აფხაზური სააგენტო „აპსნი პრესის“ ინფორმაციით, აფხაზეთში რუსეთის სამხედრო ბაზაზე საარტილერიო დანაყოფების ინტენსიური წვრთნა მიმდინარეობს.
წვრთნები მცირე საარტილერიო პოლიგონზე ტარდება, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე იმიტაციური საშუალებებით და საბრძოლო ვითარებასთან მაქსიმალურად მიახლოებულ გარემოს ქმნის. სამხედროები ეუფლებიან ბრძოლისთვის აუცილებელ უნარ-ჩვევებს. მათ ამეცადინებენ დაზვერვის წარმოებასა და მიზნის კოორდინატების განსაზღვრაში. წვრთნები ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემის „გრადის“ მეშვეობით ტარდება.
სამხედროები აბარებენ ინდივიდუალურ ნორმატივებს გეოდეზიურ, მეტეოროლოგიურ და ბალისტიკურ მომზადებაში.
ზაფხულის წვრთნების ხანგრძლივობა 800 სასწავლო საათია. სექტემბრის დასაწყისში, სწავლების ფინალურ ეტაპზე, რუსეთის სამხედრო ბაზის არტილერისტები ტაქტიკურ წვრთნებს საბრძოლო სროლაში, კრასნოდარის მხარეში, გაივლიან.