უკანონოდ მოჭრილი ხე-ტყის ერთ-ერთი განთავსების ადგილიდან, რომლის გადაღების დროსაც სტუდია GNS-ის გადამღები ჯგუფი სცემეს, ამჟამად ხის მასალები გააქვთ. „კვირის რეპორტაჟის“ ჟურნალისტის განცხადებით, არ არის გამორიცხული, რომ არალეგალური საწარმოს მეპატრონეები კვალის წაშლას ცდილობდნენ.
სტუდია GNS-ის ჟურნალისტ ვასილ დაბრუნდაშვილს და ოპერატორ ბაჩო ბულისკერია პირველი დახმარება ახმეტაში, საავადმყოფოში აღმოუჩინეს. ძალოვანები ამჟამად მათ დაკითხვას და ამ მიზნით ახმეტის პოლიციაში გადაყვანას გეგმავენ.
ნანა ლეჟავას საავტორო გადაცემა „კვირის რეპორტაჟის“ გადამღებ ჯგუფს თავს უცნობი პირები დღეს, საღამოს დაესხნენ. იმის მიუხედავად, რომ გადამღებმა ჯგუფმა საპატრულო პოლიცია გამოიძახა, პოლიციის თანამშრომლები შემთხვევის ადგილზე არ მისულან, საავადმყოფოში კი, საათნახევრის დაგვიანებით მივიდნენ.
შეგახსენებთ, სტუდია GNS-ის ჟურნალისტი ვასილ დაბრუნდაშვილი და ოპერატორი ბაჩო ბულისკერია ახმეტაში დღეს, გვიან საღამოს სცემს. დამტვრეულია ვიდეოკამერა, რომლითაც გადამღები ჯგუფი მუშაობდა.ნანა ლეჟავას საავტორო გადაცემა „კვირის რეპორტაჟის“ გადამღები ჯგუფი, რაიონში ხე-ტყის უკანონო ჭრის შესახებ რეპორტაჟის მოსამზადებლად იყო ჩასული. ბიზნესს შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნები მფარველობენ.
„რამდენიმე უცნობი პირი დაგვესხა თავს. ოპერატორი საშინლად არის ნაცემი, დამტვრეულია კამერა. რამდენიმე ადამიანი ბაჩოს გამეტებით ურტყამდა წიხლებს. თავის დარწევა ძლივს მოვახერხეთ“, - განუცხადა From.ge-ს ჟურნალისტმა ვასილ დაბრუნდაშვილმა.