დევიდ ბექჰემი: არ ვიცი როგორ აღვწერო საკუთარი თავი, მირჩევნია ამაზე სხვებმა ისაუბრონ!

დევიდ ბექჰემი: არ ვიცი როგორ აღვწერო საკუთარი თავი, მირჩევნია ამაზე სხვებმა ისაუბრონ!

ტრანსატლანტიკური ფრენები ლოს ანჯელესამდე, ხანგრძლივი ფოტოსესიები, ფოტოგრაფის ბაღში სადაც მე და დევიდი ლუდს ვსვამთ და ვიცინით. ეს უბრალო შეხვედრაა ინტერვიუსთვის. ფოტოს ვუღებ ბექჰემის დაუმთავრებელი ლუდის ჭიქას და უკვე ვგეგმავ მის Twitter-ზე განთავსებას წარწერით: „იეე, აი ამ ჭიქიდან დალია ბექჰემმა!“- ამ დროს საკუთარ თავს ვაჩერებ. რა მჭირს ბოლო და ბოლოს, ეს უბრალოდ მინის ჭიქაში ჩარჩენილი სითხეა, მეტი არაფერი. რატომღაც მახსენდება, რომ მეცნიერებს დღეს ადამიანის კლონირება შეუძლიათ, ავიღებ შუშიდან დნმ-ის ნიმუშებს და მეც მეყოლება ჩემი საკუთარი დევიდი, ვფიქრობ ჩემთვის. (მოკითხვა მის ადვოკატებს, მეგობრებო ყოველი შემთხვევისთვის იცოდეთ: ვხუმრობ!)

უნდა ვაღიარო, რომ კამერა ძალიან ცვლის ადამიანს, რეალობაში დევიდი უფრო მაღალი, უფრო ლამაზი და სიმპათიურია... წარმოუდგენლად თბილი და ალალი. სანამ მას გადაღებებისთვის ამზადებდნენ, გარდერობის თანამშრომლები ერთმანეთს ეჭორავებოდნენ: „მართლა რა საყვარელია“, „ისეთი ყურადღებიანი და თავაზიანი, უბრალო რამეებზეც მადლობას იხდის“... ჩვენ, ჟურნალისტებს ჭორების არ გვჯერა და მეც ველოდები ვარსკვლავის გამოჩენას.

დევიდი ჩაწერაზე დამღლელი გადაღებების შემდეგ მოვიდა, საუბარი რაღაც ვერ აეწყო, ვგრძნობდი დაძაბული იყო და მისი აზრები სხვაგან დაქროდნენ. „ახლა ისე გამოიყურება, მჯერა, ბავშვობაში წაგებას ხმამაღალი ტირილით ხვდებოდა“.

„არაფერს ვაკეთებ ბრმად! ამბობს ბექჰემი და აგრძელებს, - თუ რამე არ გამომდის ორმაგი ძალით ვმუშაობ იმისათვის, რომ სასურველ შედეგს მივაღწიო. მე მინდა საუკეთესო ვიყო და ვფიქრობ, ეს ღირსეული მიზანია!“

 არ ვიცი რა ვკითხო, დავიბენი, ისეთი თავდაჯერებულია, მინდა კითხვების გარეშე ისაუბროს, ისაუბროს და არ გაჩერდეს.

-ჩვენ ყველაფერი გვაინტერესებს, ყოველი წვრილმანი თქვენი ცხოვრების შესახებ, თუნდაც როგორ გადის დევიდ ბექჰემის ერთი ჩვეულებრივი დღე...

- როგორ გადის ჩემი ჩვეულებრივი დღე? არაფერი განსაკუთრებული. შვიდი საათისთვის ვიღვიძებ, ზუსტად 15 წუთის, შემდეგ დგება პატარა ჰარპერი. ნახევარ საათში ბიჭებიც ფეხზე არიან. მათ საუზმეს თავად ვუმზადებ.

- რა უყვართ ბავშვებს, რას აჭმევთ დილით?

- ოთხივე, სხვადასხვა რამეს მიირთმევს, მაგალითად ბრუკლინს კრუასანები უყვარს ხილის ჯემთან ერთად. ჩემი მეორე ვაჟი, რომეო, ხილზე გიჟდება, განსაკუთრებით მანგო და ანანასი უყვარს. კრუზი კი, ყველაფერს ჭამს, კრუასანიდან შოკოლადამდე. მე კიდევ ამ ყველაფრის შემდეგ, მათი საუზმის ნარჩენებით ვიკვებები, სპეციალურად ჩემთვის მოსამზადებლად დრო არ მრჩება.

-შემდეგ რა ხდება?

-შემდეგ ბავშვები მიმყავს სკოლაში და მე ვარჯიშზე მივდივარ. შემდეგ ვსადილობ და სახლში ვბრუნდები, ვცდილობ, ცოტა წავუმუშაო და დავისვენო. ვიცი, ვიმსახურებ, მაგრამ ამ დროს ბავშვები ბრუნდებიან სკოლიდან. აი, ხომ ხედავთ, გეუბნებით არაფერი საინტერესო, ჩვეულებრივი უბრალო ცხოვრება მაქვს, როგორიც სხვა ადამაინებს.

-მოდის სამყაროზე რას გვეტყვით?

-მასზეც არაფერს განსაკუთრებულს, ჩვენებები სწრაფად გადის და ძალიან ბევრ მუშაობას მოითხოვს.

-თქვენი მეუღლე, ვიქტორია ამზადებს ახალ კოლექციას, როგორც ვიცით.

-დიახ, დღე და ღამე მუშაობს და დარწმუნებული ვარ, საქმეს თავს, როგორც ყოველთვის, ამჯერადაც შესანიშნავად გაართმევს. ის ყველაფერს ასწრებს, შესანიშანვი დედა, მეუღლე და ადამაინია, რაც არ უნდა დაკავებული იყოს ყველაფერზე წინ ყოველთვის ბავშვებს აყენებს.

-რა იყო ყველაზე რომანტიული საქციელი, რომელიც მისთვის ჩაგიდენიათ?

-ალბათ ნიშნობის მეორე ცერემონია 2008 წელს. ჩემი ორგანიზებული იყო. შევთავაზე სავახშმოდ წავსულიყავით, სინამდვილეში აეროპორტში წავიყვანე და თვითმფრინავში საქორწინო კაბა დავახვედრე.

-კაბა თავად შეარჩიეთ?

-დიახ, არჩევანი სადა Dolce & Gabbana-ს თეთრ კაბაზე შევაჩერე. ჩვენ მეორედ შევფიცეთ ერთმანეთს მარადიული სიყვარული და პარიზში გავფრინდით.

-ამის შემდეგ დაიბადა ჰარპერი, ის თქვენი პირველი ქალიშვილია, ვგრძნობ ყველაზე მეტად გიყვართ.

-საქმე იმაშია, რომ ჩვენ ძალიან გვინდოდა ქალიშვილი, მე განსაკუთრებით. ბიჭებთან ყველაფერი სხვაგვარადაა, ისინი შეიძლება რამეს წამოედონ და წაიქცნენ, მაგრამ არაუშავს წამოდგებიან. ჰარპერმა, რომ იტიროს შეიძლება მეც ვიტირო, დღემდე არ მჯერა რომ ქალიშვილი მყავს.

-როგორ გრძნობთ თავს სექ-სიმბოლოს როლში?

 -არ ვიცი, არ ვთვლი თავს სექს-სიმბოლოდ.

P.s: ამას ამბობს ადამიანი, რომელიც სულ ახლახანს გადიღეს H&M-ის საცვლების ახალ რეკლამაში, David Beckham Bodywear. ამ რეკლამას აუცილებლად შემოგთავაზებთ დევიდის გულშემატკივრებს, (აჯობებს თქვენვე განსაჯოთ) დიახ, დევიდის, რომელიც ამ წუთას ჩემს წინ ზის, და ვერაფრით უკავშირებს ერთმანეთს თავის თავსა და სიტყვას „სექს სიმბოლო.

 „ELLE“