ვის და რატომ ემალება პავლე კუბლაშვილი საკუთარ კაბინეტში?

ვის და რატომ ემალება პავლე კუბლაშვილი საკუთარ კაბინეტში?

გუშინდელი დღე პარლამენტის შენობაში კაბინეტიდან კაბინეტში სიარულს შევალიე. უფრო სწორად, კაბინეტის შესასვლელიდან სხვა კაბინეტის შესასვლელში. არ გეგონოთ, რომ სხვა საქმე არ მაქვს. უბრალოდ უმრავლესობის ისეთ რომელიმე წევრს ვეძებდი, რომელსაც კომენტარის გაკეთება შეუძლია და ამის უფლებაც აქვს. მაგრამ, რა თქმა უნდა, ამაოდ. მე ხომ ტელეჟურნალისტი არ ვარ, ეს პატივი რომ მერგოს. თანაც, უბრალოდ ტელეჟურნალისტი კი არა, ხელისუფლების ტელეჟურნალისტი.

შესაძლოა, ეს გასახარი და საქებარიც კი იყოს, თუკი იმ ფაქტს გავიხსენებთ, ეს ჟურნალისტები რას აკეთებენ და როგორ. მაგრამ საქმე ის არის, რომ უმრავლესობის წევრების მეგობრული ნახვა და მათი ნათქვამის სახლში წაღება კი არ მინდა, არამედ საქმისთვის. ჯერჯერობით ეს არის ხელისუფლება და ისეთ საკითხებზე, რაც მათ აშკარა კომენტარს ითხოვს, ჟურნალისტი თავის ვარაუდს ვერ დაწერს.

ხელისუფლება ისედაც მუდმივად იმას გვსაყვედურობს, რომ, თითქოს, ჩვენ ინფორმაციის გადამოწმებას არ ვცდილობთ და ამიტომ არაკომპეტენტურები ვართ.

არადა, ამ ხელისუფლებაზე კარგად ნამდვილად ვიცით, სტატია როგორ უნდა იწერებოდეს. ყოველ შემთხვევაში, ხელისუფლების შეკვეთით და მითითებით - არა. მაგრამ, ისიც ვიცით, რომ ხელისუფლების კომენტარი ნამდვილად გვჭირდება, თუნდაც მისი კომენტარი აშკარა ტყუილი იყოს. 

ასეა თუ ისე, ერთ თვეზე მეტია, პარლამენტში არავინ გამოჩენილა და საშემოდგომო სესიაც კალათბურთელების საგულშემატკივროდ წასული უმრავლესობის ლიდერების გარეშე დაიწყო. მერე, რა, თუკი ამ ლიდერებს აქ ძალიან ბევრი ისეთი რამ ჰქონდათ გასაკეთებელი, რომელზეც პასუხი სწორედ მათგან გვჭირდება.

ასე თუ ისე, ეს ლიდერები საქართველოში დაბრუნდნენ და იმედი გაჩნდა, რომ რომელიმე მათგანს ვნახავდი და იმ კითხვებზე პასუხს მივიღებდი, რაც ძალიან აინტერესებს საზოგადოებას. იგივე - საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით რა ხდება და ხელისუფლება პირობას შეასრულებს თუ არა.

ამ საკითხზე კომენტარს საპარლამენტო უმრავლესობიდან ჯერჯერობით ორი ადამიანი, პავლე კუბლაშვილი და აკაკი მინაშვილი აკეთებენ. მაგრამ მხოლოდ მაშინ, როდესაც ხასიათზე არიან.

გუშინ კი, როგორც ჩანს, ხასიათზე არც ერთი არ იყო. მაგრამ, ეს აკაკი მინაშვილმა ძალზე ჩვეულებრივად გამოხატა. მდივანს დააბარა, ჟურნალისტებისთვის არ მცალიო.

ამის შემდეგ, ცხადია, კუბლაშვილის კაბინეტთან გადავინცვლე. მდივანმა გამიღიმა და მითხრა, ბატონი პალიკო არ არის და არც ვიცი, როდის იქნებაო. რაღას ვიზამდი, გამოვედი და დავფიქრდი, თუ სად წავსულიყავი. ამ დროს კუბლაშვილის კარებს ხელისუფლების ფავორიტი ერთ-ერთი ტელევიზიის ჟურნალისტი მოადგა და რომ ვუთხარი, არ არის მეთქი, ძალიან გაუკვირდა, რას ამბობს, ველაპარაკე და აქ არისო.

იქიდან რაღა წამიყვანდა და დაველოდე, რომ იქნებ გარეთ გამოსულიყო და პასუხი ასე მაინც მიმეღო. მდივანი აშკარად უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდა, მაგრამ მისი რა ბრალია - შეფი რასაც ეტყვის, ისიც იმას გვეუბნება. თუმცა, მაინც მკითხა, მითხარი, რა საკითხზე გინდა კომენტარი და ვეტყვი, იქნებ გააკეთოსო.

ვუთხარი, საარჩევნო კოდექსზეც მინდა და „ვიკილიქსის“ მიერ გამოქვეყნებულ მასალაზეც-მეთქი.

იმედით ველოდი, რომ როგორც იქნა, ნანატრ კომენტარს მივიღებდი. თვეზე მეტია, კუბლაშვილის პასუხის მოსმენას ვცდილობ, გაუგზავნეს თუ არა ასე გაპიარებული საარჩევნო კოდექსი ვენეციის კომისიას და, თუკი გაუგზავნეს, რა ჩაწერეს.

მთელი ზაფხულის განმავლობაში ვურეკავდი საპარლამენტო უმრვლესობის პრესსამსახურის ხელმძღვანელს და ამ კითხვაზე პასუხის მიღებას ვთხოვდი. კუბლაშვილი კი მისი პირით მითვლიდა, პალიკო ტელეფონზე არც მე მპასუხობს და რა ვქნაო.

რა უნდა ექნა? ვერც ვერაფერს იზამდა და მეც ასე ველოდებოდი კუბლაშვილის პირისპირ ნახვას. პირისპირ ნახვას, თორემ ჩვენი, პრესის ჟურნალისტების ტელეფონს კუბლაშვილი რომ არ უპასუხებს, ისედაც მიხვდებოდით.

ჰოდა, ვიდრე მდივანი პასუხს გამოიტანდა, გულუბრყვილოდ მეგონა, რომ კითხვაზე პასუხს მივიღებდი. მაგრამ, მდივანი გამოვიდა და მითხრა, შენ ვერ მიგიღებს, არ სცალიაო, სახელისუფლებლო ჟურნალისტს კი უთხრა, შენ შემოდიო.

რაღას ვიზამდი, წამოვედი. მაგრამ ძალიან მაინტერესებს, რა შეიძლება ეწოდოს ჟურნალისტების ასეთ გარჩევას? ქსენოფობია რომ არა - ვიცი. მაგრამ, აშკარად რომ დისკრიმინაციაა, ცხადია, და ახლა კუბლაშვილს მხოლოდ ამას ვეკითხები, მის საქციელს რა ჰქვია?