კოალიცია „ქართული ოცნების“ ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ვიქტორ დოლიძე ლოპოტას ხეობაში მომხდართან დაკავშირებით მწუხარებას გამოთქვამს და ინციდენტის დროს დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს. ამის შესახებ მან დღეს For.ge -ს პრესკლუბში ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს განაცხადა.
„მინდა იმ დაღუპულთა ოჯახებს მივუსამძიმრო, რომლებიც ამ ოპერაციების დროს დაიღუპნენ. ძალიან ცუდია, რომ მოვლენების ასეთ განვითარებას ადამიანების სიცოცხლე ეწირება“, - აღნიშნა მან.
დოლიძე აცხადებს, რომ სოფელ ლაფანყურში მომხდართან დაკავშირებით არსებული ინფორმაცია მწირია და ეს ძირითადად ცენტრალური ტელეარხებიდან მიღებულ მასალებს უკავშირდება, ამიტომ მისი თქმით, ამ საკითხზე სიღრმისეული კომენტარის და დასკვნის გაკეთება ამ ეტაპზე წარმოუდგენელია.
„ეს პროვოკაციაა თუ არა, ამის დადგენის საშუალება იმედია მოგვიანებით მაინც გვექნება. ვისურვებდი, რომ ხელისუფლებამ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მეტი საზოგადოების მეტი ინფორმირებულობა უზრუნველყოს“, - განაცხადა მან.
მისივე თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით შესაძლოა თითოეულ ადამიანს საკუთარი მოსაზრება გააჩნდეს, მაგრამ აღნიშნავს, რომ კონკრეტული განცხადებისგან ამ ეტაპზე უმჯობესია თავშეკავება.
„შესაძლებელია, მომხდართან დაკავშირებით მე ჩემი პირადი ეჭვები გამაჩნდეს, მქონდეს მოსაზრებები იმაზე თუ როგორ განვითარდება მოვლენები, რადგან უკვე 2 დღეა მიმდინარეობს ეს ოპერაცია, მაგრამ მე რაღაც მითქმა-მოთქმის დონეზე არ მჩვევია კომენტარების გაკეთება“, - დასძინა მან.