საზოგადოებრივმა მოძრაობამ „ამომრჩეველთა ლიგამ“ საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატიურ კორპუსს, ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გადაწყვეტილება გააცნო, რომლის თანახმადაც ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაცია „ამომრჩეველთა ლიგა“ პოლიტიკურ პარტიებთან გათანაბრდა.
„ამორჩეველათა ლიგის“ თავმჯდომარის, კოკა გუნცაძის თქმით, მას შემდეგ, რაც „ამომრჩეველთა ლიგამ“ განაცხადა, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებს დააკვირდება და დარეგისტრირდა ცესკოში როგორც სადამკვირვებლო ორგანიზაცია, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა „ამომრჩეველთა ლიგა“ საარჩევნო მიზნების მქონე ორგანიზაციად შეაფასა და პოლიტიკურ პარტიებთან გათანაბრებული პირის სტატუსი მიანიჭა.
გუნცაძის თქმით, აუდიტის სამსახურის განმარტება იმისა, თუ როგორ შეიძლება სადამკვირვებლო ორგანიზაციას საარჩევნო მიზნები ჰქონდეს, გაუგებარი და აბსურდულია.
ლიგაში მიაჩნიათ, რომ ხელისუფლება მიღებული კანონებით და უსამართლო გადაწყვეტილებებით არათანაბარ და არაკონკურენტულ საარჩევნო პირობებს ქმნის პოლიტიკური პარტიებისთვის, რაც მათი თქმით, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებშია აღნიშნული.
„ამჯერად, უსამართლო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებით სადამკვირვებლო ორგანიზაციებისთვის არათანაბარი პირობები იქმნება. მოძრაობა „ამომრჩეველთა ლიგამ“ საარჩევნო სიების დაზუსტებისას, საარჩევნო სიებში უამრავი ცდომილება გამოავლინა და ხელისუფლებას სარჩევნო სიის იმ ნაწილზე, რისი გამოყენებითაც გაყალბება ხდება, პირდაპირ მიუთითა. სიაში გამოვლენილი ყველა უზუსტობებით ინფორმაციულად აღჭურვილი გამოცდილი 2000 ათასზე მეტი დამკვირვებელი აშკარაა, რომ საარჩევნო ხმების თავისუფლად გაყალბებაში ხელს შეუშლის“, - განაცხადა გუნცაძემ.
როგორც მან აღნიშნა, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან დამკვირვებელ და უფლებათადამცველ ორგანიზაციებთან შეხვედრის მიზანია კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვან იმას, რომ პოლიტიკური სუბიექტების არათანაბარი პირობების შექმნის პარალელურად, ხელისუფლება ცდილობს არჩევნების დემოკრატიულ გარემოში ჩატარების დამკვირვებელი და შემფასებელი ორგანიზაცია შეიზღუდოს.