„თავისუფალი დემოკრატების“ წევრი გია ცაგარეიშვილი „პრესაგე.ტვ“-სთან საუბარში აცხადებს, რომ სურს, სააკაშვილი პოლიტიკურ ბრძოლაში დამარცხებული იხილოს. რის შემდეგაც სააკაშვილის ბედსა და მომავალს ქართველი ხალხი გადაწყვეტს. იგი არ გამორიცხავს, რომ მისი მთავრობიდან ძალიან ბევრი ადამიანი განსასჯელის სკამზე ამოჩნდეს.
სექტემბრიდან ოპოზიციური პარტიები გააქტიურებას გეგმავენ, ფიქრობთ, რომ შედეგი დადგება?
- აქციები თვითმიზანი არ არის, აქციები უნდა იყოს შედეგზე ორიენტირებული. უშედეგო აქციები მხოლოდ და მხოლოდ უკან დახევს არა მარტო ოპოზიციას, არამედ საზოგადოებას. ჩვენ ეს ერთხელ უკვე გავიარეთ, თანაც არაერთხელ და ორჯერ. არ მინდა, უშედეგოდ მოვუწოდო ხალხს ქუჩისკენ, შედეგს რომ ვერ მივაღწიოთ, ეს ყველაფერი საპნის ბუშტივით გასკდება და უზარმაზარი იმედგაცრუება დაეუფლება ხალხს მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების წინ. ამდენად, ჩვენ ორიენტირებულნი ვართ არჩევნების დღეზე. ამ დღეს გადაწყდება საქართველოს მომავალი. დავესესხები ბატონ ალასანიას: ჩვენ ვემზადებით საარჩევნო რევოლუციისთვის. ქუჩის აქცია გამოსავალი არც არასდროს ყოფილა. ჩემი აზრით, ეს უნდა იყოს საშუალება მიზნის მისაღწევად. ვიღაცამ ოპოზიციაში ქუჩის აქცია გადააქცია მიზნად. ქუჩის აქცია, გაფიცვა, პეტიცია, ქუჩების გადაკეტვა, ეს ყველაფერი საშუალებაა და არ მიზანი.
ხელისუფლებამ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისთვის დატოვა რესურსი, რითაც ოპოზიცია რაიმეს მოიგებს?
- არ გააუმჯობესებენ საარჩევნო გარემოს და საარჩევნო რევოლუცია მოხდება.
ანუ ისევ ქუჩის აქციებს ვუბრუნდებით?
- ეს ნიშნავს, რომ ხალხი, რომელსაც ხმას გაუყალბებენ, გამოვა და დაასრულებს ამ ხელისუფლებას.
ამ ეტაპზე რა რესურსი აქვს სააკაშვილს, რომელიც მოგზაურობს რეგიონებში, და, ტელეეკრანებიდან რასაც ვხედავთ, მას სიხარულით ხვდებიან.
- ასე ეგონა სადამ ჰუსეინს, რომ რესურსი ჰქონდა; შემდეგ იგივე ეგონა მუბარაქს, მოგვიანებით კადაფისაც ასე ეგონა, ამჯამად ასევე ჰგონია სირიის დიქტატორსაც, რომ რესურსი აქვს. სინამდვილეში, თქვენ ხომ დაინახეთ, რით მთავრდება ეს ყველაფერი? მე არ ვისურვებდი სააკაშვილისთვის ასეთ ტრაგიკულ ხვედრს და ბედს, რომ იგი თავისი ქვეყნიდან დევნილი გახდეს. მე მინდა, იგი პოლიტიკურ ბრძოლაში დამარცხებული ვიხილო. შემდეგ უკვე მის ბედსა და მომავალს ქართველი ხალხი გადაწყვეტს. გადაწყვეტს სამართლიანი სასამართლო. არ გამოვრიცხავ, რომ მისი მთავრობიდან ძალიან ბევრი ადამიანი განსასჯელის სკამზე ამოჩნდეს.
მაგრამ თვით ის ფაქტი, რომ ხალხის ნაწილი აპლოდისმენტებით ხვდება სააკაშვილს, ალბათ მის იმიჯზე ზოგიერთების თვალში დადებითად აისახება?
- მე გეტყვით თქვენ, რა მოხდა ანაკლიაში, იგლესიასის კონცერტზე, რა მოხდა ქუთაისში. ეს ერთი და იგივე ხალხი დაჰყავთ კონცერტიდან კონცერტზე, ღონისძიებიდან ღონისძიებაზე. მაგალითად, ანაკლიაში სასტუმროს გახსნისას პროკურორი როლანდ ახალაია, დათა და ბაჩო ახალაიების მამა, თავზე ედგა მუშებს, რომლებიც ფენით აშრობდნენ შპალერს სასტუმროში. გესმით თქვენ, რა უბედურებაში ვცხოვრობთ? ამ დროს კი მთელი ავტობუსებით ძალით ჩამოყვანილი ხალხი, ფაქტობრივად, დაყარეს ანაკლიის ქუჩასა და პლაჟზე, იმ სიცხესა და ხვატში. ამ ხალხს ზუსტად იგივე გაუკეთეს ბათუმში, ჩამოიყვანეს და დააყენეს ეკრანებთან, შემდეგ კი მიავიწყდათ ისინი და ხალხს ეძინა ბულვარში, ხეებთან, მერე ჩასვეს ისევ და წაიყვანეს სადღაც.
საქართველოს ხელისუფლებისადმი დასავლეთის შეფასებებს ჩვენ მხოლოდ სიტყვიერი განცხადებების დონეზე ვეცნობით, რაც ცხადია, რეალობას ვერ ასახავს. სინამდვილეში, დასავლეთში როგორი რეაქციაა სააკაშვილის მიმართ?
- ძალიან დიდი ხანია, დასავლელმა პოლიტიკოსებმა სააკაშვილზე ხელი ჩაიქნიეს. ყველამ ძალიან კარგად გაიგო, რომ ეს ადამიანი თავისი ქვეყნისთვის მავნებელი და უნიჭო ავანტიურისტია. ბატონ ირაკლი ალასანიას დასავლეთში მუდმივად აქვს კონტაქტი და შეხვედრები. როცა იგი ვიზიტად მიემართება ევროპაში, მას ყველა ეუბნება, მათ შორის, კონგრესშიც, თეთრ სახლშიც, რომ სააკაშვილი, როგორც პოლიტიკოსი, დასრულებულია დასავლეთისთვის. მაგრამ უცხოეთს ნუ მოვთხოვთ იმის გაკეთებას, რაც ჩვენ ხელგვეწიფება. გავანებოთ ამას თავი. შევეშვათ იმ ხალხს, მათ თავისი გასჭირვებია, თავისი დარდი აქვთ. აგერ, ამერიკის ბიუჯეტი ავიღოთ, კინაღამ ჩამოიშალა და გაკოტრდა ამხელა ქვეყანა. ჩვენ ჩვენს უბედურ ქვეყანას მივხედოთ.
ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს. ჩვენს გასაკეთებელს არავინ გააკეთებს. არც ამერიკელი და არც ინგლისელი. მთელი აგვისტოს თვეში, ერთი თვის მანძილზე ირაკლი ალასანია, რეგიონებში იყო გასული: იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი, სამეგრელო, გურია. მე მგონი, საკმარისია ერთი თვისთვის. მომავალშიც გავაგრძელებთ გასვლას აღმოსავლეთ საქართველოსა და სხვა რეგიონებში და რაიონულ ორგანიზაციებს დავაფუძნებთ. ძალიან კარგად გვაქვს გაგებული მომავალი არჩევნების ფასი, ან ჩვენ ყველა ერთად გავიმარჯვებთ, ან ყველა ერთად წავაგებთ. სხვა გამოსავალი ჩვენს ქვეყანას არ დარჩენია.
განახლებული მიუზიკლის “ქეთო და კოტეს“ მიმართ შეფასებები არაერთგვაროვანია
- ხო, ნუ, „ქეთო და კოტე“ ზუსტად დაამთხვიეს სტურუას გათავისუფლებას. დასკვნა თქვენ თვითონ გააკეთეთ. განა ქეთომ და კოტემ გადაწონა რუსთაველის თეატრი?!
არავითარი ქსენოფობია სტურუასთან ახლოს მოსატანი არ არის. პოლიტიკური შეხედულებების, მოსაზრებების გამო გააძევეს ეს ლეგენდარული რეჟისორი თავისი თეატრიდან. კიდევ ერთი სამარცხვინო ფურცელი გადაფურცლეს მიხეილ სააკაშვილმა და ნაციონალურმა მოძრაობამ. ამ ადამიანს წარმოუდგენია, რომ, რადგანაც სტურუა აღარ არის რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, ის მას ან დაამონებს, ან მოსპობს. ეს შეუძლებელია.
მაგრამ ხელისუფლება დასის წევრების ნაწილს გადაიბირებს?
- მერე რა, რომ გადაიბირებს. ამაში ტრაგიკულს ვერაფერს ვხედავ, ზოგს გადაიბირებს, ზოგს ვერა. განსხვავებული მოსაზრების ადამიანი, მით უმეტეს, კონფორმისტი, ყველგან არის, შეიძლება რუსთაველის თეატრშიც გამოჩნდეს. ჯერჯერობით, ყოველ შემთხვევაში, ასეთი კონფორმისტი არ ჩანს. ვერავის მოვთხოვ გმირობას და ვერავის მოვთხოვ, ვთქვათ, იმის გაკეთებას, რასაც ვაკეთებ მე.
ანუ რობერტ სტურუას ადგილი ვაკანტური იქნება?
- შესაძლოა, ხელისუფლებასთან დაახლოებული, სასათბურე პირობებში მყოფი ვინმე რეჟისორი მოიყვანონ, წამოასკუპონ ამ ფანსტასტიურ თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელად, მაგრამ ერთი რამ უნდა იცოდნენ, აქ თუ ვინმე მოვა, სულ მცირე, არ უნდა იყოს რობერტ სტურუაზე ნაკლები რეჟისორი. რაც არ უნდა ვეძებოთ საქართველოში, ასეთი წონის რეჟისორი არ მეგულება. სამწუხაროდ, ვერსად მივაგნებთ. ამიტომ ვფიქრობ, რომ „ალტერნატიული“ რეჟისორი ეყოლებათ სადმე გადანახული, სააკაშვილის სათბურში გამოყვანილი, რომლებიც, ჩვენდა სავალალოდ, არსებობენ. მე მათი გვარების ჩამოთვლას არ შევუდგები.