ფრეკენ როზენბლუმი პეპის აღარ უსმენდა. იგი ანბანს ფურცლავდა, რომ პეპისთვის რაც შეიძლება რთული სიტყვები ამოეჩია.
- აბა, გოგონა, - თქვა ფრეკენ როზენბლუმმა ბოლოს, - მითხარი, როგორ იწერება „ზღვის ავადმყოფობა“.
- სიამოვნებით, - წამოიძახა პეპიმ, - „ზღუს ავანტყოფობა“.
ფრეკენ როზენბლუმმა უნდილად ჩაიღიმა.
- „დედაენაში ეგ სიტყვები რატომღაც სხვანაირად წერია, - გესლიანად უთხრა პეპის.
- ადვილი შესაძლებელია, - ოდნავადაც არ შემკრთალა პეპი, - მე მეგონა, თქვენ გაინტერესებდათ, მე როგორ ვწერდი ამ სიტყვას. „ზღუს ავანტყოფობა“ - ყოველთვის ასე ვწერ ხოლმე და ამით ჯერ არაფერი დაშავებულა.
(ასტრიდ ლინდგრენი, „პეპი გრძლიწინდა“)
„ინტერპრესნიუსი“ წერდა: „...ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის წარმომადგენლის განცხადებით, ტურისტებმა საქართველო უკვე დატოვეს. ინციდენტი ერთი კვირის წინ, სოფელ ომალოში მოხდა. თუშეთში დასასვენებლად მყოფმა რამდენიმე ქართველმა ახალგაზრდამ სამი გერმანელი ტურისტი სუფრაზე მიიწვია.
ჩხუბი მას შემდეგ დაიწყო, რაც ტურისტებმა ერთმანეთს აკოცეს. ქართველმა ახალგაზრდებმა გერმანელ ტურისტებს ჯერ სცემეს, ხოლო შემდეგ ხელ-ფეხი შეუკრეს და მდინარეში გადაყარეს. ტურისტები წყლიდან ომალოს მცხოვრებლებმა ამოიყვანეს. ტურისტული კომპანიის წარმომადგენლის ცნობით, ადგილობრივებმა უზრუნველყვეს ტურისტების ბარში უსაფრთხო ტრანსპორტირება, საიდანაც ისინი თბილისში ჩავიდნენ და საქართველო დატოვეს.
მომხდართან დაკავშირებით დაზარალებულ ტურისტებს არც პოლიციისთვის და არც საკონსულოსთვის არ მიუმართავთ. შესაბამისად, ახმეტის პოლიციაში სისხლის სამართლის საქმე აღძრული არ არის“.
ასე წერდა ჩემი მეგობარი სააგენტო. ჩემი მეგობარი სააგენტო კახეთის საინფორმაციო ცენტრზე დაყრდნობით ასევე წერდა, რომ ქართველი ახალგაზრდები, რომლებმაც ტურისტებს სცემეს, მაღალჩინოსნების შვილები არიან.
კახეთის სამხარეო ადმინისტრაცია ყველაფერს უარყოფს - ზაფხულში, როცა თუშეთში ძალიან ბევრი ტურისტია, პოლიციის თანამშრომლები იქ ყოველთვის არიან. საგუშაგოც აქვთ, აეროპორტის მოპირდაპირე მხარესო...
პოლიციაც იყო, მილიციაც, ჯარისკაცებიც, ოფიცრებიც, ტანკებიც და კვადროციკლებიც, მაგრამ დღეს მთელი ახალგორი წეროვანში ცხოვრობს, ხოლო მთელი წეროვანი შიშით ელის ჰიბრიდული სიმინდის ჭამით გამოწვეულ მუცლის გვრემას. თუმცა, კახეთის სამხარეო ადმინისტრაციისა არ იყოს, ხელისუფლებამ მაშინ დამარცხება გამარჯვებად გამოაცხადა, წეროვანის, გოროვანისა და ვანის მოსახლეობას კი არწმუნებს, რომ ჰიბრიდული სიმინდის ჭამით გამოწვეული მუცლის გვრემა, ფაქტობრივად, არაფრით განსხვავდება ორგაზმისგან - ჭამე და იკრუსუნე.
კახეთის სამხარეო ადმინისტრაცია უარყოფს. ანუ, ვიღაც დაჯდა და ამხელა ნიუსი შეთითხნა. კახეთის სამხარეო ადმინისტრაცია, თუ „საქმეს დაჭირდება“, მთა-თუშეთის არსებობასაც კი უარყოფს, მაგრამ ამ შემთხვევაში საქმეს (ქართველი ახალგაზრდები, რომლებმაც ტურისტებს სცემეს, მაღალჩინოსნების შვილები არიან) მხოლოდ ის დაჭირდა, რომ ის, რაც მოხდა, სინამდვილეში არ მომხდარა და, სამაგიეროდ მოხდარ ფაქტად ასაღებს იმას, რაც არ მომხდარა - წელს ტურისტების რაოდენობა რამდენჯერმეა გაზრდილიო.
საქართველოში ყველა პოლიტიკოსმა და პოლიტიკურმა პარტიამ, მეტ-ნაკლებად და ასე თუ ისე, მოახერხა და საკუთარი ნიშა დაიმკვიდრა. ერთადერთი, ლევან გაჩეჩილაძეა, რომელიც აქეთ-იქით აწყდება და ადგილს ვერ პოულობს. ჰოდა, გრეჩიხას ადგილას რომ ვიყო, გასულ კვირაში მივიდოდი კახეთის სამხარეო ადმინისტრაციასთან და მწარედ დავიგინებოდი. კარავს დავცემდი პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, ეკონომიკის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებთან, „რუსთავი 2“-თან და „იმედთან“... დღე და ღამე დაგინებაში ვიქნებოდი და ასე მოვინიშნავდი ადგილს პოლიტიკური მზის ქვეშ.
გასულ კვირამდე პაატა დავითაიას პარტიას ერქვა „ჩვენ თვითონ“ და თუ გაჩეჩილაძე ჩემს იდეას მოიწონებს, ვთავაზობ შექმნას პოლიტიკური ორგანიზაცია სახელწოდებით „მაშ, მტყუანს!“
გასულ კვირაში პაატა დავითაიამ თავის პარტიას სახელი გამოუცვალა და „ევროპელი დემოკრატები“ უწოდა. „ევროპულ-დემოკრატიული ღირებულებებისა და ინსტიტუციებისკენ სწრაფვა დაარსების დღიდან ჩვენი პარტიული დებულების ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია. სწორედ ამ ღირებულებების ხაზგასმა წარმოადგენს პარტიის ახალი სახელწოდების „საქართველოს ევროპელი დემოკრატები“ დატვირთვას“, - განაცხადა პაატა დავითაიამ და ამაყად შეგვახსენა, რომ მისი პარტია არის ე.წ. კვალიფიციური სუბიექტი.
მიშამ იცის ხოლმე, საფუძველს ვუყრიო და ხან ლურსმანს ჩააჭედებს, ხანაც ერთ ნიჩაბ ბეტონს დაასხამს. ვუყრი რა საფუძველს ლევან გაჩეჩილაძის პარტიას, დავითაიას ვეუბნები: „მაშ მტყუანს... !“ ისე, თუ სურვილი ექნება, გრეჩიხასაც შეუძლია მომავალში პარტიას სახელი გადაარქვას და „ქართველი დამგინებლები“ უწოდოს. არ ვხუმრობ - პრაქტიკა აჩვენებს, რომ ისე არაფერი მოქმედებს ამ გიჟ-ნაცუებზე, როგორც ალალი დაცინვა და ჯანმრთელი დაგინება.
სასაცილო ამბავი - WikiLeaks: „ილჰამ ალიევმა ფრიდს განუცხადა, რომ ზოგჯერ სააკაშვილი ბევრ სისულელეს ამბობს, მაგრამ სისულელეებს არ ჩაიდენს“. ეს სასაცილოც არის და დასაგინებელიც. სააკაშვილი ზოგჯერ კი არ ამბობს სისულელეს, არამედ მხოლოდ სისულელეებს ამბობს. არ ღირს მოძმე აზერბაიჯანელი ხალხის მიერ დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტის გადაკიდება და არ დავიგინები, ეს ხომ სისულელე იქნებოდა! მაგრამ, იმას რაც შეეხება - სისულელეს არ ჩაიდენსო - ამის მთქმელი ან ძალიან ჭკვიანია და ანაც ძალიან სულელი.
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში დამკვირვებლის სტატუსით მთიანი ყარაბაღის დელეგაციის მონაწილეობას ოფიციალური ერევნის პოზიციად არ განიხილავს“ - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო კალანდაძემ განაცხადა...
ჰოოო... ერევანი საერთოდ არ იყო საქმის კურსში. როდესაც გაეროში ქართველი დევნილების დაბრუნების საკითხი დადგა და სომხეთის წარმომადგენელმა ის მახინჯი თავი შეიკავა, არც მაშინ იყო ეს ოფიციალური სომხეთის პოზიცია.
ანუ, ნინო კალანდაძე გვეუბნება, რომ მარჯვენა ხელმა არ იცის, რას აკეთებს მარცხენა ხელი. ეს დიპლომატიური ცოდნა ნინო კალანდაძემ ალბათ მაშინ შეიძინა, როდესაც ერთი უბრალო ბეიბისითერი (თუ რაღაც ამდაგვარი) გოგო თვითფრინავში იჯდა და მარცხნიდან სააკაშვილი უტარებდა დიპლომატიის მასტერ-კლასს, ხოლო მარჯვნიდან - გია ბარამიძე.
„ჩვენთვის ერევნის პოზიცია ნათელია, ოფიციალური ერევანი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და არ აღიარებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთს დამოუკიდებელობას და მით უმეტეს არ აღიარებს იქ რაიმე სახის არჩევნებს, ამიტომ განგაშის საფუძველი არ გვაქვს”, - განაცხადა ნინო კალანდაძემ.
დევნილების დაბრუნების საკითხს დავუბრუნდეთ. ერევნის პოზიცია აქაც ნათელია. ნინო კალანდაძეს აქვს სახლი, კარი და დაჯავშნული მაგიდა „შარდენ ბარში“. ამიტომ, ვერც განგაშის საფუძველს ხედავს.
„უსახლკარო ცხოველთა დაცვის საზოგადოება“ ხელისუფლებისგან საქართველოს პირობებისადმი მისადაგებული კანონმდებლობის შემუშავებას ითხოვს. გასულ კვირაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძესა და თბილისის მერს გიგი უგულავას განცხადებით მიმართა და მოითხოვა: კანონმდებლობით მოწესრიგდეს ცხოველებისადმი სასტიკი მოპყრობისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისა და სანქციის ეფექტურობის საკითხი... პოპულაციის შემცირების მიზნით შეწყდეს ქუჩაში მცხოვრები ცხოველების მოკვდინება და დაინერგოს ჰუმანური, საზოგადოებისთვის მართებული მეთოდები: სტერილიზაცია-კასტრაცია... დაიწყოს ცხოველთა სტერილიზაცია-კასტრაციის მასობრივი პროპაგანდა სატელევიზიო და სხვა საშუალებებით...
ერთი ცხოველი ვიცი - დადის, დაწანწალებს... თავის დროზე მაგისთვის კასტრაცია რომ ჩაეტარებონათ, ახლა წინ ვიქნებოდით - ეკონომიკა იქნებოდა მდგრადი, სულელური კლიპებით თავს არ მოგვაბეზრებდნენ და ა.შ. მოკლედ, „უსახლკარო ცხოველთა დაცვის საზოგადოების“ მოთხოვნა, მართალია, დაგვიანებულია, მაგრამ მაინც აქტუალური.
გურამ ჩახვაძემ დაგვიანებით, მაგრამ მაინც გამოიდო თავი - მთავრობას სტრატეგიულ ობიექტებთან დაკავშირებით, უსაფრთხოების გეგმის წარდგენას სთხოვს. მისი თქმით, აქციების საერთაშორისო საფონდო ბირჟებზე განთავსება ინვესტიციების მოზიდვის კარგი და აღიარებული ფორმაა, თუმცა როდესაც საკითხი სტრატეგიული დანიშნულების ობიექტებს ეხება, რაც ქვეყნის სუვერენიტეტთან არის დაკავშირებული, მთავრობას უსაფრთხოების გეგმაც უნდა ჰქონდეს.
მინდა გითხრათ, რომ აწი ჩახვაძემ რაც არ უნდა თავი გამოიდოს და ერთმანეთზე დროული-ჭკვიანური განცხადებები აკეთოს, ყველას ის გაახსენდება... გაგახსენდათ? გაგახსენდათ. დარწმუნებული ვარ, თვითონაც ახსოვს და ითვალისწინებს კიდეც. გასულ კვირაში გურამ ჩახვაძემ სიმხნევისთვის 100 გრამი გადაკრა და კობა ხაბაზის კაბინეტში თავი შეყო: „ისა... ბატონო კობა... მე... მე...“. „მე, რა - თხა ხარ?“ - წვერზე შეავლო თვალი ხაბაზმა ჩახვაძეს. „რაღაც მინდა განვაცხადო და ხომ არ დამცინებთ?“ - ხმა აუკანკალდა ჩახვაძეს. „თუ პრეზიდენტი არ დაგცინებს, არც ჩვენ დაგცინებთ“.
გასულ კვირაში მიშას ჩახვაძის დასაცინად არ ეცალა - პოლონეთში მიმდინარე ახალგაზრდა ლიდერთა ეკონომიკურ ფორუმს სპეციალური სტუმრის სტატუსით ესწრებოდა. „საქართველო ჯერ კიდევ არ არის ევროკავშირის წევრი, მაგრამ ძალიან კარგად ვიცით, რომ ჩვენი კეთილდღეობა დამოკიდებულია ევროპის გაჯანსაღებაზე. ჩვენი უსაფრთხოება ასევე დამოკიდებულია ევროპის ვალდებულებებზე საერთაშორისო კანონმდებლობის მიმართ და ძლიერ საგარეო პოლიტიკაზე. ასე რომ, ჩვენ ერთსა და იმავე ნავში ვსხედვართ“ - უთხრა სააკაშვილმა ფორუმის მონაწილეებს, რითაც ეს უკანასკნელები გვარიანად შეაშფოთა.
მართლაც, დამეთანხმებით, ძლიერ სახიფათოა ერთ ნავში სააკაშვილთან ერთად ყოფნა, თუ საკვები საკმარისად არ გაქვს მომარაგებული და მაშველი რგოლების მწვავე დეფიციტს განიცდი. გაძღება და გადახტება. მტრის ნავში გადახტება, და სანამ გადახტება, მტრის ნავში სტრატეგიულ ობიექტებს - ნიჩბებს და სათადარიგო იალქანს გადაიტანს.
„პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკს, პრეზიდენტ ბრონისლავ კომოროვსკისა და ჩემს შორის „ქიმია“ ვითარდება“ - უთხრა პოლონელ ჟურნალისტებს მიშამ - „პოლონეთი სტუმართმოყვარე ქვეყანაა, სადაც შესაძლებელია ელემენტების დატენვა“.
ვაჰ, როგორ მიყვარს საბჭოთა კინოკომედიები, მაგალითად - „კავკასიელი ტყვე ქალი“, მაგარი სადღეგრძელოებია, ჩახუჭუჭებული შედარებები... სააკაშვილი კი არა... საახოვი რომ ამბობს „კავკაზ, ეტა ვსესაიუზნაია ჟიტნიცა“. რაღა სააკაშვილი და რაღა - საახოვი. პოლონეთში შესაძლებელია ელემენტების დატენვა... და ისა - ვულკანიზაცია, პრისკი, პლასმასჩიკი და შეღუნული ადგილების ცივად გასწორება. მაგ შეღუნულ ადგილებში მოხვდათ უნაკლო მიშას ჭკუანაკლულ ფანებს!
„ჩვენ არ ვართ რუსულ ბაზარზე დამოკიდებული. რუსეთი არასდროს გახდება ჩვენი მთავარი ბაზარი. რუსული ემბარგო ექსპორტის დივერსიფიცირებაში დაგვეხმარა მარტივი პრინციპით: „ის, რაც არ გკლავს, გაძლიერებს“ - თქვა მიშამ და, პრინციპში, მართალიც იყო.
დიახ - მიშას არაფერში ჭირდება რუსული ბაზარი. „ის, რაც არ გკლავს, გაძლიერებს“ - გირგვლიანი მკვდარია, კვინტრაძე მკვდარია, ვაზაგაშვილი მკვდარია... მაგრამ მიშა ცოცხალია და ძლიერი, და იმდენად ძლიერი, რომ ყველას სიცოცხლე საფრთხეშია.
ლეიბორისტები თვლიან, რომ თვითონ არიან საფრთხეში. გასულ კვირაში დავით ბაქრაძეს წერილით მიმართეს: „საქართველოს პარლამენტად წოდებული სააკაშვილ-მერაბიშვილის კანტორის წევრები ურცხვად აგრძელებთ ხალხის ხარჯზე უზრუნველყოფილ, ფუფუნებაში ცხოვრებას. კერძოდ, მარტო წელიწადნახევრის განმავლობაში საწვავით უზრუნველყოფაში თქვენს მიერ დახარჯულია მილიონ-ნახევარი, სატელეფონო საუბრებში - 500 ათასი, მივლინებებში - 10 მილიონი, ხოლო სახელფასო უზრუნველყოფაში - 15 მილიონი ლარი. ესეც არ იკმარეთ და მთელი ზაფხულის არდადეგები ასევე, ბიუჯეტის ხარჯზე მსოფლიოს ფეშენებელურ კურორტებზე გაატარეთ. ამჟამად ახალ ზელანდიაში ატარებთ დროს. ამ დროს, ჩვენ, კანონიერად არჩეულ პარლამენტის წევრებს, თქვენ და თქვენი მეგობრები ურცხვად გვითვლით ჩვენს კუთვნილ ხელფასებს“.
„...ურცხვად გვითვლით ჩვენს კუთვნილ ხელფასებს“ - ასეთი ურცხვი ხალხის მნახველი მართლა არა ვარ. ლეიბორისტებს ვგულისხმობ. მოკლედ, ამ მიმართვიდან გამოდის, რომ გიჟ-ნაცუების ჰარი-ჰარალემ ლეიბორალისტები მხოლოდ მას შემდეგ აღაშფოთა, რაც გიჟ-ნაცუებმა ლეიბორალისტების „კუთვნილი ხელფასების“ თვლა დაიწყო.
კუთვნილ ხელფასებსო!!!
მე კი ვიცი მაგათ რაც ეკუთვნით, მაგრამ ახლა არ ვიტყვი. საინტერესოა, რომ აღნიშნულ მიმართვას ხელს აწერენ მხოლოდ შალვა ნათელაშვილი, იოსებ შატბერაშვილი, გიორგი გუგავა და კახა ძაგანია, ნესტან კირთაძე და პაატა ჯიბლაძე კი რატომღაც თავს იკავებენ. შესაძლოა, თავს არ იკავებენ და, უბრალოდ, კუთვნილ შვებულებაში იმყოფებიან და კუთვნილ ხელფასებს ხარჯავენ.
„საწვავით უზრუნველყოფაში თქვენს მიერ დახარჯულია მილიონ-ნახევარი“ - ცხარობენ შალვა და შალვოვიჩები. არადა საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზის (IDFI) მონაცემებით, საწყალმა დეპუტატებმა 6 თვეში ოდენ 153 350 ლიტრი საწვავი გახარჯეს, რაც თვეში 25 558 ლიტრს შეადეგენს, ანუ დღეში 1000 ლიტრზე მეტს. პარლამენტის წევრებს 53 ერთეული ავტომანქანა ემსახურება, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი კანონმდებელი ავტომანქანა დღეში მოიხმარს 20 ლიტრს, ანუ დღეში გადის დაახლოებით 200 კილომეტრს.
ციფრების რახარუხისთვის ბოდიშს ვიხდი, უბრალოდ უსახლკარო ცხოველების ფანებისთვის მინდოდა მეჩვენებინა, ვინ არის სინამდვილეში უსახლკარო და მაწანწალა და ვის ჭირდება სტერილიზაცია-კასტრაცია.
როგორც ვიცით, პარლამენტი ქუთაისში გადააქვთ და, როგორც ამბობენ, პარლამენტის გარაჟი მთა-თუშეთში უნდა განთავსდეს, რაც ამ რეგიონში ტურისტების მოზღვავებას გამოიწვევს.
მომავალ კვირაში ტურისტების მოზღვავებას აფხაზეთშიც ელიან - დომინოში მსოფლიო ჩემპიონატი 17-დან 21 სექტემბრამდე გაიმართება. მოსამზადებელ სამუშაოებს აფხაზეთში დომინოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი ლუკას გიტტარდი გაეცნო და პრესკონფერენციაც გამართა. აფხაზეთში დაგეგმილ მე-8 ჩემპიონატში მონაწილეობის სურვილი 23 ნაციონალური ფედერაციის 300-მა წარმომადგენელმა გამოთქვა. ყველაზე დიდი – 55 კაციანი დელეგაცია აფხაზეთს ვენესუელადან ეწვევა.
ალბათ, ჩემპიონატში ითამაშებს მთიანი ყარაბაღის გუნდიც, თუმცა ეს არ იქნება ოფიციალური ერევნის პოზიცია.
გიჟ-ნაცუები მოჯოკრავენ. ეს თამაში მათ განსაკუთრებით ეხერხებათ - შეტენვა, წაგლეჯვა... ცვეტის ცხადება იციან მაგ ცისფერებმა, ჰოდა ერთ დღესაც, როდესაც ხელ-ფეხს შევუკრავთ და მდინარეში გადავყრით, კიდევ განაცხადოს კახეთის სამხარეო ადმინისტრაციამ, არაფერი მომხდარაო.
აუცილებლად მოხდება.
ასეთია ჩემი ოფიციალური პოზიცია.
ე.ი. (ეგრე იყოს) - შეიტანეთ ამ გოგონას პასუხი წიგნში, - ბრძანა ფრეკენ როზენბლუმმა და ტუჩები მოკუმა.
- ჰო, აუცილებლად ჩაიწერეთ, როგორ ვწერ. იმედია, მივაღწევთ, რომ დღეიდან ყველა წიგნში ჩემებურად დაიწეროს.
(ასტრიდ ლინდგრენი, „პეპი გრძლიწინდა“)