საარჩევნო ბლოკის „ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნება“ ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი შალვა შავგულიძე, ვაჟა-ფშაველას მე-6 და მე-2 კვარტლის მცხოვრებლებს შეხვდა.
ამ უბნების მოსახლეობამ, ძირითად პრობლემად პრობაციონერების სიმრავლე და პირობითი სასჯელის არაადეკვატური ხანგრძლივობა დაასახელა. გარდა ამისა, დიდი პრობლემაა უმუშევრობა, მძიმე სოციალური ფონი და ისეთი საყოფაცხოვრებო საკითხები, როგორიცაა კორპუსებს შორის შიდა გზების ცუდი მდგომარეობა, სკვერების და ბავშვებისთვის სათამაშო მოედნების არარსებობა.
„პრობაციის საერთაშორისო სტანდარტი 2, მაქსიმუმ 3 წელია, საქართველოში კი, 5, 6 და 8 წლიანი პრობაციონერიც კი მინახავს. ეს ხელისუფლება ცდილობს ამგვარი მეთოდებით გამუდმებულ შიშსა და მორჩილებაში ამყოფოს მოსახლეობა, რადგან ასეთი საზოგადოების მართვა ადვილია. სამართლიანობის პრინციპზე დაფუძნებული მართლმსაჯულების მოპოვება -აი, ეს არის ჩემი და ჩვენი საარჩევნო ბლოკის ერთერთი უმთავრესი მიზანი და როდესაც ქვეყანაში ყველა უსამართლოდ გადაწყვეტილი საქმე გადაიხედება და სამართალი იზეიმებს, ყოველი ამგვარი პრობლემა ეტაპობრივად მოგვარდება.
ჩვენი ძალა ჩვენს სიმრავლეშია, ყველანი უნდა მივიდეთ არჩევნებზე, დავანახოთ ამ ხელისუფლებას რამდენი ვართ, შევახსენოთ, რომ ჩვენ მხოლოდ დასათვლელი ხმები არ ვართ. ჩვენ ვართ საზოგადოება, ვისაც უფლება აქვს გააკეთოს თავისუფალი არჩევანი და შემდეგ დაიცვას საკუთარი ხმა“- განაცხადა შალვა შავგულიძემ.
გამარჯვების შემთხვევაში, შალვა შავგულიძე მოსახლეობას ყველა მათ მიერ დასახელებული პრობლემის მოგვარებას დაპირდა.