რატომ ყიდის ხელისუფლება სტრატეგიულ ობიექტებს?

რატომ ყიდის ხელისუფლება სტრატეგიულ ობიექტებს?

რატომ ყიდის ხელისუფლება სტრატეგიულ ობიექტებს? თავად ხელისუფლებას საოცარი პასუხი აქვს. ისინი აცხადებენ, რომ სტრატეგიულ ობიექტებს არ ყიდიან და, პრინციპში, ამაში ვერც შეეწინააღმდეგები, რადგან იმ ობიექტებს, რასაც მთელი მსოფლიო სტრატეგიულად მიიჩნევს, ჯერ ეს სტატუსი ჩამოაშორეს და ახლა უკვე კანონს ცვლიან იმისთვის, რომ მსოფლიო საფონდო ბირჟაზე გაიტანონ. 

„სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტით, სახელმწიფო ქონების აქციებისა და წილების უცხოურ ბირჟებზე პრივატიზება დასაშვები ხდება. ამ მიმართულებით კი მთავრობა რკინიგზის, ელექტროსისტემისა და გაზისა და ნავთობისკ ორპორაციის აქციებს ამზადებს.

შეგახსენებთ, რომ სტრატეგიული ობიექტების ჩამონათვალიდან ამ ობიექტების ამოღება პარლამენტის 2010 წელს მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე მოხდა. თუმცა, მაშინ ხელისუფლება ცალსახად აცხადებდა, რომ ამ ობიექტების ნუსხიდან ამოღება მათ პრივატიზებას არ ნიშნავდა. მართალია, მაშინ ექსპერტები აცხადებდნენ, რომ შესაძლებლობის დაშვება უკვე პრობლემას ქმნიდა, მაგრამ მაშინ ხელისუფლება ამ ექსპერტებს არაკომპეტენტურებს უწოდებდა.

მაგრამ, როგორც მოსალოდნელი იყო, ექსპერტები მართლები აღმოჩნდნენ და მთავრობა უკვე ამ ობიექტების წილებს ყიდის.

საინტერესო კი ის არის, რომ სათანადო კანონპროექტი, რომელიც „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს, პარლამენტში არა მთავრობის, არამედ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლების, ზვიად კუკავას და მიხეილ ცქიტიშვილის სახელით იქნა ინიცირებული.

კანონის მოქმედი რედაქციით, წილებისა და აქციების განკარგვის ფორმებია: წილებისა და აქციების პრივატიზება და წილებისა და აქციების მართვის უფლებით გადაცემა. ასევე - წილებისა და აქციების პრივატიზება შეიძლება განხორციელდეს აუქციონის ან პირდაპირი მიყიდვის ფორმით.

კანონპროექტით კი დგინდება, რომ წილებისა და აქციების პრივატიზება შეიძლება განხორციელდეს აუქციონის და პირდაპირი მიყიდვის ფორმებით, ასევე - გლობალური დეპოზიტარული ხელწერილების ფორმით ან უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე საჯარო ან მოცემულ დროს საერთაშორისო კაპიტალის ბაზარზე არსებულ პრაქტიკასთან შესაბამისობაში მყოფი სხვაგვარი შეთავაზების ფორმით.

ამასთან, კანონპროექტში ისიც არის ნათქვამი, რომ სახელმწიფო ქონების წილებისა და აქციების პრივატიზება განხორციელდება მხოლოდ მთავრობის გადაწყვეტილებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარდგინების საფუძველზე.

სამინისტრო მთავრობისთვის დასაბუთებული წინადადების წარდგენამდე განსაზღვრავს წილებისა და აქციების გლობალური დეპოზიტარული ხელწერილების ფორმით ან სხვაგვარად უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე საჯარო ან მოცემულ დროს საერთაშორისო კაპიტალის ბაზარზე არსებულ პრაქტიკასთან შესაბამისობაში მყოფი სხვაგვარი შეთავაზების ხელსაყრელ დროს. სამინისტროვე შეიმუშავებს შესაბამისი დოკუმენტების პროექტებს და ა.შ.

გარდა ამისა, სამინისტროს დასაბუთებული წინადადება, სადაც მოცემული იქნება პრივატიზების ზოგადი პირობები, სამინისტროს მიერ მომზადებულ დოკუმენტების პროექტებთან ერთად წარედგინება საქართველოს მთავრობას. საქართველოს მთავრობა კი სამინისტროს დასაბუთებული წინადადების მოწონების შემთხვევაში განკარგულებით მიიღებს გადაწყვეტილებას წილებისა და აქციების გლობალური დეპოზიტარული ხელწერილების ფორმით, ან სხვაგვარად უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე საჯარო ან მოცემულ დროს საერთაშორისო კაპიტალის ბაზარზე არსებულ პრაქტიკასთან შესაბამისობაში მყოფი სხვაგვარი შეთავაზების ფორმით პრივატიზების თაობაზე.

მთავრობის განკარგულებით განისაზღვრება წილებისა და აქციების პრივატიზების საბოლოო პირობები, მათ შორის - წილებისა და აქციების საწყისი საპრივატიზებო საფასური, ანგარიშსწორების პირობები, შესაბამისი ხელშეკრულებების გაფორმების ვადა, წილებსა და აქციებზე საკუთრების უფლების მოპოვების წესი და ა.შ.

ასეთი პროვატიზების დროს, ხელშეკრულება მთავრობის მიერვე განსაზღვრულ ვადაში უნდა დაიდოს და პროვარიზების საფასურის გადახდაც საქართველოს მთავრობის განკარგულებით დადგენილ ვადაში უნდა განხორციელდეს. ამ ფორმით პრივატიზებისას კი მყიდველს საკუთრების უფლება შეძენილ ქონებაზე გადაეცემა საქართველოს მთავრობის განკარგულებით დადგენილ ვადაში.

ეს არის ის ძირითადი ცვლილება, რაც კანონპროექტში უნდა აისახოს. მაგრამ, საინტერესო ის არის, რომ ეს ინციატივა პარლამენტართა სახელით არის ინიცირებული და არა მთავრობის. თუმცა, თუკი იმ ფაქტს გავითვალისწინებთ, რომ კანონპროექტის მისაღებად ყველაზე მოკლე გზა ინიციატივის სწორედ დეპუტატის მიერ შეტანაა, ადვილი მისახვედრი იქნება, რომ მთავრობას ამ წილების გაყიდვა ძალიან ეჩქარება.

სწორედ ამიტომ „ქრისტიან-დემოკრატები“ მიიჩნევენ, რომ ხელისუფლებას ამ წილების გაყიდვით შემოსული ფული საარჩევნოდ სჭირდება.

„ნახევარი მილიარდის მიღება გსურთ, რათა დახარჯოთ არჩევნებისთვის. ქვეყნის გრძელვადიან ინტერესები, თქვენს მოკლევადიან მიზნებს ეწირება“, - მიმართა ლევან ვეფხვაძემ საპარლამენტო უმრავლესობას პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე, სადაც კანონპროექტი პიველი მოსმენით უპრობლემოდ მიიღეს.

რაც მთავარია, ვეფხვაძე იმასაც აცხადებს, რომ იგი ამას კი არ ვარაუდობს, არამედ ფაქტებზე დაყრდნობით ამბობს. 

ვეფხვაძის ამ განცხადებას კი აბსურდულს უწოდებს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ მელიქიშვილი. მისი თქმით, „გაუგებარია, რატომ მიაჩნია ოპოზიციას დანაშაულად რეფორმები და ქვეყნის განვითარება, რასაც ხელისუფლება ცდილობს“.

მაგრამ, პრობლემა ის არის, რომ ოპოზიციისთვის ხელისუფლების „რეფორმა“ ქვეყნისთვის საფრთხის შემცველად მიაჩნია.

„ქრისტიან-დემოკრატების“ წარმომადგენელი ლევან ვეფხვაძეც საშიშროებას სწორედ უსაფრთხოების თვალსაზრისით ხედავს. იგი განსაკუთრებულ აქცენტს იმაზე აკეთებს, რომ მთავრობის ამ გადაწყვეტილებამ, შესაძლოა, საქართველოს პრობლემები მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობისას შეუქმნას.

ვეფხვაძის განცხადებით, მთავრობამ საკუთარი სურვილებისა და მიზნების დასახელება კანონპროექტს დაასწრო და კანონში დასაშვები ფორმის გაჩენამდე აღიარა, რომ ის სტრატეგიული ობიექტების აქციების პრივატიზებას გეგმავს. მისი განცხადებითვე, არ არის გამორიცხული, რომ უცხოურ ბირჟებზე საქართველოს სტრატეგიული ობიექტების აქციების შეძენისას, ფულის უკან კონკრეტული სახელმწიფოს, კერძოდ კი, ოკუპანტი ქვეყნის ინტერესები იდგეს. 

ლევან ვეფხვაძე ასევე საუბრობს მაგისტრალური გაზსადენის პრივატიზების პრობლემაზეც და ამბობს, რომ ყველასთვის ცნობილია, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს აქვთ ქიშპობა და თუ ერთ-ერთი მათგანი შეიძენს შესაბამის აქციებს, საქართველოს მეორე ქვეყანასთან შეექმნება სერიოზული პრობლემები. 

მათ საპასუხოდ კი ხელისუფლება პირობას დებს, რომ ხელისუფლებაში მათი ყოფნის პერიოდში სტრატეგიული ობიექტების საკონტროლო პაკეტი არ გასხვისდება. რამდენად სარწმუნოა ნაციონალების ეს განცხადება, ძნელი სათქმელია, მაგრამ ფაქტია, რომ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ნაციონალების გენმდივანმა სწორედ ასეთი განცხადება გააკეთა.

მისი თქმით, კანონპროექტის მთავარი მიზანი ინვესტიციების მოზიდვაა, რათა სახელმწიფოს საკუთრებაში მყოფმა კომპანიებმა კაპიტალი მიიზიდონ, მომგებიან საწარმოებად იქცნენ და განვითარდნენ, და არა საკონტროლო პაკეტის გაყიდვა. სწორედ ამიტომ მისთვის ოპოზიციის შიში უსაფრთხოებასთან დაკავშირებით გაუგებარია.

„სანამ ჩვენ ვართ ხელისუფლებაში, მათი საკონტროლო პაკეტი, უვადოდ იქნება სახელმწიფოს ხელში“, - განაცხადა მელიქიშვილმა. 

მაგრამ ხელისუფლებას „სიტყვაზე“ არ ენდობა საპარლამენტო ოპოზიცია. 

ლევან ვეფხვაძემ მელიქიშვილს შეახსენა, რომ თავის დროზე, როდესაც სტრატეგიული ობიექტების ზოგადად პრივატიზება დასაშვები ხდებოდა, ხელისუფლებამ კატეგორიული უარი განაცხადა კანონმდებლობაში აღნიშნული გარანტიების ჩადებაზე. 

„მაშინ არაერთი ვარიანტი შემოგთავაზეთ, მაგრამ უარი თქვით.  რატომ უნდა ვენდოთ ხელისუფლებას? იქნებ ხვალ მიშას ფეხი გადაუბრუნდეს, მაშინ სხვა გაასხვისებს მათ?“ - აინტერსებს ვეფხვაძეს. 

აღსანიშნავია, რომ ოპოზიციის ამ შიშს ესქპერტებიც იზიარებენ. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ თავისთავად მინიმალური წილის გაყიდვა საფრთხეს არ წარმოადგენს, მაგრამ ეს პროცესი როგორწარიმართება მომავალში, არავინ იცის.

„ამ ეტაპზე არ არის საუბარი მეტზე, მაგრამ შეგახსენებთ, რომ 2010 წლის გაზაფხულზე, როდესაც სტრატეგიული ობიექტების ამოღება მოხდა იმ ჩამონათვალიდან, რომლის პრივატიზებაც არ შეიძლება, მაშინ ამბობდნენ, რომ ამ ობიექტების პრივატიზება არ მოხდებაო. ახლა კი უკვე გაჩნდა, რომ, თურმე, მცირე წილის გაყიდვა შეიძლება. ამიტომ, სად არის გარანტია, რომ მხოლოდ მცირე იქნება და მეტი არა?

მთავარია, ჯინი გამოვუშვათ ბოთლიდან და თუკი ჯინი გამოვა, ამის შემდეგ რაც იქნება, ნაკლებად გაკონტროლებადია. ანუ, თანდათანობით გვაჩვევენ იმას, რომ სტრატეგიული ობიექტების გაყიდვა შესაძლებელი გახდება.

შეგახსენებთ, რომ თავიდან მაგისტრალური გაზსადენის გაყიდვას ხელი აშშ-ის ადმინისტრაციამ შეუშალა. აშშ-ისხელმძღვანელობა ასევე ჩაერია მაშინ, როდესაც რკინიგზის გაყიდვას აპირებდა. ახლა კი თვალის ასახვევად მცირე ნაწილზე საუბრობენ, მერე კი მთლიანად გაყიდვაც აღარ იქნება პრობლემა“, - აცხადებს ლადო პაპავა.

იგი აქცენტს იმაზე აკეთებს, რომ საქართველოსმდგომარეობაში მყოფი ქვეყნისთვის სტრატეგიული ობიექტების ფლობასასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

„მე არაერთხელ მითქვას და ახლაც ხაზს გავუსვამ, რომ იმ პირობებში, რა პირობებშიც არის საქართველო მოქცეული, როდესაც არის ამდენი სერიოზული მტერი, მე ამ სიტყვას ხმამაღლა ვამბობ, რადგან ვიცით რუსეთის ხელისუფლების დამოკიდებულება საქართველოს მიმართ და ვიცით, ვინ არის ყველაზე სერიოზულად დაინტერესებული თუნდაც გაზსადენის ან რკინიგზის შესყიდვით, ბუნებრივია, რომ ეს ქვეყნისთვის საფრთხის შემცველი გადაწყვეტილებაა“ - აცხადებს პაპავა.