ლაფანყურის ადგილობრივი მოსახლეობის განცხადებით, სოფელ ლაფანყურის მკვიდრი ხუთი ახალგაზრდა, რომელიც მძევლობიდან ქართველმა სამართლდამცველებმა გაათავისუფლეს, ამ დროისთვის უკვე სახლებში იმყოფებიან .
ლაფანყურის მცხოვრებლების თქმით, მათ თავად დაინახეს, რომ ახალგაზრდები უკვე სახლებში იმყოფებიან. სხვა დამატებითი ინფორმაცია მათ არ აქვთ.
ცნობისთვის, თელავის რაიონის სოფელ ლაფანყურიდან ხუთი ახალგაზრდის - ლერი ხუცურაულის, ლევან გარაშვილის, ბესიკ მიჯახკაშვილის, ტატო ღაღოლიშვილისა და თამაზ გამიერაშვილის გაუჩინარების შესახებ, ცნობილი 27 აგვისტოს გახდა. მათი პოვნა 28 აგვისტოს, დაახლოებით 14.00 საათისთვის მოხერხდა.
შეგახსენებთ, რომ საქართველო-რუსეთის საზღვართან დაღესტნის მონაკვეთთან, სადაც შეიარაღებული ჯგუფი იქნა აღმოჩენილი, ანტიტერორისტული ოპერაცია ამ დროისთვისაც მიმდინარეობს.
სპეცოპერაციის შედეგად შსს-სა და თავდაცვის სამინისტროს 3 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. ლიკვიდირებულია 11 დივერსანტი, 6 კი ალყაშია მოქცეული.