრებით აიღებენ ნიადაგისა და ჰაერის სინჯებს. მათ ლაბორატორიაში ჩაუტარდებათ ანალიზი. შედეგად, უახლოეს დღეებში გაირკვევა, რამდენად ზიანდება გარემო საწარმოდან გაფრქვეული ნივთიერებებით, რა რისკი ექმნება თაზაქენდის მაცხოვრებელთა ჯანმრთელობას.
მხარეები იმაზეც შეთანხმდნენ, რომ საწარმოს ხელმძღვანელობა უახლოეს მომავალში თაზაქენდის რამდენიმე მაცხოვრებელს დაასაქმებს.