აღსრულების ეროვნულმა ბიურომ კოალიცია ქართული ოცნების წინააღმდეგ ჯარიმის შემდგომი აღსრულება გადადო. როგორც ბიუროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, 2 859 717 06 ლარის ნაცვლად, მათ აღსრულება მხოლოდ 122 000 ლარზე განახორციელეს. აღსრულების ბიურო კი საზოგადოებას დაჰპირდა, მისი შემდგომი ნაბიჯების შესახებ, საქმის კურსში ჩააყენებს.
„აღსრულების ეროვნული ბიურო, სააღსრულებო სამართალწარმოების შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, ახორციელებს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილების აღსრულებას. აღნიშნული გადაწყვეტილების თანახმად, პოლიტიკური კოალიცია "ქართულ ოცნებაში" შემავალ მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანებებს "საქართველოს რესპუბლიკური პარტია", "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო", "ეროვნული ფორუმი", "ჩვენი საქართველო-თავისუფალი დემოკრატები", "საქართველოს კონსერვატიული პარტია", "მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს" და ააიპ "საზოგადოებრივი მოძრაობა ქართული ოცნება", ჯარიმის სახით, სოლიდარულად დაეკისრათ 2 859 717 06 ლარის გადახდა.
დღეის მდგომარეობით, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ, კოალიციის ანგარიშების დაყადაღების გარეშე, აღსრულება განახორციელა 122,000 ლარზე, რაც დაკისრებული ჯარიმის მხოლოდ მცირე ნაწილია. მიუხედავად ამისა, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციის გათვალისწინებით და კრედიტორ - სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან კონსულტაციის საფუძველზე, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ მიიღო გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების გადადების შესახებ. აღსრულების ეროვნული ბიურო მიაწვდის საზოგადოებას ინფორმაციას აღნიშნული სააღსრულებო წარმოების პროცესში გადადმული შემდგომი ნაბიჯების შესახებ". –ნათქვამია აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.