ბრიუსელი – ოთხშაბათს, ევროკავშირის აღმასრულებელმა ორგანომ იმ გეგმების შესახებ განაცხადა, რომელიც მიმართულია ბლოკის წევრი სახელმწიფოების მხრიდან ორმხრივი შეთანხმებების გაფორმების შეზღუდვისკენ, შეთანხმებების, რომელთა გამოც ნავთობის და გაზის ისეთი ექსპორტიორები, როგორიც მაგალითად რუსეთია, სერიოზულ გავლენას იძენენ.
ევროპამ „საკუთარი საზღვრების მიღმა უნდა გაიხედოს, რათა ენერგომიწოდებების უსაფრთხოება უზრუნველყოს“ და „ერთად უნდა იმოქმედოს, ერთიანი ფრონტით“, განაცხადა პრესკონფერენციაზე ენერგეტიკის საკითხების კომისარმა, გიუნტერ ეტინგერმა.
ამ წინადადებით ევროკავშირის ხელმძღვანელობა ცდილობს იმ სექტორის გაკონტროლებას, რომელშიც ქვეყნები გულმოდგინედ იცავენ თავიანთ სუვერენიტეტს და რომელშიც გავლენიანი კომპანიები მთელ რიგ ძალიან მნიშვნელოვან ბაზრებზე დომინირებენ.
ეტინგერმა განაცხადა, რომ მას ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების და მესამე ქვეყნების მონაწილეობით შედგენილ ენერგეტიკულ ხელშეკრულებებზე ინფორმაციის მოთხოვნის უფლების მოპოვება სურს მანამ, სანამ ეს ხელშეკრულებები გაფორმდება. გეგმის თანახმად, ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანო ევროკომისია, საჯაროდ დააფიქსირებს ყველა კრიტიკულ მოსაზრებას. თუკი ეს მოსაზრებები არ იქნება გათვალისწინებული, კომისია სარჩელით მიმართავს წევრ სახელმწიფოებს ნებისმიერი იმ ხელშეკრულების პირობების შეცვლის მოთხოვნით, რომლებმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნან ევროკავშირის საერთო ენერგეტიკულ უსაფრთხოებას.
ეს წინადადება მოითხოვს თანხმობას ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და ევროპარლამენტის მხრიდან.
მთავრობები შეიძლება გაჯიუტდნენ, თუკი ნავთობის და გაზის მსხვილი კომპანიები, რომლებიც ცდილობენ კონტრაქტების მოპოვებას ისეთ ადგილებში, როგორიც მაგალითად ლიბიაა, განაცხადებენ, რომ ბრიუსელისთვის მსგავსი ინფორმაციის მიწოდება მათთან მოლაპარაკებებს საფრთხეს შეუქნის.
მაგრამ ეტინგერმა განაცხადა, რომ ინიციატივის მოწონებასთან დაკავშირებით ოპტიმისტურად არის განწყობილი მას შემდეგ, რაც ნაციონალურმა ლიდერებმა საერთაშორისო ენერგეტიკული გარიგებების უფრო ცენტრალიზებული მართვის იდეას დაუჭირეს მხარი. მან ასევე განაცხადა, რომ ევროკომისია სანდოა ისეთ საკითხში, როგორიცაა კომერციულად მგრძნობიარე შემთხვევების დროს კონფიდენციალურობის დაცვა.
შარშან, ევროკავშირის ხელმძღვანელობა დიდი ყურადღებით ადევნებდა თვალს იმას, რომ პოლონეთს და რუსეთს „იამალის“ გაზსადენზე სხვა ოპერატორობიც დაეშვათ. ამ გაზსადენს ნაწილობრივ ფლობს რუსული „გაზპრომი“ – მონოპოლისტი ბუნებრივი გაზის ექსპორტში.
რუსეთის და ევროპის ურთიერთობა ენერგეტიკულ სექტორში უკვე დიდი ხანია რაც საკმაოდ არეულ-დარეულია.
რუსეთი ევროპას მოხმარებული გაზის დაახლოებით მეოთხედს აწვდის. მაგრამ ბოლო წლებში ეს მიწოდებები რამდენჯერმე შეწყდა იმ დავების გამო, რაც რუსეთს მის მეზობლებთან, მაგალითად უკარაინასთან აქვს. ამას შუა ზამთარში ევროპის ზოგიერთ ნაწილში გაზის სერიოზული დეფიციტი მოჰყვა.
რუსეთს და უკრაინას შორის დაძაბულობა შენარჩუნებულია, მაგრამ ეტინგერის თქმით, მიუხედავად ამისა, დამდექ ზამთარში გაზის შესაძლო გათიშვაზე „არანაირი განსაკუთრებული მოლოდინი“ არ არსებობს.
მაგრამ ევროპული ხელისუფლება კვლავ ავითარებს Nabucco-ს გაზსადენის მშენებლობის გეგმებს. ეს გაზსადენი ბუნებრივ აირს ევროპას კასპიის რეგიონიდან, რუსეთის გვერდის ავლით მიაწვდის.
ოთხშაბათს ეტინგერმა კიდევ ერთხელ მოუწოდა ევროკავშირის ქვეყნების მთავრობებს, მიანიჭონ მას მანდატი აზერბაიჯანს და თურქმენეთს შორის ტრანსკასპიური გაზსადენის ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებებში. ეს მილსადენი უკიდურესად მნიშვნელოვან ინსტრუმენტად უნდა იქცეს Nabucco-ს დატვირთვის საქმეში. მაგრამ კასპიის რეგიონში რუსეთსაც დიდი ხანია რაც გავლენა აქვს და იქიდან ბუნებრივი გაზის მიღება მასაც უნდა.
ეტინგერმა ასევე აღნიშნა, რომ მომავალში მან შეიძლება მოითხოვოს ანალოგიური მანდატები ისეთი შემთხვევებისთვის, როდესაც ევროკავშირი დამოკიდებული იქნება ბლოკის მიღმა არსებულ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე, როგორც ეს არის მაგალითად Desertec-ის (ჩრდილოეთ აფრიკაში მზის და ქარის ენერგეტიკის სფეროსთან დაკავშირებული პროექტი) შემთხვევაში.
Desertec-ის მიზანია ევროკავშირის ელექტრო-საჭიროებების 15%-ის დაკმაყოფილება, იმ მაღალძაბვიან სადენებში გადაცემის გზით, რომელიც ხმელთაშუა ზღვის ქვეშ გაივლის.
ევროკავშირის ჩინოვნიკებმა განაცხადეს, რომ კონტრაქტების შესახებ მოლაპარაკებები ბლოკის დონეზე გააიოლებს მზის ენერგიის სფეროს პროექტებში ინევესტიციების უსაფრთხოების უზრუნველყოფას ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა ტუნისი, ლიბია, მაროკო და ალჟირი.
foreignpress.ge