აფხაზეთის ნაბიჯ-ნაბიჯ აღიარება

აფხაზეთის ნაბიჯ-ნაბიჯ აღიარება

სოხუმი, საქართველო - საერთაშორისო აღიარების, დიდწილად წარუმატებელი, ოცწლიანი ძიების შემდეგ, ყოფილი საბჭოთა საქართველოს პატარა აჯანყებულმა აფხაზეთის რეგიონმა, უცნაური მოკავშირე შეიძინა

რეგიონი, რომლის აღიარებასაც ყველა ერიდება და რომლის დამოუკიდებლობაც მხოლოდ რამდენიმე სახელმწიფომ სცნო, პატივსაცემ ქვეყნად მიიჩნია დომინოს საერთაშორისო ფედერაციამ.

თუკი რუსეთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც 2008 წლის აგვისტოში აფხაზეთი სუვერენულ სახელმწიფოდ აღიარა, დომინოს საერთაშორისო ფედერაცია, რომელიც მსოფლიოში დომინოს ჩემპიონატს აწყობს, საქართველოს პროტესტი ყურად არ იღო და აფხაზეთი საკუთარ რიგებში სრულუფლებიან წევრად მიიღო.

მომავალ თვეში, აფხაზეთი საკუთარ დედაქალაქ სოხუმში დომინოს მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს.

პატივი რომელიც ამ ყველასთვის უცნობ რეგიონს გაერო-ს წევრებისგან ერგო, აფხაზი მოთამაშეების ოსტატობას ადასტურებს. დომინოს გარდა, აქ დროის დიდ ნაწილს უფრო სხვა სამაგიდო თამაშებში, ჭადრაკის და შაშის თამაშში ატარებენ. ფედერაციის 25 წევრმა ქვეყანამ შარშან ლას-ვეგასში აფხაზეთს ერთხმად დაუჭირა მხარი.

არა აქვს მნიშვნელობა იმას, რომ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებაში რუსეთს მხოლოდ ოთხმა ქვეყანამ მიბაძა, რომელთაგან ორი ერთი ციდა წყნარი ოკეანის კუნძული სახელმწიფოა. 17-21 ოქტომბერს აფხაზეთი დომინოს მსოფლიო ცენტრი იქნება.

„ჩვენთვის ეს უკიდურესად მნიშვნელოვანია და არა მხოლოდ სპორტული შეჯიბრის თვალსაზრისით“ – ამბობს აფხაზი ჟურნალისტი და დომინოს მოყვარული რუსლან თარბა – „ხალხი ჩამოვა და ნახავს, რომ ჩვენ არა ვართ ველურები, რომლებიც პალმებზე დაძვრებიან ავტომატებით ხელში. ჩვენთვის მთავარია, რომ ადამიანებმა იმ განცდით დატოვონ აქაურობა, რომ აფხაზეთი არის, იყო და იქნება ღია და კეთილგანწყობილი ქვეყანა“.

აფხაზეთი მართლაც ძალიან ლამაზი კუთხეა. საბჭოთა ეპოქაში ის შავი ზღვის სანაპიროზე ცნობილი კურორტი იყო, თუმცა რაიმე ტიპის საერთაშორისო კონკურსის ჩატარებისთვის ის მაინც არ ჰგავს შესაფერის და მშვიდ ადგილს.

დაახლოებით 20 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც აფხაზმა აჯანყებულებმა აქედან ქართული არმია განდევნეს. საბჭოთა კავშირის კოლაფსის შემდეგ ეს ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი კონფლიქტი იყო. სოხუმში შენობებზე დღემდე ტყვიების კვალია. რამდენიმე ძველი სასტუმრო და რესტორანი ნანგრევებშია, ხოლო ყოფილი მთავრობის სახლის დამწვარი შენობა ომის სისასტიკის სიმბოლოა.

მაგრამ კალაშნიკოვის სროლის ხმა აქ დიდი ხანია აღარ ისმის, ის მაგიდაზე დომინოს ქვების კაკუნის ხმამ შეცვალა. გარე სამყაროსგან დიდწილად იზოლირებული აფხაზებისთვის დომინო აპათიისგან განკურნების საშუალებაა.

ზოგიერთები ამ თამაშში აფხაზების მხრიდან ლეგიტიმურობისთვის ბრძოლის ბერკეტს ხედავენ.

„ომის ჩემდეგ, ნებისმიერი წინ გადადგმული ნაბიჯი, იქნება ეს დომინო, თუ სხვა სფერო, ჩვენთვის მნიშვნელოვანია“ – ამბობს აფხაზეთის დომინოს ფედერაციის პრეზიდენტი არტურ გაბუნია.

2007 წლიდან აფხაზეთის დომინოს გუნდმა საერთაშორისო კონკურსებში მონაწილეობის უფლება მიიღო. მას შემდეგ ის ნელ-ნელა წინ მიიწევს და ორივე – 2009 და 2010 წლის პანამასა და დომინიკის რესპუბლიკის ჩემპიონატებში მეათე ადგილი დაიკავა. მომავალი თვის სოხუმის ჩემპიონატში გუნდი პირველ სამეულში გასვლას იმედოვნებს.

„ისინი ძალიან კონკურენტუნარიანები არიან“ – განაცხადა დომინოს ფედერაციის პრეზიდენტმა შეერთებულ შტატებში მანუელ ოკენდომ, რომელიც შარშან აფხაზური გუნდის შესამოწმებლად რეგიონს ესტუმრა – „დომინო, როგორც სპორტის სახეობა, დიდწილად ლათინურ ამერიკაშია გავრცელებული, ამიტომ ჩემთვის სიურპრიზი იყო, როდესაც ვნახე ადამიანები, ვინც დომინოს თამაშობენ შავი ზღვის სანაპიროზე. ჩემთვის ეს ძალიან შთამბეჭდავი იყო“.

სამართლიანი შეფასებაა თუ არა, დომინოს უსაქმური ადამიანების თამაშის რეპუტაცია აქვს და ამ მხრივ აფხაზეთი კარგი ადგილია. რამდენიმე წლის პოლიტიკური და ეკონომიკური იზოლაციის შემდეგ აფხაზეთში უმუშევრობის დონე მაღალია და აქ უამრავი ადამიანია, რომელსაც ბევრი თავისუფალი დრო აქვს.

ომის ჭაღარა ვეტერანები და ახალგაზრდები უზარმაზარ მზის სათვალეებში, ყოველდღე იკრიბებიან სასტუმრო „რიცას“ წინ, რომელიც ქალაქის იმ რამდენიმე შენობას შორისაა, რომელიც სრულად აღდგენილია. მამაკაცები, რომლებიც სიგარეტს ეწევიან და ნავთობივით სქელ ტკბილ ყავას მიირთმევენ, საათებს ატარებენ ფიჭვის ხეების ჩრდილში.

„სწრაფად, სწრაფად, სწრაფად“ – უსაყვედურა თამაშის დროს სოხუმის ყოფილმა მერმა ლეონიდ ლოლუამ პასიურ ოპონენტს -„მართლაც სამარცხვინოა ის, რომ ეროვნულ ნაკრებში არ მიშვენებენ“ – ამბობს 67 წლის ლოლუა.

არიან მამაკაცები, რომლებიც ჭადრაკს და ზოგჯერ კარტსაც თამაშობენ, მაგრამ სანაპიროს ტერიტორიაზე დომინოს მოყვარულები წამყვანები არიან. ამ ძალიან პატრიარქალურ საზოგადოებაში მაგიდასთან ქალს იშვიათად დაინახავთ, მაგრამ ადგილობრივები ამტკიცებენ, რომ დომინოს ისინიც თამაშობენ, ოღონდ საკუთარ სამზარეულოებში ან ეზოებში.

„აფხაზეთში, დომინოს ყველა თამაშობს“ – ამბობს არმენ მიკრიტიჩიანი, აფხაზეთის ორგზის ჩემპიონი დომინოში, რომელიც ოქტომბრის შეჯიბრშიც მონაწილეობს.

საქართველო, რომელიც აფხაზეთს საკუთარი სუვერენული ტერიტორიის ნაწილად მიიჩნევს, როგორც სჩანს ამ ჩემპიონატმა გააღიზიანა. დომინოს საერთაშორისო ფედერაციის ჩინოვნიკების თქმით, ქართველმა ელჩებმა მათ რამდენჯერმე მიმართეს და არწმუნებდნენ, რომ ჩემპიონატის ჩატარების ადგილი შეეცვალათ. საქართველო ფედერაციის წევრი არ არის.

ქართველმა პარლამენტარმა გიორგი კანდელაკმა განაცხადა, რომ ქართველი ჩინოვნიკები შეეცადნენ ჩემპიონატის პოტენციური მონაწილეების დარწმუნებას იმაში, რომ ღონისძიებაზე არ ჩამოსულიყვნენ, მიაწოდეს რა მათ ინფორმაცია აფხაზეთის ეთნიკურ ქართველთა უმძიმეს მდგომარეობაზე, რომლებიც რეგიონიდან 1990-იანი წლების ომის დროს გამოყარეს და დაბრუნებაზე დღემდე უარს ეუბნებიან.

მას არ უთქვამს, მიმართავს თუ არა საქართველო უფრო ქმედით ზომებს იმისთვის, რომ ღონისძიება არ ჩატარდეს, მაგალითად უარს ეტყვის თუ არა მონაწილეებს აფხაზეთში შესვლაზე საქართველოს მიერ კონტროლირებადი სასაზღვრო რეგიონის გავლით. არსებობს აფხაზეთში მოხვედრის ალტერნატიული გზა რუსეთის მხრიდან, მაგრამ ეს საქართველოს კანონმდებლობას არღვევს.

ფედერაციის წარმომადგენლები განაგრძობენ სოხუმში ჩემპიონატის ჩატარებაზე მუშაობას და თავის მხრივ აფხაზი ჩინოვნიკებიც პირობას სდებენ, რომ ორგანიზატორებს იმედი არ გაუცრუვდებათ. ორგანიზატორები დაახლოებით ორ ათეულზე მეტი ქვეყნიდან, მათ შორის შეერთებული შტატებიდან, 200-ზე მეტ მონაწილეს ელოდებიან. აფხაზეთის მთავრობა, რომელიც მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული რუსეთის მხარდაჭერაზე აცხადებს, რომ ჩემპიონისთვის საპრიზო თანხის სახით 100 000 დოლარი აქვს განსაზღვრული. ფედერაციის ჩინოვნიკების თქმით ჩემპიონატის ისტორიაში ეს ყველაზე დიდი პრიზია.

გაურკვეველია, აფხაზეთის ასეთი აღიარების გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს თუ არა იმას, რომ დომინოს მოყვარულები თავის მხრივ მხარს დაუჭერენ რეგიონის უფრო ფართო საერთაშორისო აღიარებას. სოხუმის ჩემპიონატის შემდეგ, დომინოს საერთაშორისო ფედერაციის ჩინოვნიკები გეგმავენ დომინოს ოლიმპიურ სპორტად აღიარების ხანგრძლივი კამპანიის განახლებას.
foreignpress.ge