[თეონა ხარაბაძე]
საპარლამენტო უმრავლესობა საიას მცდარი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს და „რეპუტაციის აღსადგენად ბოდიშის მოხდას“ ურჩევს. თუმცა, როგორც საიას ხელმძღვანელი აცხადებს მათ არანაირი ცრუ ინფორმაცია არ გაუვრცელებიათ და, შესაძლოა, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის გოკა გაბაშვილის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანონ.
საია გოკა გაბაშვილს საქმიანი რეპუტაციის შელახვაში ადანაშაულებს. როგორც საია-ს თავმჯდომარე, თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, ორგანიზაციის საქმიანი რეპუტაციის შემლახველი იყო გოკა გაბაშვილის მიერ რამდენიმე ტელეეთერში გაკეთებული განცხადება.
შეგახსენებთ, რომ გაბაშვილმა ნიკა კვინტრაძის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა, რომ „ისეთი ორგანიზაცია, რომელის თავს ობიექტურობაზე დებს, მიზანმიმართულ სიცრუეს არ უნდა ავრცელებდეს“ და აღნიშნა, რომ საია-ს ბოდიშის მოხდა მოუწევს.
მისი ეს კომენტარი კი საიას იმ განცხადებაზე გააკეთა, სადაც წარმოდგენილი იქნა ნიკა კვინტრაძის საქმესთან დაკავშირებით ბრიტანული სასამართლო ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც, ნიკა კვინტრაძე გარდაცვალებამდე პოლიციელებს ჰყავდათ დაკავებული.
გოკა გაბაშვილი კი აცხადებს, რომ საიას მიერ გავრცელებული ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და იმასაც აღნიშნავს, რომ მას საია-ს მიერ სასამართლოში სარჩელის შეტანის საკითხი არ აწუხებს.
მაგრამ ფაქტია, რომ არსებობს ბრიტანული ექსპერტიზის ბიუროს მიერ დადებული დასკვნა, რომლითაც 26 მაისს პოლიციელების მიერ დაკავებული პირი ნიკა კვინტრაძეა. ენდობა თუ არა საპარლამენტო უმრავლესობა ბრიტანული ექსპერტიზის ბიუროს და რა მიზანს ემსახურება მათი მხრიდან საიასთვის ბოდიშის მოხდის მოთხოვნა, ამ საკითხებთან დაკავშირებით პრესაჯი.ტვ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელს გოკა გაბაშვილს ესაუბრა.
გოკა გაბაშვილი: სჯობს, საიამ პირველ რიგში თავის რეპუტაციაზე იზრუნოს და პოლიტიკურ თამაშებში არ ჩაერთონ. ისინი იმიჯს სწორედ ასეთი ქმედებებით ილახავენ და აქ ჩემი განცხადება რა შუაშია?
თქვენ ფიქრობთ, რომ საია „პოლიტიკურ თამაშებში“ ჩაერთო და ეს განცხადებაც ამიტომ გაკეთდა?
– რა თქმა უნდა. მე სხვა ახსნას ვერ ვპოულობ. თუ ისეთი მარტივი გარჩევა არ შეუძლიათ, რაც ნებისმიერი ადამიანისთვის არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს ექსპერტიზის გარეშეც კი და მათ ამ თემის პედალირება სურთ, ეს სწორედ იმას ნიშნავს, რომ ძალიან ძლიერია მათი კავშირი გარკვეულ პოლიტიკურ პარტიებთან.
ანუ, საიამ ეს განცხადება პოლიტიკური პარტიის შეკვეთით გააკეთა? რომელ პოლიტიკურ ძალას გულისხმობთ?
– მე არ ვიცი, პოლიტიკური პარტიის შეკვეთით გააკეთეს თუ არა, მაგრამ ამ ფაქტზე მათი ასეთი პედალირება სწორედ მათ პოლიტიკურ თამაშებში ჩართვას ნიშნავს. რაც შეეხება პოლიტიკურ ძალას, ყველამ ვიცით, რომ ყველაზე ძლიერი კავშირი მათ რესპუბლიკურ პარტიასთან აქვთ. მაგრამ კიდევ ვიმეორებ, მე არ ვიცი რა მოტივაცია აქვთ ამ თემის წამოწევით და იმის მტკიცებით, რომ ერთი და იგივე ადამიანია დაღუპულიც და ისიც, ვინც ფოტოზეა. მათ ხომ ძალიან კარგად იციან, რომ ეს ტყუილია.
ასეთი ტყუილის ტირაჟირებით აბსოლიტურად ცხადი გახდა, რომ ეს ყველაფერი პოლიტიკის ნაწილია. ჩვენვის ასეთი რაღაცეები უცხო არ არის – ვითომ უფლებადაცვით საფარქვეშ ადამიანები ჩვეულებრივ პოლიტიკურ საქმიანობას ეწვიან და არ ერიდებიან ტყუილის გამოყენებას ოპონენტის დისკრედიტაციისთვის. ამ შემთხვევაში, როგორც ჩანს, მათთვის ოპონენტი ხელისუფლებაა და ყველა მეთოდი მათთვის მისაღებია. მათ შორის, ასეთი აშკარა ტყუილი.
ამიტომაც ვამბობ იმას, რომ თავად არ უფრთხილდებიან თავის რეპუტაციას და მიზნად აქვთ დასახული არაობიექტური არასამთავრობო ორგანიზაციის ფუნქციის შესრულება.
საიას ეს განცხადება ბრიტანული სასამართლო ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე გაკეთდა. თქვენ ფიქრობთ, რომ ეს ორგანიზაციაც პოლიტიზირებულია და ქართული ოპოზიციური პარტიების ინტერესებს იცავს?
– ადამიანებს აქვთ თვალები, მათ ფაქტების შეაფასება შეუძლიათ და ადამიანი, რომელიც აღბეჭდილია იმ ფოტოზე, რომელზეც საია და მათ მიერ დაკვეთილი ექსპერტიზა ამბობს, რომ მკვდარია, ეს ადამიანი ცოცხალია, საღსალამათია, ინტერვიუს იძლევა და თავის თავი ამოცნობილი ჰყავს. ამ ამბავში ყველაფერი გარკვეულია.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ რა ექსპერტული ბიუროებიც არ უნდა მოიყვანოს და როგორც არ უნდა შეეცადოს, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს, ყველას გვესმის, რომ ეს არის ტყუილი და ამის შესახებ ძალიან კარგად იცოდნენ. მათ შეეძლოთ, მოეძებნათ დოკუმენტები, ენახათ ჩვენებები და კონსულტაციები გაევლოთ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, დაესვათ შეკითხვები. ამის მაგივრად ადამიანებმა საჯარო პრესკონფერენცია ჩაატარეს, რომლის შემდეგაც გამოდის რესპუბლიკური პარტია და ამბობს, რომ ჩადენილია დანაშაული, რომლის ორგანიზებული დაფარვის მცდელობაა.
რესპუბლიკური პარტიისგან და ზოგიერთი პარტიისგან არაფერი არ მიკვირს და არც გამიკვირდებოდა. მაგრამ ორგანიზაცია, რომელიც პრეტენზიას აცხადებს, რომ რესპექტაბელური ორგანიზაცია იყოს, წინასწარ დადგმულ ტყუილში მონაწილეობს, ძალიან არასერიოზულია, არასოლიდურია. თუ იგრძნეს, რომ რეპუტაცია შეელახათ, ძალიან კარგი, იმიტომ, რომ რეპუტაცია მართლა შეელახათ.
თუკი ეს დასკვნა მცდარია და ხელისუფლება ამაში დარწმუნებულია, არ აპირებთ, დაუკავშირდით ამ კომპანიას და განმარტება მოითხოვოთ?
– მე არაფერს არ ვაპირებ, მე იმის პოლიტიკური შეფასება გავაკეთე, რაც ვნახე. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, მოისმინოს ცოცხალი ადამიანის ჩვენება, რომელიც ამ ფოტოზეა გამოსახული, მოისმინოს მამამისის ჩვენება, შეადაროს გარეგნობები და ეს ყველაფერი ცნობილი ფაქტები იყო. მიუხედავად ამისა, რესპუბლიკური პარტიის და საიას მხრიდან უნისონში იმის მტკიცება, რომ სხვა რამესთან გვაქვს საქმე, არის რესპუბლიკური პარტიისა და საიას ერთობლივი მუშაობა ტყუილის გამოყენებით.
მათი ერთობლივი მუშაობა და მათი ერთმანეთთან ახლო კავშირი საიდუმლო არ არის, მაგრამ, არ მეგონა, რომ საია ამდენად შელახავდა საკუთარ ავტორიტეტს და ამდენად გადააბიჯებდა ყველანაირ საღი აზრის პრინციპებს. ეს ძალიან სამწუხაროა.
ეს დასკვნა არ იყო ქართული საექსპერტო დასკვნა, ეს იყო ბრიტანული სასამართლო ექსპერტიზის დასკვნა, მათ რატომ დადეს ასეთი დასკვნა?
– ვერ გეტყვით, მე არა მაქვს არანაირი ინფორმაცია, ბრიტანელებს რა უჩვენეს, რა უთხრეს, ვინ არიან, რას წარმოადგენენ და მართალი რომ გითხრათ, არც მაინტერესებს და ამის გამოძიებას არც ვაპირებ. მე ვიცი ერთი რამ - ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც თავის თავს ასე წარმოაჩენს, რომ მიუკერძოებელი და ობიექტური იყოს, აშკარად ტყუილსა და თაღლითობას იყენებს იმისთვის, რომ ცილი დასწამოს ხელისუფლებას რაღაცაში და ამას 2 საათში იყენებს ერთ-ერთი პარტია, რომელთანაც ეს არასამთავრობო ორგანიზაცია უშუალოდ არის დაკავშირებული.
ის, რომ საიას განცხადებას რესპუბლიკური პარტია გამოეხმაურა, დანაშაულია?
– რა თქმა უნდა, ეს არ არის დანაშაული, მაგრამ ცხადად მიუთითებს მათ იმ პოლიტიკურ გეგმებზე, რაზეც ზემოთ გესაუბრეთ. ვთვლი, რომ ისინი ჩაერთვნენ პოლიტიკურ თამაშში, დაკარგეს საღი აზრის განცდა და უსირცხვილოდ იტყუებიან. ტყუილი არ შეშვენის არავის, მით უმეტეს, არასამთავრობო ორგანიზაციას.
ელექტრიკოსები ამბობენ, რომ თუკი ის ორი ადამიანი, რომელიც სახურავზე გარდაცლილი იპოვეს, მართლა დენის დარტყმით გარდაიცვალნენ, მაშინ დენის დარტყმის მომენტში უნდა მომხდარიყო მოკლე ჩართვა და გათიშულიყო დენი, რაც არ მომხდარა. ეს თქვენ არანაირ ეჭვს არ გიჩენთ?
– არ ვიცი, თქვენ ვინ რა გითხრათ, მაგრამ არ მესმის ამას ამ ყველაფერთან რა კავშირი აქვს.
თქვენ ამბობთ, რომ საიამ ბოდიში უნდა მოიხადოს, საიამ კი, შესაძლოა, სასამართლოში სარჩელი შეიტანოს. თქვენც სარჩელით ხომ არ უპასუხებთ?
– არანაირი სარჩელის შეტანას და საქმის გარჩევას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან მე არ ვაპირებ. თუ სარჩელი შეიტანეს, ამას თავის პროცედურები აქვს, არ ვიცი ამ სარჩელით რას უნდა მიაღწიონ. მე კიდევ ერთხელ ვთავაზობ, - თუ უნდათ, რომ რეპუტაცია მინიმალურად აღიდგინონ, საზოგადოებას ბოდიში უნდა მოუხადონ იმ ტყუილისთვის, რაც ყველა საინფორმაციო საშუალებაში კიდევ ერთხელ გამოჩდა, რომ ტყუილია.
საია ამ ტელევიზიების წინააღმდეგაც აპირებს სარჩელის შეტანას ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის...
– ძალიან კარგი. შეიტანონ მერე. ადამიანი ცოცხალია, ეს ყველამ ნახა და როგორ უნდა დაამტკიცონ, რომ ტელევიზიებში ტყუილი თქვეს, არ მესმის.
სარჩელის საფუძველზე სასამართლოში თუ დაგიბარეს, გამოცხადდებით?
– მე საქართველოს მოქალაქე ვარ, პარლამენტის წევრი ვარ და კანონმორჩილი ადამიანი ვარ. რა თქმა უნდა, გამოვცხადდები, მაგრამ თქვენ გგონიათ, რომ ამ სარჩელს შეიტანენ?
თქვენ არ გგონიათ?
– ვნახოთ. მე ის ვიცი, რომ მათ თქვეს სრული ტყუილი და ამით საზოგადოების დეზინფორმირებას შეეცადნენ. ახლა რაც არ უნდა გააკეთონ, აზრი არა აქვს და მათი რეპუტაციის აღდგენისთვის ყველაზე კარგი გამოსავალი იქნება ის, რომ მათ თქვეს ტყუილი და ბოდიში მოიხადონ.