უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია ტელეკომპანია „რუსთავი 2“- თან საუბრისას, ლოპოტას ხეობაში მიმდინარე სპეცოპერაციის ინსცენირებად შეფასებას „აბსურდს“ უწოდებს.
ბოკერიას განცხადებით, პოლიტიკური სპექტრის ერთი ნაწილი ყველა კრიტიკულ ვითარებაში უპასუხისმგებლოდ იქცევა და ზოგჯერ უსაფუძვლო და უზნეო განცხადებებს აკეთებს.
მისივე განმარტებით, აღნიშნულ ვითარებას არჩევნებთან არანაირი კავშირი არ აქვს და არჩევნები ჩატარდება იმ დროს, როცა გამოცხადებულია.
„არანაირი კავშირი ამ ვითარებას არჩევნებთან არ გააჩნია. საერთოდ არ ხსენებულა ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მსგავსი რამ, მათ შორის იმიტომაც, რომ ჩვენს სუვერენიტეტს არანაირი საფრთხე არ ემუქრება. ესაა სერიოზული ინციდენტი, მაგრამ არ ნიშნავს, რომ ქვეყანა ვერ ცხოვრობს ნორმალურ რიტმში. საქართველოში ჩატარდება თავისუფალი არჩევნები და მინდა ყველა პოლიტიკოსს და ექსპერტს, მიუხედავად მათი შეხედულებებისა, მოვუწოდო - გასაგებია ინსტიქტი, რომ პოლიტიკოსები და ე.წ. ექსპერტები ცდილობენ, მნიშვნელოვანი მოვლენების დროს რაღაც თქვან, მაგრამ არსებობს მინიმალური სტანდარტი საღი აზრის, პატიოსნების და ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მოთმინების. ხომ უნდა დაელოდო და გაიგო რა ხდება, სანამ ასეთ ხმამაღალ და უსაფუძვლო ბრალდებას წამოაყენებ საკუთარი ხელისუფლების და საბოლოოდ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ?! ესაა სრული აბსურდი! საქართველოში არჩევნები ჩატარდება თავის დროზე და მშვიდ ვითარებაში, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ თუკი იქნება პრობლური ინციდენტი, იქ არ იქნება მობილიზებული ჩვენი ძალები, ჩვენი მოქალაქეებისა და ქვეყნის ინტერესების დასაცავად“, - განაცხადა ბოკერიამ.